logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: შეხვედრები ოთარ ეგაძესთან #2
- +

10 სექტემბერი. 2020. 16:51

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში დრამატურგ და ჟურნალისტ ოთარ ეგაძეს (1913-1995) მონათხრობს აქვეყნებს.

 

„ეს მოხდა 29 დეკემბერს 1994 წელს. მას შევხვდი პეტრიაშვილის ქუჩაზე. მის სახლამდე ერთად ვიარეთ. მაინტერესებს მიხეილ ვადბოლსკის წიგნის ჰერალდიკური სიმბოლიკის ამბავი. ვკითხე და დაიძაბა. ჩაიცინა და მკითხა: საიდან იცი ეს წიგნიო? 9 წლის ვიყავი, მამას ეს წიგნი რომ ათხოვეს. მას აკლდა გვერდები. მამამ მანახა და დანანებით მითხრა: ფურცლები ამოუჭრიათო, თავადური გვარების ისტორიები იყოო. მათ შორის ჩვენი გვარიო. დამამახსოვრდა. გზაზე არ მითხრა არაფერი. ალბათ ფიქრობდა, ვუთხრა თუ არაო. მეც აღარ ვკითხე. მერიდებოდა. სახლში რომ ავედით, კვლავ დავუსვი კითხვა. ოდნავ შეცვლილი ფორმით. დაიწყო: მიხეილ ვადბოლსკის ომის პერიოდიდან ვიცნობდი, აგიტ პლაკატებს გვიხატავდა, ზოგჯერ ღამეს გაათენებდა და დილას უკვე ქუჩაში იყო გაკრულიო. ინტელიგენტი იყო. როცა გამომცემლობაში დავიწყე მუშაობა, დავუბეჭდე ეს აგიტპლაკატები ალბომში „ხიშტით და კალმით“. ერთ დღეს გამოსაცემად მომზადებული წიგნი მომიტანა, მთელი ჩემი ცხოვრება ვაგროვებდი ქართულ ჰერალდიკურ ნიშნებს ძველ ისტორიულ ძეგლებზე, საფლავებზე, ხელნაწერებზეო. მომეწონა. ქაღალდი მქონდა, 140 ტონა, აქედან 80 ტონა მარტო ცარცის. დავიტოვე, მოვამზადეთ და გამოვეცით ორ ენაზე ტექსტით. ეს იყო უნიკალური წიგნი მაშინ. ჰერალდიკის თვალსაზრისით და ქართულ გვართა ისტორიით დაინტერესებულთათვის. წიგნს დამატების სახით ჰქონდა ცნობები საგვარეულო გერბების ტარების უფლების მქონე ქართული გვარების შესახებ. გვ. 37-46. ეს ქართული ტექსტი და რუსული ტექსტი გვ. 81-90.

 

მეგონა, ხალხი კარგად მიიღებდა ამ გამოცემას. მივიღე ის, რომ წიგნის აკინძვის პერიოდში მიბარებენ ცკ-ში.

 

გავარკვიე, რომ მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიაში გადარეულია. ეს ტირაჟი უნდა განადგურდეს. მივედი ამ მდივანთან. მთელი საუბრის შედეგი ის იყო, რომ მეორე დღეს ჩემს სამსახურში მან გამოგზავნა ქალები და მთელი ტირაჟი ამოჭრეს. მერე ნაწილი განადგურდა. მაღაზიებში ამოჭრილი გაიყიდა.

 

ერთი სიტყვით, ბატონი ოთარი ყველაფერს მომიყვა ვადბოლსკის წიგნის ისტორიაზე, მაგრამ არ ამბობს იმ ცენტრალურ იდეოლოგზე, რომლის ბრძანებითაც ეს ვანდალიზმი მოხდა. სახლში რომ მივედი, ამ შეხვედრის ამბავი ჩავიწერე რვეულში, მამას მოვუყევი, პირდაპირ მითხრა: ჟიული შარტავაა! ერთი კვირის თავზე მივადექი ბატონ ოთარს სახლში. პირდაპირ ვუთხარი: ამ ჟიული შარტავას არ შეეცოდა ეს წიგნი-მეთქი? გამომხედა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა აფეთქებულიყო: კარიერისტი იყო, კარიერისტი. მის კარიერას არაფერი არ უნდა გადაღობოდა. გააცამტვერებდა. მეც კარიერისტი ვიყავი, მაგრამ რაღაც არსებობს კარიერის გარდა. თითქოს ვიღაც მეუბნებოდა - ეს შენი გასაკეთებელიაო. ბეწვის ხიდზე სიარული არ შეიძლება, მაგრამ თუ გინდოდა საქმის გაკეთება, უნდა გაგერისკა. ასეთი ცხოვრებით იცხოვრა და ბოლოს ნამდვილი გმირობით დაასრულა სიცოცხლე. მისი აღსასრული ვინც არ უნდა ქექოს, ერთ ხინჯს ვერ უპოვნის შარტავას, გმირი და გმირობა. ბევრი მინახავს, მთელი ცხოვრება ეროვნულ საქმეების კეთებაშია და ბოლოს ნიორივით აყროლდება. მას კი პარტიული დემაგოგობიდან გმირობამდე გზა ჰქონდაო. გარშემო გუნდრუკის მკმეველები??? - ასე მიწერია და ვერ გავიგე.

 

აქ თავდება ჩემი ჩანაწერი ვადბოლსკის წიგნზე“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 


 



 

 

 

big_banner
არქივი