logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ესე ამბავი ოცნების ასრულებისა, ოდეს შენ ძალზე გსურს მისი ახდენა!
- +

20 ოქტომბერი. 2020. 15:21

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი ამერიკიდან გრიგოლ დიასამიძის არქივის ჩამოტანის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 

„მაშ ასე! ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ დღეს ბიბლიოთეკაში ბატონი გურამ შარაძე მეწვია. აკაკი წერეთლის შესახებ გამოცემას ამზადებდა და დახმარება გვთხოვა ტექნიკურ ნაწილში. ანუ მასალების ასლების გაკეთებაში. დავეხმარეთ. წასვლის წინ გაიხსენა გრიგოლ დიასამიძე, როგორც აკაკის მოგზაურობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დანანებით თქვა: ორი არქივის ჩამოტანა დამრჩა. ერთი არის გრიგოლ დიასამიძის არქივი ამერიკაში და მეორეც ამერიკაშია, მანველიშვილისო. არადა, დიასამიძის მთლიანად მაქვს ნანახი, შვილიშვილმა მითხრა: მე თვითონ ჩამოვიტან, რომ გადავწყვეტო. ეს იყო და ეს. მაშინ ეროვნული ბიბლიოთეკა ემიგრაციული ლიტერატურის მოძიებით არ იყო დაინტერესებული. შემდგომაც. ბატონმა ბორის გაგუამ მკითხა ერთხელ: ემიგრაციულ ლიტერატურაზე არ ვიფიქროთო? ვუთხარი: ბატონი გურამის საზღვრებში არ ღირს შეჭრა, ჩემი აზრით-მეთქი. გაეცინა და დამეთანხმა. ცოტა ხანში ბატონი გურამი ეწვია ბატონ ბორისს და შესთავაზა თავისი ემიგრაციის მუზეუმის გადმოტანა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მეტიც, ის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი გახდა. კვირას, იმ ტრაგიკულ დღეს ბიბლიოთეკაში მოვიდა, საარქივო ფონდის თანამშრომლებს უთხრა;: ხვალიდან ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ვხდებიო და წავიდა სახლში. ეს იყო მისი ბოლო ვიზიტი მის საყვარელ ბიბლიოთეკაში. ტრაგედია გზაზე მოხდა, მელიქიშვილის გამზირზე.

 

გავიდა რამდენიმე ხანი და გამახსენდა გრიგოლ დიასამიძის არქივი. დავიწყე მოძიება ინფორმაციის. ისევ ბატონი გურამის გამოცემაში ვნახე: შვილიშვილი ნინა ვაჩნაძე, მისი მეუღლე კოვალსკი, ვერაფერი მისამართი ვერ ვნახე. ნიუ-იორკის გარეუბანში ცხოვრობენო, წერს ბატონი გურამი. რა ვქნა? ვინ მყავს ნიუ-იორკში ძველი ემიგრაციიდან? არავინ. ვიფაფხურე და შედეგი ნული.

 

ღამეა. ვუსმენ „ამერიკის ხმას“. დიქტორი აცხადებს: ნიუ-იორკში მცხოვრები ვალიკო ძამია გვესტუმრა, 90 წელს გადაცილებულიო. ალბომი მოგვიტანაო. ვრეკავ „ამერიკის ხმაში“. სანდომიანი ხმა: გისმენთ! გავეცანი და ვთხოვე ვალიკო ძამიას ტელეფონი. მომცეს. ვურეკავ და ყურმილს იღებს თავად ბატონი ვალიკო. გავეცანი. ვკითხე ქალბატონ ნინა ვაჩნაძე-კოვალსკიზე. ვიცნობო. ახლობელიაო. კვირაში ერთხელ ვესაუბრები ტელეფონითო. ჩემი მეუღლე მოვა და გადმოგირეკავს. ყველაფერს მიიღებო. ახლა ჩემი კითხვებიო: რა ხდება თბილისშიო, ბევრ კარგს ვიგებ აქო, ხიდი რომ გაკეთდა რიყეზე, ხალხს რატომ მოსწონსო, მოსწონთ-მეთქი. შენ გენაცვალეო, ქუთაისშიც შენდება ახალი ხიდებიო, სახლებს არემონტებენო? ერთი სიტყვით, მეორე კვირას გადასახადი რომ მოვიდა ტელეფონზე, მამაჩემთან თვალი ვერ ავწიე: 76 ლარი. მე კი ბედნიერი ვიყავი. ბატონ ვალიკოსთან დაპატიჟებული ვარ ნიუ-იორკში, ნინა კოვალსკის მისამართი, ტელეფონი, იმეილი ხელში მაქვს. რამდენიმე დღეში დავურეკე ქალბატონ ნინას და მისი სიტყვები: ჩამოდით და ყველაფერი წაიღეთ ეროვნულმა ბიბლიოთეკამო. ღამეც ჩვენთან დარჩითო. აბა, ახლა ვიზები. მიწვეული ვარ ჩემი ყოფილი დირექტორის ალიკო კარტოზიას მეუღლესთან, ქალბატონ რუსუდან გორგილაძესთან ერთად. ვიზა მას მისცეს, მე კი დამიგვიანდა. ის გაფრინდა. მე 3 დღეში ჩავფრინდი. ქალბატონ რუსუდანს ფრიად მნიშვნელოვანი მისია აქვს: ლიზი ზალდასტანმა უნდა გადასცეს მისი მეშვეობით მამის და ბიძის - ოთარ და გივი ზალდასტანიშვილების არქივი. ამერიკაში იმყოფებოდა ჩვენი დირექტორი გიორგი კეკელიძე ცნობილი ემიგრანტის პეტრე ხვედელიძის არქივის გადმოცემაზე მოსალაპარაკებლად. ერთი სიტყვით, აშშ-ში სამივე ცალ-ცალკე სხვადასხვა დროს გავფრინდით. მე ყველაზე დაგვიანებით. ქალბატონი რუსუდანი ჩემამდე ეწვია ქალბატონ ნინო ვაჩნაძეს - გრიგოლ დიასამიძის არქივი გამზადებული დახვდა მას. მე რომ ჩავედი და მიმიყვანეს დიასამიძეთა შთამომავალ ოჯახში, იქ ასეთი ამბავი დამხვდა: ქალბატონი რუსუდანი მეუბნება: ლევან, ახლა მე უნდა შეგამზადო, ქალბატონმა ნინომ გადაიფიქრა არქივის გადმოცემაო. ვაი შენს ლევანს. საქმე იმაში იყო, რომ ქალბატონ ნინოს არქივი რომ გადმოულაგებია, ერთი წერილი უნახავს და უთხოვია ქალბატონი რუსუდანისათვის: მითარგმნე პაპის ეს წერილიო. რუსუდანსაც უთარგმნია ზუსტად. რა ეწერა წერილში? შვილო ნინო, ეს არქივი და ყოველდღიური ჩანაწერები ჩვენი ოჯახის ისტორიაა და შენთვის დავწერეო, ვინმე ოხერს არ ჩაუგდო ხელშიო. შენი პაპა გრიგოლ დიასამიძეო.

 

სუფრა გაიშალა. მაჭამეს, მაგრამ პირში ლუკმა არ გადამდის. არქივი ვნახე. ჩავუჯექი. დაძინებაზე რომ მკითხეს, ვუთხარი, რომ ღამე გავარჩევ არქივს-მეთქი, მოვიტანე ფოტოაპარატი და მთელი ღამე ვიღებდი დიასამიძეთა გვარის ისტორიულ ჩანაწერებს, გრიგოლის მოგონებებს მამის მკვლელობაზე, აკაკის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას. დამათენდა და ოი საოცრებავ: ვიპოვე ქალბატონ ნინასადმი შემდგომში დატოვებული ანდერძი: შვილო ნინო, ქართველებს ეზარებათ ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთება, ამიტომ, ვგონებ, ჩემი ჩანაწერები ერთადერთი აღმოჩნდეს ქართულ ემიგრაციაში, ამიტომ ამ მასალას დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ ეს მასალა ჩავარდება პირუთვნელი მემატიანის ხელშიო.

 

მეც დაქანცული და კისერმოღრეცილი ფოტოაპარატის ჩხაკუნით და ზუმის გასწორებით, მივწექი და მივიძინე ჩემთვის გამზადებულ ლოგინში.

 

დილას, ეტყობა, მე გავუბერე ძილი და მაღვიძებს ქალბატონი რუსუდანი, ადეო! შემწვარი ბანანები მელოდება. და საუზმე. დავამთავრე საუზმე და ვთხოვე ქალბატონ რუსუდანს: იქნებ ეს წერილი უთარგმნოთ-მეთქი და ყურში მისი ინგლისური ისე ჩამესმოდა, როგორც ალბათ ამერიკელებმა მოისმინეს პირველად თავისუფლების დეკლარაცია.

 

ქალბატონ ნინას ცრემლი წამოუვიდა და გვითხრა: წაიღეთ, შვილებმა მითხრეს: რატომ ატანო, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს საქართველოში. ეს ჩემი პაპის, დედის დაბრუნებააო. მაშინვე გავხსენი ჩემი უზარმაზარი ჩანთა და მთელი არქივი და წიგნები ჩანთაში შეკრული იყო. წამოვედით.

 

სასტუმროში რომ მივედით, ვთხოვე ქალბატონ რუსუდანს, ჩინურ რესტორანში შევსულიყავით. იქვე იყო. თან შევატყე, რაღაც უხერხულად გრძნობდა თავს. ჩემი საყვარელი სიჩუანური შევუკვეთე და ერთი მათლაფა ბრინჯი. კმაყოფილი ხარო? მეკითხება ქალბატონი რუსუდანი. თქვენ-მეთქი? არაო. უხერხულად ვიგრძენი თავიო. ქალს არც დააცალე არქივთან დამშვიდობებაო. მართლა ასე იყო. იცი, რა მგონიაო? სხვის ცხოვრებაში იქექებიო, პათანატომი გამახსენდაო. რა უნდა მეთქვა? მარა ქართლელი ვარ და... ქალბატონო რუსუდან, რამდენი ჩვენთვის ძვირფასი ისტორიული ფიგურის სიკვდილი დარჩა გამოცანად, პათანატომი ხომ არის საჭირო-მეთქი, ჰოდა, მეც პათანატომი ვარ-მეთქი. გაეცინა. მთელი ამერიკის ვიზიტის დროს ყურადღებას მაქცევდა, მარიგებდა, მე არასოდეს არ მიგრძვნია ის პროფესიული ზრუნვა ჩემი ამერიკული ცხოვრების გაგებისათვის, რაც ქალბატონმა რუსუდანმა ჩემზე იმუშავა. აქედან ჩემი გაფრენისათვის ხომ იზრუნა ისე, რომ მე, თითქმის არცერთი ინგლისური სიტყვის არმცოდნემ ყველა ბარიერი გადავლახე მისი შპარგალკებით.

 

P.S. ბატონ ვალიკოს ვერ ჩავუსწარი ცოცხალს. ჩვენს ჩასვლამდე 40 დღით ადრე გარდაიცვალა. მისი მეუღლე მზია მოვინახულე. ბატონ ვალიკოს ჩემთვის არქივის მცირე ნაწილი, რაც ჰქონდა დარჩენილი, გაუმზადებია სიკვდილამდე. შეკვრას მისი ხელით ეწერა: ლევან თაქთაქიშვილისათვის!

 

სურათზე: გრიგოლ დიასამიძე შვილიშვილთან: ნინა ვაჩნაძესთან და მეგობრებთან: შალვა ამირეჯიბთან (მარცხნიდან პირველი) და ვლადიმერ ახმეტელთან (მარჯვნიდან პირველი). დანარჩენ ორს თუ ამოიცნობთ, დამავალებთ“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი