logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ესე ამბავი კირიონის პორტრეტის ნახვისა, ოდეს „ვეფხისტყაოსანს“ ვეძებდი...
- +

16 ოქტომბერი. 2020. 16:20

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი კირიონ კათალიკოსის პორტრეტის აღმოჩენის ისტორიაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ვისაც გახსოვთ ძველი პლეხანოვი თავისი ჭადრებით, გემახსოვრებათ კინოთეატრი „აპოლო“, მის წინ კი ბუკინისტური მაღაზია. ეს მაღაზია 1981 წელს პატარა იყო, შემდეგ გააფართოვეს. მაღაზიის გამგე რუსულენოვანი ქალბატონი იყო, მგონი, ვალია ერქვა (უშვენიერესი ქალიშვილი ჰყავდა, აღვნიშნავ იმიტომ, რომ ჩემს ამ მაღაზიაში ქექვის შედეგზე მოქმედებდა, კონცენტრირებას მაკარგვინებდა და ერთი სული მქონდა, გავცლოდი იქაურობას. შემდეგ გზაზე იყო პროცესი „გულო ჩადექ საგულესა“. ეს იყო 1997 წელს. 26 წლის ვიყავი. ბიბლიოთეკაში ახალი მისული ... დეკრეტულის ნაცვლად მომუშავე. დირექტორიც ახალი დანიშნული გვყავდა - ბატონი ალეკო კარტოზია.

 

სამსახურის მერე ამ ბუკინისტურ მაღაზიაში შევედი და მშვენებაც დედამისთან ერთად მაღაზიაში დგას. გამყიდველს შავებში ჩაცმული ქალი ელაპარაკება: „ვეფხისტყაოსანი“ მაქვს და თუ მიიღებთო, მივიღებთ, თუ გაიყიდება, ფულს მერე მიიღებთო-იყო პასუხი. ფული პირდაპირ არ შეგიძლიათ, რომ გადამიხადოთო? ცივი უარი. ოჰ, როგორ მინდა, რომ დაველაპარაკო ამ ქალს, მაგრამ ეს მიუღებელია ბუკინისტურ მაღაზიაში. ის მათი კლიენტია. მორჩა. გამოვედი მაღაზიიდან და გარეთ დაველოდე. მაღაზიის გამგე შვილთან ერთად გამოვიდა და მომესალმა, მეც თბილად მივესალმე, მომიკითხა, შვილს ჩემთან დაკავშირებული ამბავი მოუყვა, ვიცინეთ. დავემშვიდობე. წავიდნენ. შევიხედე მაღაზიაში და ეს შავებში ჩაცმული ქალი აღარაა... წასულა. ნეტავ რა „ვეფხისტყაოსანი“ ჰქონდა? ძველია? დიდია, ალბათ ქართველიშვილის? ღმერთმა იცის... გავუყევი პლეხანოვს. მარჯანიშვილის მოედანზე გავედი. დაღონებული ვარ. მოედანზე წიგნებს ყიდიან მაღაზიის წინ. იქაურ გამყიდველს ვიცნობ. მივესალმე და მეუბნება: ახლა ქალი იყო და „ვეფხისტყაოსანს“ ყიდის. აი, ტელეფონი, მისამართი... ნახე, არ ვიცი, რომელია და თუ არ გაქვს, შეგემატებაო. აღვაწერინე ეს ქალი და ისაა... მივადექი სახლში. კუკიაზე ორსართულიანი სახლი. შევედი და ვნახე ეს წიგნი: ქართველიშვილის გამოცემა, 1888 წლის... ცუდად შენახული, ფასი გიჟური... ქალიც შეუვალი. კედელზე ნახატი კიდია ახალგაზრდა კაცისა ჩოხაში. ვინაა-მეთქი? კირიონ კათალიკოსიაო. კედელზე ტილო ჭიკარტებითაა დამაგრებული. ყიდით-მეთქი? მყიდველი მყავსო. ფასი ეძვირებაო... ედიშერ გიორგაძეო. რამდენს გიხდით-მეთქი? 40 ლარსო და მეცოტავება-მეთქი. მე ორმაგს გადაგიხდით-მეთქი. მაგრამ ერთია: არის კი ეს ახალგაზრდა მამაკაცი კირიონი? რა კავშირი აქვს კირიონს თქვენს ოჯახთან-მეთქი? ჩემი მამამთილის მფარველი იყოო, ჩემი ქმრის ნათლიაო. ფოტოალბომიც გამოიტანა: სასულიერო პირები, დავით გარსიაშვილის ტრაგიკული ოჯახი. კირიონისტები, შემდგომ ამბროსი ხელაიას მხარდამჭერი ჯგუფის წევრი დავით გარსიაშვილის ალბომი.

 

წავალ ხვალ ხელოვნების მუზეუმში და შევაფასებინებო. თქვენი ფასი თქვით-მეთქი. ხვალ გეტყვიო. წამოვედი და მთელი ღამე ეს ნახატი მელანდებოდა. მეორე დღეს საღამოს ავედი. ზეგო. ზეგს მაზეგი, მაზეგს შემდეგი კვირა. წავედი ხელოვნების მუზეუმში, ვნახე ეთერ ალექსანდრია. მეუბნება: ეს ქალი იყო, მასთან ურთიერთობა ძნელიაო, ნახატი გვანახა, ხელმოწერა არ აქვს, კირიონი ან არის და ან არაო. დარეკვას აზრი არ ჰქონდა. მივედი დირექტორთან. ბატონო ალეკო... და მოვუყევი ყველაფერი. მაშინ ბიბლიოთეკას შესასყიდი თანხა კი არა, დენის გადასახდელი ფული არ ჰქონდა. 80 ლარი გამოვართვი და დავადექი ამ ქალს დილას. შევედი ოთახში და რას ვხედავ: სურათი დახვეული დევს მაგიდაზე, გავხსენი და შუა ნაწილი დაზიანებულია, ამ ნახატის თრევაში დაუზიანებია. ეს რა არის-მეთქი? წაიღეო და ფული ახლავე გადაიხადეო. მაშინ არქივიც დაამატე-მეთქი. წაიღეო. წამოვიღე. განცხადება უნდა დაწეროთ-მეთქი გადმოცემაზე. დამიწერა. მოვიტანე ბიბლიოთეკაში და დირექტორს შევუტანე ოთახში. ბატონმა ალეკომ მაშინვე გადაურეკა, თუ არ ვცდები, ქალბატონ ირა კოშორიძეს და სარესტავრაციოდ წაიღეს. ერთ კვირაში მირეკავს დირექტორის მდივანი: ამოდიო. შედი დირექტორთან სასწრაფოდო. შევედი და ეს ქალი დავინახე იქ. რაც ამან გადამიხადა, ეს ნახატისაა და არქივი არ შედიოდა ამ ფულშიო, ვეტაკე, ტყუილია-მეთქი. ამ დროს ამ ქალმა დაუწყო მეგრული ლაპარაკი დირექტორს. ბატონი ალეკოც მეგრულად დაელაპარაკა. ქალი გაიბადრა. ილაპარაკეს მეგრულად, ქალი ჩაეხუტა , ბატონმა ალეკომ ფული მისცა და გაისტუმრა. ას ლარზე მეტი იყო. რამდენიმე ხნის მერე ნახატი რესტავრირებული გამოვფინეთ დიდ საგამოფენო დარბაზში, ციური კოჭლაშვილმა გამოფენაც გააკეთა კირიონის და პატრიარქიც გვეწვია. ნახატი რომ ნახა პატრიარქმა, ჩაილაპარაკა: ბეჭედი უკეთია, მის ტრაგედიამდეა დახატული, მაშინ შევამჩნიეთ ხელზე ბეჭედი. ეს ნახატი შემდგომ ერთი დღით საპატრიარქოში გადაიტანეს. იქ კი ერთდღიან კონფერენციაზე ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ მიმართა პატრიარქს, დაეყენებინათ საკითხი კირიონის წმინდანად შერაცხვისა. პატრიარქმაც საბოლოო სიტყვაში თქვა: არ მოუკლავს თავი კირიონსო...

 

იმავე პერიოდში დავიწყე კირიონის ფოტოების ძიება. ეროვნული მუზეუმის ღვაწლმოსილმა თანამშრომელმა ქალბატონმა ნუნუ ქიქოძემ მანახა კირიონის პირადი ალბომი, რომელშიც კირიონის ახალგაზრდობის დროინდელი ფოტო ვნახე, საიდანაც ჩვენი ნახატია შესრულებული. ამ ფოტოს იდენტიფიკაცია მოხდა, რადგან იქამდე ფოტო აღწერილი იყო, როგორც უცნობი მამაკაცი. ეს ნახატი დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზში კიდია... რომ შევდივარ, კირიონი მესალმება თითქოს: ლევან, სალამიო...“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი