logo_geo
გია მურღულია: შესაძლოა, საერთო ძალისხმევამ ამ იდეის განხორციელება შეგვაძლებინოს...
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:28



ექსპერტი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომლითაც თბილისის მერიას უნდა მიმართონ,  დედაქალაქში მოეწყოს მხატვრული ორგანიზებული სივრცე:



„როგორც შევთანხმდით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს თბილისის მერიას წინადადებით, რომელზეც აქ ვსაუბრობდით ბოლო 2-3 დღის განმავლობაში. წერილი, შესაძლოა, ასეთი იყოს:

 

„ჩვენ, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, მოგმართავთ წინადადებით, დედაქალაქში გამოიძებნოს შესაფერისი ადგილი და მოეწყოს მხატვრულად ორგანიზებული სივრცე, რომელშიც შესაბამისი შემოქმედებითი ფორმით (ქანდაკება, ბარელიეფი, არქიტექტურული კონცეფცია ან სხვა) წარმოდგენილნი იქნებიან ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში გაიაზრეს და განახორციელეს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პრინციპები და გადაწყვეტილებები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ისტორიულ წარმატებას და განაპირობეს ცხოვრების წესი და მიზანდასახულობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

ამავე მხატვრული ფორმით უნდა აისახოს მათი განუმეორებელი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს უნდა იყოს სივრცე, რომელიც განასახიერებს ზოგადად ქართულ იდეას - საქართველოს სულიერ და პოლიტიკურ რაობას. ეს სივრცე, ასევე, უნდა გამოხატავდეს ჩვენი მოქალაქეების შეთანხმებულად აღიარებულ ღირებულებებსა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობის მდგრად საფუძვლებს.

 

თუკი მერია ამ წინადადებას გაიზიარებს და გამოცხადდება კონკურსი, დარწმუნებულნი ვართ, მოიძებნება ასეთი სივრცის მხატვრული გააზრების ფორმა და თბილისს შეემატება ერთი ისეთი ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ქართველი ხალხის მენტალური კონსოლიდაციის, ჩვენი წარსულის, დღევანდელობისა და განვითარების ადეკვატური აღქმის თვალსაზრისით და მომავალში იქცევა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი შეხვედრებისა თუ ღონისძიებების სივრცედ.

 

თბილისის მერიის მხრივ იდეის მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი კონცეფციის შემუშავებასა და საკონკურსოდ წარდგენის საქმეში".

 

რა თქმა უნდა, ეს წერილის განსახილველი ვერსიაა და შეიძლება შეიცვალოს - უფრო დაკონკრეტდეს და დაიხვეწოს.

 

ამ იდეის გულშემატკივრებს ვთხოვ, აქვე წარმოადგინონ ამ წერილის შეფასებაც და წინადადებებიც მის გასაუმჯობესებლად.

 

ასევე გთხოვთ, დაადასტუროთ იდეის მხარდაჭერა მოსახერხებელი ფორმით („მხარს ვუჭერ", „მომწონს იდეა", „კარგი აზრია" ან, უბრალოდ, „+").

 

ჯერ განვიხილავთ იდეის განხორციელების შესაძლებლობას. ამის მომდევნო ნაბიჯი იქნება მისი შინაარსის დაზუსტება (რომელ ადამიანებსა და იდეებს ავსახავთ) და მხატვრული კონცეფციის შერჩევა კონკურსის წესით.

 

საინიციატივო ჯგუფის სახელით ხელმოწერის მსურველებს ვთხოვ, დამიკავშირდნენ აქვე.

 

მომდევნო კვირის დასაწყისში წარმოდგენილ (იმედია, თქვენი მონაწილეობით დახვეწილ) წერილს თბილისის მერიაში მივიტანთ.

 

ყველა თანამოაზრეს დიდ მადლობას მოვახსენებ. შესაძლოა, საერთო ძალისხმევამ ამ იდეის განხორციელება შეგვაძლებინოს", - წერს გია მურღულია სოციალურ ქსელში. 


 

big_banner
არქივი