logo_geo
ზურაბ შევარდნაძე: გაიღო კარები და წელში მოხრილი, ხელებდაკოჟრილი მებაღე გამოჩნდა...
- +

25 ოქტომბერი. 2020. 22:27

 

 

 

„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ზურაბ შევარდნაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ძველი ამბავია, მაგრამ არც ისე ძველი და უინტერესო გახსენებად, რომ არ ღირდეს.

მცხეთელი მებაღე მიხეილ მამულაშვილი უკვე ოთხმოცს გადაცილებულია, იცნობენ, პატივს სცემენ და ბევრი ეთაყვანება, ქვეყნის გარეთაც ლაპარაკობენ მის ნიჭსა და უზადო გემოვნებაზე. დღედაღამ მუშაობს თავის ბაღში მოწყობილ სახელოსნოში. არ წყდება მთხოვნელი, ვინ სამგლოვიარო გვირგვინს უკვეთავს, ვინ სადღესასწაულო თაიგულს, ვინ დღეობისთვის სახლის, სუფრის მორთვას. მიხეილს თავისი, ერთგული, მისი საქმის და გემოვნების გამგები, დამფასებელი ხალხი მოსვენებას არ აძლევს, მისი ნახელავი ძვირია, ყველა ვერც შეწვდება და ასე უცხო, უბრალოდ გამვლელი ვერც შეკადრებს სთხოვოს სამსახური მხცოვან, ძალიან პატივსაცემ მებაღეს.

ამიტომ დღევანდელი ისტორიის ერთერთ გმირს, ნაცნობი გამოუნახავს, რესტორნის დარბაზის მოწყობა უთხოვია შვილის ქორწილისთვის. დათანხმებულა და გარიგებია მოხუცი კარგად ნაცნობ შუამავალს, ცდას არ დავაკლებო შეპირებია, გასამრჯელოც რიგიანად უთხოვია და მიუღია კიდეც.

ქორწილის დღეს შეგროვილან სტუმრები, ნეფეპატარძალიც გამოცხადებულა, დარბაზში კი ერთი ფოთოლი რაა ისიც არ ჭაჭანებს. მეტისმეტად უხერხულად ვიგრძენი თავიო, მიყვება ქალბატონი მანანა, რომელმაც ბატონ მიშასთან თითქოს ყველაფერი შეათანხმა. რა აღარ ვიფიქრე, დაავიწყდა ალბათ, ან მე ვუთხარი არასწორი დღე, ავად ხომ არ გახდა მოხუცი და ბევრი ამისმაგვარი. გაბრაზდა, მაგრამ რა გაბრაზდა სასიძოს მამა, ერთი ორი კიდეც შემომიბღვირაო .. რას ვიზამდი, გავჩუმდი. დავსხედით.. ყველა გაწბილდა, განსაკუთრებულად მორთულ დარბაზს ელოდებოდა თურმე სტუმრები..

ნეფეპატარძლის მაგიდაც უღიმღამოდ გამოიყურებოდა უყვავილოდ.

გაჩაღდა ქორწილი და ცოტა ხანში აღარავის ახსოვდა ყვავილი და თაიგული.

უცებ გაიღო კარები, შვიდი ტანადი, კარგი სანახავი ყმაწვილი შემოვიდა, ერთიმეორეზე ლამაზი დიდი კალათი ეჭირათ, მოხდენილად, ყვავილებით გაძეძგილი, შვიდივეს თეთრი, რიგიანი ჩოხა სცმია. პატარძლის მაგიდასთან მივიდნენ, თავი მორიდებით დაუკრეს და წინ დაულაგეს ულამაზესი თაიგულები. ყველა მიხვდა, ან რა ძნელი მისახვედრი იყო, მოხუცის ნახელავს გავდა..

ამოვისუნთქეო, მიყვება ქალბატონი მანანა.

არ იქნებოდა ოცი წუთი გასული კიდევ გაიღო კარები.. ისევ შვიდი, თვალს რომ ვერ მოსწყვეტდი ისეთი თაიგული შემოიტანეს და ისიც ნეფეპატარძალს მიართვეს. მხრებში გავიშალე..

ოცი წუთის შემდეგ კიდევ, მერე კიდევ, კიდევ... და გაივსო იქაურობა, ეს იყო ერთი სანახაობა, ფერების, გემოვნების, სიუხვის, სისადავის და ქართული ბარაქიანობის, ნიჭიერების ზეიმი. ყველა აღტაცებული შეყურებდა მოხუცი მებაღის მადლიან ნახელავს. გვეგონა მორჩა..

კიდევ გაიღო კარები და წელში მოხრილი, ხელებდაკოჟრილი მებაღე გამოჩნდა... ხელში ულამაზესი შემოდგომის თაიგულით, რომელიც ბროწეულებით გაემშვენებინა. უკან კი ისევ შვიდივე მცხეთელი, ტანადი ბიჭი, დიდი, ბროწეულებიანი ხონჩებით.. მოხუცი პატარძალს მიუახლოვდა, ლამაზი თაიგული გადასცა, გულში ჩაიკრა, მიულოცა და მამაშვილურად დალოცა.

ყველა ტიროდა..

ბატონი მიხეილი და თავისი შვიდი ჩოხოსანი სუფრასთან მიიპატიჟეს და გვიან ღამემდე გაგრძელდა დაუვიწყარი ლხინი.

დღეს რატომღაც "პერფორმანსს" ეტყვიან მსგავს ამბავს...“ - წერს ზურაბ შევარდნაძე.

 

 

 

big_banner
არქივი