logo_geo
ირმა გიგანი: დაბადების დღეს გილოცავ, ბა!..
- +

30 სექტემბერი. 2020. 19:59

 

 

ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში ბაბუას იხსენებს.

 

„ჩვენი სამზარეულო მიყვარს.

ბევრი საუბარი მოუსმენია, ემოციითაც გაძეძგილა, საშინლად მიმზიდველია მთელ სახლში ეს ადგილი.

 

ოთახებიდან გამოვდივართ და ზუსტად ვიცით, სად უნდა შევიკრიბოთ.

 

ჩაი სულ არის, შემონახული ზამთრის მურაბაც იქნება, კუთხის მაგიდა სულელური, თავდაჯერებული ყვავილით, ძალიან პუტკუნა ლინდა (ძაღლი) და ჩვენც აქ ვართ.

 

მე და ბაბუს „კოდი“ ზარი გვქონდა.

კარებზე ზარი რომ ირეკებოდა ზუსტად იცოდა, რომ მე ვიყავი-

- ჰოუუუუუ , ჰოუუუუუ, მოვდივარ, მოვდივარ!

 

რანაირად ხდებოდა, რომ სამ წამში ჟრიამული იდგა სახლში, არ ვიცი, კარს მიღმა მეცინებოდა და ღილაკს თითს არ ვუშვებდი, სანამ კარს არ გამიღებდნენ.

 

მაქსიმალური სიჩქარით მოდიოდა კართან, მძიმე, შეუპოვარი ნაბიჯებით, მაგრამ ვერავინ დაასწრებდა კარის გაღებას.

 

დღეს მთელი დღეა დავდივარ, დავდივარ, დავდივარ... არაადეკვატურად ბევრს დავდივარ. ტვინში, თავში, ჩემს სამზარეულოში ვარ და ჩემს თავს ვუყურებ მაგიდასთან მჯდომს ბაბუსთან ერთად.

 

- რას აკეთებ? - მეკითხება.

- Facebook-ზე ვარ.

- ეგ კაი რამეა, ხო?

- ხან კი, ხან არა.. ახლა კი! შენი ლექსი დავდე და ნახე, რამდენმა ნახა, სიყვარულს გიგზავნიან!

 

ძალიან გაუხარდა..

 

-ხოო? მერე, მეც შემიქმენი ეგ..

 

გავოცდი და თან გამეღიმა..

- კარგი, შეგიქმნი. რასაც დაწერ, ყველას შეეძლება ნახოს. აზრები, ლექსები..

 

ძალიან მოსწონდა ბაბუს ეს სივრცე. უფრო სწორად, მოსწონდა, რომ არსებობდა ასეთი სივრცე. მთავარია, რომ არსებობს, ბევრი ცუდი მოაქვს, ბევრი კარგი, მაგრამ არსებობს, თავისუფალი სივრცე.

 

სივრცე სწორი და კარგი სიტყვაა, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე, მწერლობაში თუ ცხოვრებაში სივრცისკენ ილტვოდა. რთულ, ძნელ დროს დაიბადა, სადაც ხშირად სიტყვას და აზრს ისეთ სივრცეში გამოხატავდა, სადაც ეს ლტოლვა და ჰაერი ისჯებოდა.

 

თვითონ ჰქმნიდა სივრცეს და აუცილებლად აზიარებდა, განგრევას ცდილობდა, ხან გამოსდიოდა, ხან არა, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა და ამით ცხოვრობდა.

 

- ესე იგი, მე რომ დავწერო, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ, სულ ყველას შეეძლება ნახვა და წაკითხვა?? - აციმციმებული, ბედნიერი თვალებით მეკითხება

 

- კი, ბა!

- მთელ დედამიწას??? (ეცინება)

- მთელ დედამიწას!

 

მთელი დღეა ვწრიალებ, დავდივარ, დავდივარ. ბურთით ყელში.

 

საბოლოოდ, ყველანი ერთ დიდ სივრცეში არ ვართ? უსასრულო, ამოუცნობ, ამომწურავ სივრცეში.

აქ თუ იქ.

 

ჰოდა, მეც ვწერ, უბრალოდ სივრცეში -

დაბადების დღეს გილოცავ, ბა. ძალიან მიყვარხარ“, - წერს ირმა გიგანი.

 

 

big_banner
არქივი