logo_geo
ნინო მიქიაშვილი: მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის და თოჯინების მუზეუმის... გაერთიანების წინააღმდეგ!
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:20


 

„როგორც იქნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან პასუხი მივიღეთ, მოსარჩელეებმა - მე და მამუკა ნოზაძემ. 27 მაისს გასაჩივრებულ შუამდგომლობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძემ განჩინება 5 ოქტომბრით დაათარიღა და 18 ნოემბერს ფოსტით გამოგვიგზავნა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ახალი სამუზეუმო გაერთიანების წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით წერს.


„საქმე ეხება ახალი სამუზეუმო გაერთიანების წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ ბრძოლას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე (მარტსა და აპრილში) თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ გამოცემული განკარგულებებით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, სოსო წერეთლის მემორიალური ბინა-მუზეუმი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი და თოჯინების მუზეუმი გაერთიანდა.

 

მე და მამუკა ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ და ხსენებული განკარგულებების ბათილად ცნობა მოვითხოვეთ. პარალელურად, სასამართლოს შუამდგომლობა წარვუდგინეთ და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე განკარგულებების მოქმედების შეჩერება მოვითხოვეთ.

 

ჩვენი შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ჩვენ გასაჩივრების უფლება გვქონდა და 27 მაისს კერძო საჩივრით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გავასაჩივრეთ. ჰოდა, 27 მაისს შეტანილ კერძო საჩივარზე პასუხი ახლა მივიღეთ.

 

ახლა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოპასუხეები არიან: თბილისის მერია და საკრებულო. მოსარჩელეები, როგორც გითხარით, მე და მამუკა ნოზაძე ვართ. თუ ეს გაერთიანება თქვენთვისაც ისევე მიუღებელია, როგორც ჩვენთვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ და სხდომებს დაესწროთ.

 

ისე, მე და მამუკა უკვე წლებია მიჩვეული ვართ პროცესებზე მარტო ყოფნას: შსს-ს წინააღმდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ..." - წერს მიქიაშვილი.

 

 


 

big_banner
არქივი