საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ჩაის საკრეფი მანქანის გამომგონებლის შალვა კერესელიძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ეს არაა ჩინეთი, არც ტაილანდი... ეს ბედკრული საბჭოთა საქართველოა. ეს მანქანებიც საქართველოშია დამზადებული. მისი დამპროექტებელი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი შალვა კერესელიძეა, ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. მისი ბიოგრაფია ვიკიპედიაში არ არის შეტანილი. მისი დაკრძალვის გამო დამკრძალავი კომისია არ შექმნეს“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.
შალვა კერესელიძე დაიბადა სოფელი უწერაში (ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი).
1943-1949წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1949-1954წწ. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად; 1955-1962წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორად; 1962-1971წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე და პრობლემური ლაბორატორიის უფროსი; 1971-1975წწ. სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სამეცნიერო და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; 1975 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიების ლაბორატორიას; მისი ძირითადი შრომები ეხება ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციას. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962); ინჟინერ-მექანიზატორი, კონსტრუქტორი.