logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: ვახტანგ ნინუა ნუთუ არ იმსახურებდა დიდუბის პანთეონში დაკრძალვას?
- +

22 სექტემბერი. 2020. 13:34

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი ლეგენდარულ ქართველ მსახიობ ვახტანგ ნინუაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ნუთუ არ იმსახურებდა დიდუბის პანთეონში დაკრძალვას?

 

ვახტანგ ნინუა

 

1916 წლის 19 სექტემბერს დაიბადა (ქ.ბაქო, აზერბაიჯანი) გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ ნინუა. მამამისი, დავით ნინუა, შეძლებული პიროვნება იყო. მას ბაქოში ორი ნავთობსარეწი და კონიაკის ქარხანა ჰქონდა, სადაც თავისი სახელობის კონიაკს უშვებდა.

 

ვახტანგ ნინუამ 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა. მანამდე სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. მეორე მსოფლიო ომის დროს თბილისის საავიაციო ქარხანაში ცვლის უფროსად მუშაობდა; 1946 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში; 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც. გადაღებულია ფილმებში: „დაგვიანებული სასიძო“ (1939), „ქალიშვილი ხიდობნიდან“ (1940), „გაზაფხული საკენში“ (აგრონომი, 1950), „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (სატვირთოს მძღოლი, 1954), „ჩრდილი გზაზე“ (შაქრო, 1956), „ოთარაანთ ქვრივი“ (1957), „მაია წყნეთელი“ (ჯემალა, 1959), „უდიპლომო სასიძო“ (ნიკოლოზი, 1961), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (დარაჯი, 1965), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (თავადი ავთანდილი, 1965), „განგაში“ (დურმიშხანი, 1968), „ღიმილის ბიჭები“ (პარმენი, მასწავლებელი, 1969), „ჩარი რამა“ (აბესალომი, 1972), „თვალი პატიოსანი“ (1976), „ყვარყვარე“ (1978) და სხვა.

 

მსახიობმა პირველი მეუღლე ნატალია ინაშვილი ფილმ „ბედნიერი შეხვედრის“ გადაღებების დროს ქობულეთში გაიცნო, ნატალია კავშირგაბმულობის სამინისტროს თანამშრომელი იყო, შეძლებული, მაგრამ რეპრესირებული ოჯახის შვილი. წყვილი 30-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, ვახტანგმა მეორე მეუღლე - მეგი კვერენჩხილაძე შეირთო, რომელიც ასევე ქობულეთში გაიცნო და პირველ ცოლთან განქორწინებამდეც ჰქონდა ურთიერთობა. პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ეყოლა - მარიკა და მანანა, მეორედან - ვაჟი, ოთარი.

 

ვახტანგ ნინუა პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა 1982 წლის 30 დეკემბერს, 66 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. გარდაცვალებამდე მსახიობი ამბობდა, რომ მას მთავრობა დიდუბის პანთეონში დაკრძალავდა, მაგრამ მეორე მეუღლის, მეგის გადაწყვეტილებით, ვახტანგ ნინუა დიდუბის პანთეონის ნაცვლად საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ მეგისთვის (თვითონ ასე იფიქრა) დიდუბის პანთეონში ადგილს არ გამოყოფდნენ“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი