logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ეს იყო ბატონი ოთარ ეგაძე...
- +

10 სექტემბერი. 2020. 11:30

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში დრამატურგ და ჟურნალისტ ოთარ ეგაძეს იგონებს და წერს: 

 

„გპი-ს სტუდენტი ვარ. მივდივარ დიდუბის პანთეონის წინ. ვიფიქრე, შევალ  დასათვალიერებლად-მეთქი. შევედი. არავინაა. მარტო საფლავები... შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის რამდენიმე საფლავზე არსებული ძეგლი. ერთ საფლავთან კაცი დავინახე ხელში ქუდით. საფლავი ნატო ვაჩნაძის იყო... მეც გავჩერდი. დაიხურა ამ კაცმა ქუდი და დაიძრა გასასვლელისკენ. დამამახსოვრდა ეს კაცი. მასთან მეორე შეხვედრა წიგნის მაღაზიაში მოხდა. ვიცანი. მესამედ აფხაზეთის ომის ტრაგიკულად დამთავრების დღეს „იმელიდან“ გამომავალი დავინახე... თავისებური მიხვრა-მოხვრით სიარული იცოდა. ცუდი შედარება, მაგრამ ფიცხელა რომ მიდის „წუნა და წრუწუნაში“. რაღაც ყარაჩოღულად. მოიხედა ჩემკენ და მომესალმა, ქუდიც მოიხადა. გამომელაპარაკა, გვარი მკითხა, ოთარის ვინ ხარო, წიგნზე ვმუშაობდი და სახლში მივდივარო. მე ვახსენებ, რამდენიმე წლის წინ გნახეთ დიდუბის პანთეონში-მეთქი. შემომხედა. ნატო ვაჩნაძის საფლავთან იდექით-მეთქი. სიმბოლური საფლავია. მხოლოდ ხელის მტევანი არის დაკრძალული, ბრასლეტით ამოიცნესო. კარგად ვიცნობდიო, კინემატოგრაფიის მინისტრობისასო. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო. უამრავი საინტერესო ამბავი მომიყვა. დროც უცბად გავიდა. ფეხით მივაცილე სახლამდე. „ბიგ ბენთან“ დავემშვიდობე. ტელეფონი ჩაიწერა ჩემი. თქვენი თაობა სულ სხვა მოცემულობაში ცხოვრებას ითხოვს. სიმართლის გზა შეიძლება მოლიპული აღმოჩნდეს, მოცემულობა ყურადსაღებიაო...

 

რამდენიმე დღის შემდეგ ტიმოთეს ბუკინისტურ მაღაზიაში შემოვიდა. მიესალმა ტიმოთეს. ისიც ფეხზე წამოუდგა. ორჯონიკიძის თხზულებათა ორტომეული იყიდა და მეც გამიმძღვარა. სახლამდე კითხვებს ვუსვამდი. სახლთან რომ მივედით, შემიპატიჟა სახლში. ქალიშვილს, რომელმაც კარი გაუღო, ჩემი თავი გააცნო, შემიყვანა თავის სამუშაო ოთახში. იქ თავისი გამოცემული ალბომები მანახა: „დავით გურამიშვილი“, „შუშანიკის წამება“, ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, ერთი წიგნი გამოვეცით: ვადბოლსკის ავტორობით „გერალდიკური სიმბოლიკა“ და ტირაჟი გამინადგურესო, ერთიც კი არ მაქვსო. ახლა მსურს შენთან ერთად ვივახშმოო. მადა არ მაქვს და თუ უარს არ მეტყვი, შენთან ერთად სიამოვნებით ვივახშმებო. უხერხულობა მომეხსნა. ქალიშვილმა სუფრა გააწყო და მამას თქვენობით მიმართა: სუფრა მზადაა, ბატონო მამა. ეს იყო ერთადერთი ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა მამას შვილი ასე მიუმართავს. რამდენიმე დღეში ეს წიგნი მოვიპოვე და მივუტანე. გაიხარა. როცა გარდაიცვალა, დაკრძალვიდან წამოსულს ჯაბა იოსელიანი შემხვდა „ივერიის“ მოპირდაპირედ, რუსთაველზე, წიგნის გამოწერის მაღაზიის გვერდით, ანტიკვარულ მაღაზიაში შედიოდა. თუმცა, ეს სხვა ამბავია... მაგრამ ერთი მახსოვს, იმ საღამოს სახლში რომ მივედი, მამამ მითხრა: ჯაბა ციხეშიაო. გამიკვირდა. აქ იმიტომ ვყვები, რომ მინდა ხაზი გავუსვა: მისი დაკრძალვის დღეს ჯაბა დაიჭირეს. დაკრძალვის პროცესიაც საინტერესო იყო ყველა მის ამბებს იხსენებდა: ეს იყო ბატონი ოთარ ეგაძე“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი