logo_geo
გიორგი ცუცქირიძე: ან ვის ატყუებენ, ან რა უხარიათ, აი, ეგ არის მართლა საკითხავი...
- +

27 ოქტომბერი. 2020. 14:01

 

 

„ქართული ოცნების“ რეიტინგი „რუსთავი 2“-ის მიერ დაკვეთილი, არჩევნების წინა, უკვე ოქტომბრის მეორე ნახევარში ცნობილი ბრიტანული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევითაც, იმდენად მაღალია, რომ მყარად იგებს არჩევნებს ყოველგვარი კოალიციის გარეშეც!“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.  

 

როგორც ის აღნიშნავს, ამ მოცემულობის პარალელურად,  ოპოზიციის ნაწილი ხელოვნურად ცდილობს საზოგადოებაში შექმნას განცდა, რომ მმართველი გუნდი არჩევნებს აგებს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ერთად  მისი ყოფილი განაყოფების თუ ახლახან მიკედლებული ოპოების ისევე, როგორც წინასაარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშიას“, განსაკუთრებით არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო ერთი კვირის წინასაარჩევნო სტრატეგია, რომ ფეიკ-კონვეიერის პოლიტიკაზეა მთლიანად აგებული, ყველა იმ მესიჯ ბოქსიდან იკითხება, რასაც  მათი მხარდამჭერი მედიაპლატფორმები ქადაგებენ უწყვეტ რეჟიმში საინფორმაციო თუ სტუდიურ ფორმატებში!

 

არჩევნების წინა დღეებში ისტერიული ფსიქოზის დონემდე დასული რეპორტაჟები, სოციალური ტერორის კულტივირებით მიმდინარეობს სამი მთავარი მიმართულებით: წინასაარჩევნო შეხვედრების გაშუქება მთავარი მენტორის და ამავე ბლოკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის შეგონებებით უკვე დამდგარ გამარჯვებაზე, კომპრომატების ომით ელდარ მეზღაპრის მსგავსი სტუდია-სენსაციების თამაშში შემოყვანით და ასევე ზუგდიდის კრიმინალური ქრონიკის ჰეროიზაცია, ყაჩაღის „ძირმომპალ“ სისტემასთან მებრძოლ გმირად წარმოჩენით თუ ამ თემის არსენიზაციით, მდიდარს რომ ართმევდა და ღარიბებს ურიგებდა!

 

ქართული ოპომედია მაქსიმალურად რომ ცდილობს, სენსაციებით და მანიპულაციებით საკუთარი რეიტინგის და ასევე წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ტემპერატურის აწევას, ძველი ამბავია, ხელისუფლების დემონიზაციის მცდელობაც კიდევ გასაგებია, გარდა საკუთარი რეიტინგისა, დამკვეთების და ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების დავალებასაც ასრულებს.

 

მაგრამ მთლიანად არის ამოვარდნილი რეალობიდან ის ნაადრევად სიხარულნარევი,  არავერბალური კომუნიკაცია მაყურებელთან, წინასაარჩევნო შეხვედრების ხალხის მასის სხვადასხვა მომგებიანი რაკურსიდან ჩვენებით იმის ილუსტრირებისათვის, რომ ოპოზიცია უცილობლად იგებს ამ არჩევნებს.

 

„ქართული ოცნების“ რეიტინგი „რუსთავი 2“-ის მიერ დაკვეთილი, არჩევნების წინა, უკვე ოქტომბრის მეორე ნახევარში ცნობილი ბრიტანული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევითაც, იმდენად მაღალია, რომ მყარად იგებს არჩევნებს ყოველგვარი კოალიციის გარეშეც და  2.5 ჯერ აღემატება წამყვანი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ და მინიმუმ 10-ჯერ სხვა დანარჩენი შედარებით რეიტინგგაზომვადი პარტიების რეიტინგსაც!

 

ამ მოცემულობაში, აღარაფერს ვამბობ იმ აღტკინებაზე, ვინმე ბადრი ესებუას ვერდაჭერაზე, რომ არის აგებული და ხელისუფლების „სისუსტის“, სისტემის თუ სახელმწიფო ინსტიტუტების ვითომდა ჩამოშლის  ხაზგასმას რომ ემსახურება.

 

ან ვის ატყუებენ, ან რა უხარიათ, აი, ეგ არის მართლა საკითხავი...

ჭეშმარტად, ამათზე აქვს ნათქვამი მუხრანს:

 

ვინც გინდა იყავ -

გინდა არქიფო,

თუ გინდა ზაქრო! -

რა გიხარია, შე შობელძაღლო?

 

31 ოქტომბრამდე დარჩა 4 დღე!“, - წერს ცუცქირიძე.

 

big_banner
არქივი