logo_geo
დავით ჭელიძე: დღეს 99 წელი შეუსრულდებოდა „ლელოს“ პირველ რედაქტორს მიხეილ კაკაბაძეს
- +

16 სექტემბერი. 2020. 15:37

 

 

 

ჟურნალისტი დავით ჭელიძე „ლელოს“ პირველ რედაქტორს მიხეილ კაკაბაძეს სოციალურ ქსელში იხსენებს.

 

„დღეს 99 წელი შეუსრულდებოდა დიდებულ ჟურნალისტს, „ლელოს“ პირველ რედაქტორს, ჩემი თაობის უბადლო მასწავლებელს მიხეილ კაკაბაძეს. ბატონი მიშა, ძია მიშა - როგორც ცხონებული ავთო გურასაშვილი უწოდებდა, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა და ეს იყო ყველა თაობის უდიდესი ტრაგედია. და ეს ედუარდ შევარდნაძის სინდისზეა!

 

არაჩვეულებრივი სკოლა იყო...

 

აგერ, უკვე ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე, სად აღარ მიმუშავია, მაგრამ დღემდე ღმერთის მადლიერი ვარ, რომ კაკაბაძისეულ „ლელოში“ მოვხვდი. უმაღლესი სასწავლებელი ახალი დამთავრებული მქონდა, ეგ იყო, რადიოში ვიმსახურე სულ რაღაც შვიდი-რვა თვე. იმ მკაცრი, თითქმის სალდაფონურად უხეში ტელე-რადიოკომიტეტის შემდეგ სამოთხეში ამოვყავი თავი! ერთ ოჯახად ცხოვრობდა „ლელო“, ყველანი თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. ქალიან-კაციანად ყველა იმას ცდილობდა, როგორმე რაიმე ესიამოვნებინა მეორისთვის. საუზმეც ერთი იყო და სადილიც, სიხარულიც და წუხილიც. ნომერზე მუშაობისას გაზეთის მორიგე და კორექტორი, რედაქტორთან ერთად, ღამეებს ათენებდნენ და მეორე დილით მაინც სიხარულით მოდიოდნენ რედაქციაში. ხმამაღალ სიტყვას ვერ გაიგონებდით, სიცილსა და ლხინს – იცოცხლე.

 

ბატონ მიხეილ კაკაბაძეს ტექნიკური მდივანი არა ჰყოლია და, რა თქმა უნდა, არც თანამშრომლების გამოსაძახებელი ზარი ჰქონდა გაყვანილი, თუ ვინმე დასჭირდებოდა, ადგებოდა ეს ამხელა რედაქტორი, მოგაკითხავდა, სიყვარულით გაგკენწლავდა და კაბინეტში შეგიძღვებოდა.

 

უნდა გენახათ, რა სიფაქიზით ეპყრობოდა ტექსტს, როგორ ჩაჰკირკიტებდა... მუდამ ხალისითა და სიყვარულით ასრულებდა უძნელეს სარედაქციო სამუშაოს, ენერგიას არ ზოგავდა, თავად იღვწოდა მასალის მოპოვებისთვის, თვითონვე ასწორებდა, მუდამ ანგარიშს უწევდა მკითხველის მოთხოვნას, ცდილობდა, გაზეთი მრავალფეროვანი და ცოცხალი ყოფილიყო. გასაოცარი იყო, კარგა გამობრძმედილი კორექტორივით როგორ პოულობდა უმნიშვნელო კორექტურას! სტამბაში ზეთ-საღებავებით ამოთითხნილები ვათენებდით-მეთქი ღამეებს (აბა, იმ დროს კომპიუტერი სად იყო, ლინოტიპზე იწყობოდა მასალები და ლითონის ჩარჩოში კაბადონდებოდა გვერდები)... სანამ უკანასკნელ კორექტურას არ ჩაასწორებდა, გაზეთის დაბეჭდვაზე ხელს არ მოაწერდა (მაშინ ასეთი წესი იყო), რამდენჯერმე კითხულობდა ერთსა და იმავე გვერდს. ბოლომდე მიჰყვებოდა გაზეთის გამოშვების მეტად რთულსა და ძნელ პროცესს. როგორც უნდა დაგვიანებულიყო, უსათუოდ დაუცდიდა გაზეთის ბეჭდვის დაწყებას, პირველ ნაბეჭდ ეგზემპლარს თვითონვე დახედავდა და შეამოწმებდა. უყვარდა ეს საქმე!

 

განრისხებული მიშა კაკაბაძის ნახვა თუ გინდოდათ, გაზეთში შეცდომა უნდა აღმოგეჩინათ. დილაობით, გაზეთის მომავალი ნომრის დაგეგმვის დროს, ტელეფონის ზარისა გვეშინოდა, ვიცოდით, უთუოდ დათუნა (ბატონი მიშას უმცროსი ვაჟი, მშვენიერი ჟურნალისტი, მაშინ სკოლის მოსწავლე იყო) რეკავდა. კირკიტა თვალი ჰქონდა, არ შეიძლებოდა, რაიმე უზუსტობა ან შეცდომა გამოჰპარვოდა...

...„ლელოში“ ახალი მისული ვარ და გაზეთის თითქმის მთელ გვერდზე ერთი კარგი წერილი გავაშანშალე, ყოველ შემთხვევაში, მე კი მომწონდა და სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებდა! მოსწავლეთა სპარტაკიადის საკალათბურთო ტურნირს ვაშუქებდი. ეფექტურად დავიწყე, მახსოვს, ერთ-ერთი მატჩის ბოლო მონაკვეთიდან, ერთი სიტყვით, თავს ვიქებ და მერე როგორ! ის იყო ჩემი პირველი დიდი წერილი და, ამავე დროს, საუკეთესო. და ბუნებრივია, კარგ ჰონორარსაც ვუმიზნებდი. არადა, კაპიკები მერგო. ვიფიქრე, ალბათ რაღაც შეცდომაა და პასუხისმგებელ მდივანთან გავარკვევ-მეთქი (მათ ებარათ ეს ყოვლად არასასიამოვნო საქმე – ჰონორარის გამოწერა), ბატონმა არჩილ გოგოლაშვილმა გადაფურცლა საჰონორარო ნომრები და... ელდა მეცა – ჩემი ნაქები წერილი გადახაზული დამხვდა!

 

თუმცა, ხშირად მქონდა ნახსენები საკალათბურთო ანგარიში, კალათბურთელი, კალათბურთის მწვრთნელი და ასე შემდეგ, იმის აღნიშვნა დამვიწყებოდა, რომ შეჯიბრება მოსწავლეთა სპარტაკიადის პროგრამით იყო გათვალისწინებული და რომ გუნდები სწორედ კალათბურთში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და არა ფრენბურთში ან ჰოკეიში. იქნებ წერილს დართულმა რუბრიკამაც მომიდუნა ყურადღება, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რა შეჯიბრება ტარდებოდა.

 

რედაქტორს არ გამოვუძახივარ, არ დავუტუქსივარ, არც გაფრთხილება-საყვედური მოუკერებია. ხმაც არ გაუღია – ჰონორარი შემიკვეცა და მორჩა! აი, ერთ-ერთი მეთოდი (რომელსაც მთელი საბჭოთა სისტემა უარყოფდა და ებრძოდა) პროფესიონალის აღსაზრდელად და ჩამოსაყალიბებლად. მას შემდეგ ლამის ოცდაათი წელიწადი გავიდა და სანამ სათვალე არ დამჭირდა, შეცდომა რაა, კორექტურაც არ გამპარვია.

 

ბატონი მიშა ხაზგაუსმელი მზრუნველობით ეპყრობოდა ახალბედა ჟურნალისტებს და სამსახურებრივი მოვალეობის პირველ სიძნელეებს უზადო ტაქტით უადვილებდა. ახალგაზრდებისთვისაც, ისე როგორც ყოველი თანამშრომლისთვის, იგი იყო უაღრესად მომთხოვნი, მკაცრიც კი, მაგრამ ისეთი ადამიანური სითბო ახლდა მის სიმკაცრეს, რომ შეურაცხმყოფელი არასოდეს ყოფილა. მუდამ გვაგრძნობინებდა თავისი მოთხოვნის სამართლიანობას. ჩვენ რედაქტორს არ ჰყვარებია განყენებული დარიგებანი და ნოტაციები, მისი შენიშვნები მუდამ კონკრეტული და საქმიანი იყო, ამიტომ უფრო სასარგებლო და ეფექტიანი. იგი თვითონვე იყო მაგალითი ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის – პატიოსნებით, პრინციპულობით, გულითადობით, კაცობით, საქმის სიყვარულით. საოცარი უნარი ჰქონდა, ეს თვისებები ახალგაზრდებისთვისაც ჩაენერგა. იგი თავისი პირადი მაგალითით ზრდიდა ახალგაზრდობას.

 

...საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ჩემპიონატი მიმდინარეობდა. თუ კარგად მახსოვს, მგონი ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ჩვენი საქვეყნოდ ცნობილი ჩოგბურთელი და ნიჭიერი ახალგაზრდა დადგნენ. გაუჭირდა ფავორიტს, იმ დღეს აშკარად აჯობა უსახელო ახალგაზრდამ, მაგრამ მსაჯებმა იმდენი ქნეს, „ლოგიკა“ არ დაარღვიეს, გამარჯვება თავიანთ, და არა მარტო თავიანთ, მთელი საქართველოს კერპს მიაკუთვნეს.

 

ახალგაზრდა ვარ და ცხენიც შეკაზმული მყავს. ამიტომაც არაფერი დამიმალავს და მსაჯების ამ აშკარა უნამუსობაზეც დავწერე. უნდა გენახათ, რა აურზაური მოჰყვა ამ სტატიას, ჩოგბურთის ფედერაციის თავკაცებმა რედაქციაში გამოგზავნილ წერილში მკაცრი განაჩენი გამომიტანეს.

 

რედაქტორმა წვრილად გამომკითხა, რა მოხდაო და დამამშვიდა, ნუ გეშინია, ამისთანა რამ ვის არ გადაგვხდენიაო. და მართლაც, თავად მიხეილ კაკაბაძისთვის რა ინსტანციიდან არ შეუტევიათ, რომელი ჩინოვნიკის თუ ცეკას მდივნის რისხვა არ დასტეხია თავს! ჩემმა რედაქტორმა მახვილი მოიმარჯვა და როგორც ჭეშმარიტად ღირსეულ რედაქტორს და პიროვნებას შეშვენის, მხარში ამომიდგა, ლამის თვითონ დამიწერა საპასუხო წერილი და ყველა მომხდურს ხმა ჩააკმენდინა. არადა, ჩოგბურთის ფედერაცია იმ დროს ერთობ ელიტარული იყო და მასთან ბრძოლა არცთუ იოლი.

 

...1975 წლის ზაფხულში ათენში ევროპის ახალგაზრდა მძლეოსანთა ჩემპიონატი იმართებოდა. გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები პირველად გადიოდნენ საბერძნეთში. ამ დიდ ფორუმზე, ისიც ათენში, წასვლის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ და გაზეთ „ლელოს“ რედაქტორმა მიხეილ კაკაბაძემ კანდიდატურის არჩევა ახალგაზრდობიდან გადაწყვიტა და ეს არჩევანი მე მერგო.

 

მოსკოვში რომ მივფრინავდი, გამაფრთხილეს, რუსებს ჩვენებური კონიაკი უყვართ და საკავშირო სპორტკომიტეტის შესაბამისი განყოფილების უფროსს პატივი ეციო. იოლი საქმე იყო. სამწუხაროდ, მოსკოველი ჩინოვნიკის გვარს ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ჩემ ამბავთან ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ამის განზოგადება ყველა სფეროში შეიძლება.

 

რამდენჯერმე შევთავაზე, ერთად ვისადილოთ-მეთქი, ახლა არ მცალია, საღამოსო, მიპასუხებდა. სპორტკომიტეტში დილას მისულ ახალგაზრდა კაცს საღამომდე რა გამაძლებინებდა და რამდენჯერაც გავედი ქუჩაში, იმდენჯერ დათქმული დროისთვის ვეღარ მივბრუნდი უკან. მერე კი ის კაცი რამდენიმე დღე არ მისულა სამსახურში (თეთრი ცხელება ჰქონია) და ამასობაში საბერძნეთში წასვლის დღეც დადგა.

 

ფული თავიდანვე გადახდილი მქონდა, მეგონა, ყველა საბუთი წესრიგში იყო, ოღონდ, როგორც იქ მატყუებდნენ, თბილისიდან რაღაც ქაღალდი იგვიანებდა. შევშინდი და ბატონ მიშას დავურეკე. მთელი ჩვენი სუკი და საგარეო საქმეთა სამინისტრო შეუწრიალებია, პარასკევს შუადღეზე შეწუხებულმა დამირეკა, მოსკოვში მაიმუნობენ რაღაცას და ახლავე იქაც დავრეკავო, მაგრამ ვერავინ დაიჭირა, არადა, საღამომ მალე მოაწია, მეორე დილით კი ჯგუფი საბერძნეთისკენ იღებდა გეზს. „კეთილმოსურნე“ რუსებმა შემომთავაზეს, რადგან იმ საბუთის ჩამოსვლას საშველი არ დაადგა, შენს მაგივრად სხვას გავუშვებთ, შენ კი სასწრაფოდ ბანკიდან ფული გამოიტანე, თორემ შაბათ-კვირა მოდის და ორშაბათამდე მოსკოვში მოგიწევს ყურყუტიო.

 

რომ ჩამოვედი, მერეღა ამიხსნეს, რომ ელემენტარულად, სპორტკომიტეტის გარდერობში უნდა დამეტოვებინა ძღვენი და იმ ჩინოვნიკისთვის ნომერი მიმეცა. საბჭოეთის დედაქალაქში რომ მაგზავნიდნენ, უფროსმა კოლეგებმა ვერ გაითვალისწინეს, ახალბედა ჟურნალისტს რუსთა მომადლიერების ასეთი ხერხი რომ არ მეცოდინებოდა.

 

ვერ აგიწერთ, როგორ წუხდა ბატონი მიშა, ათენში გამგზავრების მაგივრად თბილისში რომ დავადექი თავს, ჩემი „გაუნათლებლობის“ გამო აქეთ მიბოდიშებდა.

 

„დანაშაულის გამოსყიდვას“ მომდევნო წელს ჩემი პოლონეთში, „სპორტოვეცის“ რედაქციაში გაგზავნით აპირებდა. ამ ცნობილი სპორტული გაზეთის თანამშრომლები „ლელოში“ გვეწვივნენ და ახლა საპასუხო ვიზიტით ბატონი არჩილ მხეიძე და მე უნდა წავსულიყავით, მაგრამ ჩვენ წაუსვლელობას ვინ ჩივის, თავად მიხეილ კაკაბაძეს გამოუჩხრიკეს რაღაც სისულელე და „ლელოს“, და როგორც მერე გაირკვა, საერთოდ პრესას მოაშორეს.

 

არ გეგონოთ, რომ მიხეილ კაკაბაძეს სხვა ცხოვრება არა ჰქონდა, რედაქციის, გაზეთს გარეთ არ გაუხედავს. უამრავი მეგობარი და ახლობელი ჰყავდა და არც ლხინს გაურბოდა, არც ძეობა-ქორწილს, მაგრამ... უსათუოდ რედაქციაში უნდა მიბრუნებულიყო, ამ საქმის ღალატი წარმოუდგენელი იყო.

 

ზემოთ „სპორტოვეცთან“ დაკავშირებული ამბავი გავიხსენე, პოლონელები გვესტუმრნენ-მეთქი.

 

ის ორი უცხოელი კოლეგა შინ მოვიპატიჟე. დიდი თხოვნის მერე, როგორც იქნა, ჩვენი რედაქტორიც დავითანხმე, ორიოდ საათით სადილზე მწვეოდა. ამ „ურთულეს ოპერაციაში“ არაჩვეულებრივი პიროვნება და უბადლო ჟურნალისტი, ჩვენი უფროსი მეგობარი ნოდარ გუგუშვილი დამეხმარა. თუმცა...

 

სუფრას მივუსხედით. როგორც მასპინძლებს სჩვევიათ, ბატონმა მიშამ, ნოდარმა, არჩილ მხეიძემ დაიწყეს სტუმრების გართობა, ათასნაირი ამბების მოყოლა. ღვინოს წრუპვა-წრუპვით მიირთმევდნენ, არსად ეჩქარებოდათ, ლაღობდნენ, დროს ატარებდნენ.

ერთადერთი, ვინც ჯერ შეუმჩნევლად, მერე კი უკვე თითქმის ხაზგასმით ნერვიულობდა, მიშა კაკაბაძე იყო. პოლონელები მეორე დღეს გვტოვებდნენ და უპატივცემულოდ ხომ არ გავუშვებდით, ამიტომაც ჩვენი თავშეყრა სამუშაო დღეს დაემთხვა.

 

ცოტა ხანში ბატონი მიშა, ისე, რომ სუფრის წევრები არ შეეწუხებინა, წამოდგა, მაგრამ შეუმჩნეველი ვის დარჩებოდა. თუმცა იფიცებოდა, მაკეტებს დავხედავ და უსათუოდ დავბრუნდებიო, არ გავუშვით. მამაჩემმა შესთავაზა, დათო გააგზავნე და მაკეტები მან ჩამოიტანოსო, მაგრამ ბატონმა მიშამ თავი მოიკლა – შენი სტუმრები არიან და სად უნდა წახვიდეო!

 

გამოსავალი ვიპოვეთ – რედაქციაში დაგვერეკა და პასუხისმგებელი მდივნისთვის გვეთხოვა, რედაქციის მანქანით წამოსულიყო და მასალები ჩამოეტანა. ნამდვილად ვეღარ ვიხსენებ, დავრეკეთ და მაკეტები ჩამოიტანეს თუ არა (ეგებ კიდეც მოვიდნენ, მაგრამ რედაქტორს რაღაც არ მოეწონა, მაინცდამაინც რედაქციაში ჩასასწორებელი გახდა), ეს კი იყო, რომ ბატონი მიშა იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა და შუა ქეიფიდან წასულიყო. „მძევლად“ ნოდარი და არჩილი დაგვიტოვა. სული და გული ჩვენთან, თავის მეგობრებთან დარჩა, მაგრამ გაზეთის, ანუ მკითხველის ღალატი არაფრისდიდებით არ შეიძლებოდა – მიხეილ კაკაბაძე ამას არ დაუშვებდა!...

 

... ბატონი მიშა და მე ერთ უბანში ვცხოვრობდით და ხანდახან ერთად მივდიოდით სამსახურში №42 ავტობუსით, და არა მისი პერსონალური მანქანით. პატარა ბიჭივით შეახტებოდა ხოლმე ეგრეთ წოდებულ „პაზიკს“. მაგრამ მანამდე, იქვე, ავტობუსის გაჩერებასთან მდგარ საგაზეთო ჯიხურში აუცილებლად იყიდდა საგანგებოდ მისთვის შენახულ „ლელოს“ (თორემ ისე, 10 საათისთვის სადღა იშოვიდი!), რაღაცნაირი მღელვარებით გადაფურცლავდა ხოლმე, თითქოს დამწყები ავტორია და თავის პირველ წერილს ეძებსო...

 

... აუცილებელი და სავალდებულო პარტიის კრებებს სულ სიცილ-ხითხითში ვიწყებდით, თანდათან კი „ვსერიოზულდებოდით“ და პარტკომის მოხსენების შემდეგ ამ დროს სარედაქციო თათბირისთვის ვიყენებდით.

 

...სტუმრებს არ იკითხავთ? გამოჩენილი თუ ახალგაზრდა მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები (მარჯანიშვილის თეატრის გვერდით ვცხოვრობდი და ნახევარი დასი „ლელოში“ გავიცანი), თავისთავად სპორტსმენები, ვინ მოთვლის... ჩქეფდა სიცოცხლე და კეთდებოდა გაზეთი – მერე რა გაზეთი! როგორი საყვარელი ყველა თაობის მკითხველისთვის, რამდენი გულშემატკივარი ჰყავდა, რამხელა ტირაჟი ჰქონდა!..

 

მიუხედავად იმისა, რომ მოცულობით პატარა გაზეთი იყო, ბატონი მიშა ნომერს არ გამოტოვებდა, რეგიონების სპორტული ცხოვრება არ გაეშუქებინა. „ლელოს“ საქართველო კითხულობდა! მთელი ქვეყანა რომ შემოგევლო, შუადღეზე უზარმაზარი ტირაჟის ერთ ეგზემპლარსაც ვერსად მიაგნებდი.

 

სოფლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი. თელავში, თუ არ ვცდები, საქართველოს სპორტსკოლების ხელბურთელთა ჩემპიონატის დახურვის შემდეგ „ლელოს“ მკითხველებთან ერთგვარი კონფერენცია მოვაწყვე, რა თქმა უნდა, რედაქტორის დავალებით. მიხეილ კაკაბაძე უკვე წასული იყო რედაქციიდან და ახალი რედაქტორი მობრძანდა და იმან დამავალა. კრებებისა და თათბირების ეპოქა იყო და ვშიშობდი, ვაითუ შეხვედრაზე ხალხი არ მოვიდეს-მეთქი. არ მოვიდეს კი არა, საკმაოდ ვრცელ დარბაზში ნემსი არ ჩავარდებოდა. მკითხველი ხომ თავის გაზეთთან, კაკაბაძის მიერ დატოვებულ „ლელოსთან“ შესახვედრად მოვიდა! არაჩვეულებრივად თბილი და საინტერესო საღამო გამოვიდა...

 

ერთი სიტყვით, კაკაბაძის დროინდელი „ლელო“ ახალგაზრდა კაცისთვის არაჩვეულებრივი სკოლა იყო კაცობისა, მეგობრობისა, საქმის სიყვარულისა, პროფესიონალიზმისა!

 

ვინც ბატონ მიშას იცნობდა, არ შეიძლებოდა არ მოეხიბლა მის ადამიანურ უბრალოებას. ამ მომხიბლავ უბრალოებას ვგრძნობდით ყველგან – მასთან პირად ურთიერთობაშიც, სამსახურშიც... ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, როგორც ტოლს, ისე გვეპყრობოდა, მაგრამ ღირსების ისეთი გრძნობით, რომ ეს ურთიერთობა ფამილარობაში არასოდეს გადაზრდილა და პატივისცემის საჭირო ბარიერი არასოდეს მოშლილა. მთელი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა, მასთან ურთიერთობა. ამიტომ ვიხსენებთ ჩვენ პირველ მასწავლებელს დიდი მადლიერების გრძნობით მისი აღზრდილები...“ - წერს დავით ჭელიძე.

 

 

 

big_banner
არქივი