logo_geo
ზურა შევარდნაძე: ვაი თქვენს დღეს და თქვენს პირის გემოს...
- +

8 სექტემბერი. 2020. 02:44

 

 

„გარდენია შევარდნაძის“ დამაარსებელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მისი ბავშვობიდან, პატარა ეპიზოდს იხსენებს, რომელიც ერთ-ერთი ყურძნის ჯიშს უკავშირდება:

 

„არა ადესა ქვიაო, არა იზაბელაო..

 

ველურია, ყურძნების კატალოგშიც არ შედისო, თხემლის ხეზე აგყავთ და გიდლით კრეფთო, ეს რა ყურძენია რას გავს, არც წვენი უვარგა და არ ყურძნად უქნია ღმერთსო..

 

ვუსმენ მორჩილად ამდენ მოჩრიტინეს და ვფიქრობ ჩემთვის, ვაი თქვენს დღეს და თქვენს პირის გემოს...

 

არცერთი არ მირჩევნია, არც სურნელით, არც გემოთი და არც არაფრით. იმდენი სიხარული და სიყვარული მაკავშირებს თვალის გამოხელიდან დღემდე ვერაფერი ვერ შეცვლის, ტყუილად არ შემომედაოთ.

 

მოსაკრეფად ბაბუა ნადს იხმობდა, ნადისთავსაც დანიშნავდა, საკლავსაც დაკლავდა.

 

ჩვენ ბაღნებს გიდლის მცლელებად დაგვნიშნავდენ. ხეზე ასული კაცი გიდელს, რომ გაავსებდა რიხიანად, ნიშნის მოგებით, ამაყად და მთელი სოფლის გასაგონად დეიძახებდა ოი გიდელიო გიდელიიი..

 

კანაფის ბაწარს ბოჯიყაში გადმოადებდა და გამოუშვებდა, გიდელი ჩამოცურდებოდა ფხაწაფხუწით ბოლებს შვა, კუშტულს ფეხის ტერფზე დევიდებდით და შავ მტევნებს გოდორში ფრთხილად ჩუუძახებდით. ცარიელი გიდლის ღაღვირს მარყუჟში გამოვდებდით და ავძახებით: შვიდობით ჩამოი.. ეს ნიშნავდა ასწიე შენი გიდელი. ხეზე ასულ კაცს მარო არ დავტოვებდით, ასე ვიყავით დარიგებული..

 

 მზიდავებს მოკრეფილი ყურძენი ქუხნის ჩამოხურულაში მიქონდათ დიდ თელის საწნახელში ყრიდენ. საწნახელი დიდ ბაბუას მირიანს ზოტიდან ჩამოუტანია ხარებით ომში წასვლამდე, ამიტომ ბაბუა განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. ღვინის დაწურვის მერე გულჩაღმა გადააბრუნებდა და გააშრობდა. ზამთარში დემირა ვაშლებს და ხეჭეჭურს ინახავდა ბებია ქურჩენასთან ერთად.

 

ნაშუადღევს მზიდავები შეეცვლებოდენ მკრეფავებს. ზოგი ხიდან ოცი, ოცდაათი გიდელი ყურძენი ჩამოდიოდა დილას ასული კაცი სადილობამდე ან მოკრეფდა ერთ ხეს ან ვერ.

 

ბებია და ბაბუა მხოლოდ ამ დროს თუ მინახავს ერთმანეთთან ხმაამაღლებული.

 

-გეყოფა ქალო, ნუ გამუართვი სული და გული, დატიე რაცხა მაგ საწნახელში.

 

-მაცალე ელანძე შენი ჭირიმე და ხაზირია.

 

ბებია ჩქარობდა და საფელამუშე ტკბილს მაინც იმდენს იღებდა რანმდენი ჭურჭელიც ქონდა გამზადებული. ჩვენ გვიჩიოდა ჩუმად, მასხრობს ბებია, ფელამუში ჩემზე უფრო მაგას უყვარს თვარა რავა მომცემდა ერთ წვეთს.

 

ერხანს მოილხენდენ მეზობლის კაცები, ხვალინდელ მშვიდობიან  დღეს და  ხვავრიელ კრეფას უსურვებდენ ერთიმეორეს, დაწყება საიდან ჯობდა დათქვამდენ და დაიშლებოდენ. დიდხანს, დიდხანს იდგა ადესის მაჭრის და დადუღებული ტკბილის სურნელი ქუხნაში“, - წერს ზურა შევარდნაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი