logo_geo
ჯაბა ხუბუა ილო ბეროშვილზე: მკვლევარი, თუ მკვლელი? სიაფანდური ბოდიშია
- +

25 სექტემბერი. 2020. 23:38

 

 

 

მსახიობ ილო ბეროშვილის მიერ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნათქვამის გამო ბოდიშს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: მექანიკური ფორთოხალი. ილო ბეროშვილმა, გურამ შარაძის გამო, ბოდიში რომ მოიხადა, იმას არმოხდა ჯობდა.

ზედ ეტყობა, რომ სიაფანდური ბოდიშია და ვერსიაც, რომელიც ,,მექანიკური შეცდომის" გასამართლებლად მოიტანა, ძალზედ უბადრუკია.

შევაწუხებ ენტონი ბერჯესს - ,,მექანიკური ფორთოხალის" ავტორს და ბეროშვილის მცდელობას, საკუთარი ,,მექანიკური შეცდომა" როგორმე გაამართლოს, ,,მექანიკურ ფართხალს" დავარქმევ.

შარაძე ბერბიჭაშვილში ამერიაო; რადგან ბერბიჭაშვილი ილიას მკვლელია, შარაძე კი ილიას მკვლევარი იყო, მექანიკურად დამცდაო!

ჯერ ერთი, ილიას მკვლელი და ილიას შემოქმედების მკვლევარი ერთმანეთში ვერაფრით აგერევა. შესაძლოა, ორი მკვლელი აგერიოს ერთმანეთში, ან ორი მკვლევარი, მაგრამ მკვლელი და მკვლევარი აგერიოს, ეგ ყოვლად შეუძლებელია.

მეორეც, გვარები - შარაძე და ბერბიჭაშვილი - ბგერწერულად სულ ოდნავ ახლოს მაინც უნდა იყოს ერთმანეთთან, რომ ერთმანეთში აგერიოს. შარაძის მაგივრად მექანიკურად შეიძლება, წამოგცდეს, მაგალითად, შავაძე, შარვაძე, შარაშიძე, შარაშენიძე... ბერბიჭაშვილის მაგივრად შეიძლება, წამოგცდეს, მაგალითად, ბერიშვილი, ბეროშვილი, ბერბერაშვილი, ბერძენიშვილი ან სულაც ქიბროწაშვილი, მაგრამ ბერბიჭაშვილის მაგივრად ვერანაირად წამოგცდება შარაძე, ან პირიქით - შარაძის მაგივრად ენაზე ბერბიჭაშვილი ვერ მოგადგება.

რაც მთავარია: როცა ბეროშვილს ჰკითხეს, ყველაზე ცუდ ქართველად ვინ მიგაჩნიაო, მან სიტყვა-სიტყვით ასე უპასუხა: ,,ცხონებული გურამ შარაძე."

თუ მას ილიას მკვლელი ბერბიჭაშვილის თქმა უნდოდა, წინ სიტყვა ,,ცხონებულს" არავითარ შემთხვევაში არ დაურთავდა. ,,ცხონებულ ბერბიჭაშვილს" არ იტყოდა.

ამის მიხვედრას დიდი ფსიქოანალიტიკოსობა და ფროიდობა სულაც არ სჭირდება.

ჩემი აზრით, ბეროშვილს არავითარი ,,მექანიკური შეცდომა" არ მოსვლია. მან თქვა ის, რასაც ფიქრობდა.

მიუხედავად ამისა, ვისაც გსურთ, შეგიძლიათ, მისი ბოდიში მიიღოთ.

პირადად მე ვერ მივიღებ!

აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!

ვურჩევ ილო ბეროშვილს, მექანიკური ფართხალი აღარ გააგრძელოს, თორემ, რაც მეტს იფართხალებს, უფრო მეტად გაიხლართება.

 

 

 

 

big_banner
არქივი