logo_geo
გიორგი კეკელიძე: შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ… ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან
- +

26 აგვისტო. 2020. 21:57

 

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაღუპული 11 წლის ბიჭის ამაბავს Facebook პოსტით გამოეხმაურა. გიორგი კეკელიძე წერს, რომ პრობლემა არა ერთი ადამიანის სისასტიკეშია, არამედ იმაში, რომ ირგვლივ მოძალადე უამრავი ადამიანი ცხოვრობს.

 

„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. იმ პატარა ბიჭის უბუდურების მიღმა, მთავარი ამბავი ის გახლავთ, რომ ჩვენგან დაგმობილი სასტიკი კაცი ვერ არის ერთადერთი. სამწუხაროდ, ვერ არის. ერთადერთი კი არა, ათასთა შორისაა. ეს ათასები ირგვლივ დადიან და გვიღიმიან. მერე ჩვენსავე თვალწინ ,,წამოარტყამენ” ხოლმე პატარებს ან თმებში წვდებიან. ,,არ უჯერებს” და ,,რა ქნან?”

 

ჩვენ ვდუმვართ. ან ეგებ ცოდვა გამხელილი სჯობს და იგივეს ვაკეთებთ. რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, კიდევ კარგი, ვერ გაუბედავს, მაგრამ დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი – ეტყობა მათ თვალებს, ძალიან ეტყობა გაუგებარი და ბოროტი სასჯელი. ახლამოწვერილი ოცნებების შეშინება და დაფრთხობა წკეპლით – ყველაზე დიდი დანაშაულია გულუბრყვილო მოტივით, თითქოს ასე უკეთეს ადამიანებს ვზრდიდეთ. შიშით დამჯერ ადამიანებს – საბოლოოდ, ან საცოდავებს, ან გაბოროტებულებს.

 

დიახ, შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან. ჩემზე და შენზე უკეთესები“ – წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს, 11 წლის ბიჭი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ბრალდებული, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაკავებულია, გარდაცვლილი ბავშვის მამაა – ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ მამა არასრულწლოვან შვილს ხშირად სცემდა და ბავშვმა, სავარაუდოდ, ძალადობას ვეღარ გაუძლო.

 

ოჯახის ნათესავები კი ეჭვობენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო. მოკლეს თუ თავი მოიკლა – ეს ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

 

 

 

big_banner
არქივი