logo_geo
დავით კალანდია: აი, ასეთი ამბავი გამახსენდა, გიორგი ვაშაძეზე რომ წავიკითხე...
- +

13 სექტემბერი. 2020. 13:00

 

 

პუბლიცისტი დავით კალანდია გიორგი ვაშაძის მიერ გიორგი გახარიას დებატებში გამოწვევის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„პრესის ფურცლებიდან:

გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას დებატებში იწვევს

. . .

გამახსენდა:

ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი და პატარაობის გამო მეგონა, რომ გავიზრდები, აუცილებლად მინისტრი გამოვალ-მეთქი.

 

გავიზარდე და მივხვდი, რა სისულელეა მინისტრობა. ახლა აბრამოვიჩობა მინდა, მაგრამ ეროვნება არა მაქვს შესაბამისი.

 

გადავუხვიე. თანაც მინისტრობის სურვილი არაფერ კავშირშია იმასთან, რისი გახსენებაც მინდა.

 

ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი და ანატოლი დუროვის ცირკი ჩამოვიდა თბილისში.

 

გრძელი მატარებლით.

 

ცხოველები ცირკში გადაიყვანეს, მაგრამ სპილოს გადასაყვანი ტრაილერი გაფუჭდა და იმხელა ცხოველი ფეხით მიყავდათ.

 

მიდიოდა დინჯად, ლამაზად, დიდებულად, ხორთუმს აქეთ-იქით იქნევდა და ფიქრობდა რაღაც თავისას, სპილოურს.

 

ამ დროს საიდანღაც გამოუხტა ერთი ფინია.

 

გადაიგრიხა კუდი, შეხტა, გაწიწმატდა და გამწარდა. შეუღრინა, შეუყეფა...

 

მისდევს, ახლოს არ მიდის, ეშინია, მაგრამ მაინც მისდევს.

 

სპილო კი მიდის თავისთვის, ზედ არ აფურთხებს, ყურს არ უგდებს, მძიმედ მიაბიჯებს, მხოლოდ ასფალტი იზნიქება მისი წონის ქვეშ.

 

ფინია კი იხევა ნაკერავზე, ყეფს და ყეფს.

 

ვერ მოვითმინე, მივედი ფინიასთან და შევეკითხე:

 

- რას მასხარობ? მებრალები, შე საწყალო, ვერ ხედავ, ყურადღებას არ გაქცევს და ტყუილად რად იღლები?

 

ფინიამ ორი წამით შეწყვიტა ღრიალი და მიპასუხა:

 

- მეც კი ვხედავ, რომ არ მაქცევს ყურადღებას, თორემ ეს რომ არ ვიცოდე, განა გავუბედავ ყეფას? რა მაკლდება, შორი-ახლოს ასე ყეფით რომ მივდიო? ვინც შემხედავს, ასე იტყვის: მარჯვეა და გულადიო!

 

აი, ასეთი ამბავი გამახსენდა, გიორგი ვაშაძეზე რომ წავიკითხე“, - წერს დავით კალანდია.

 

 

big_banner
არქივი