logo_geo
რუსუდან შარაძე: ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ...
- +

30 მარტი. 2017. 15:37



აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„9 წლის ვხდები, 1981 წლის ზაფხულია. ლაშა აბარებს და დედაჩემი თბილისიდან ვერ გადის. მამაჩემი ისედაც სულ მუშაობდა. ახლობელი ბებია და შვილიშვილი ისვენებენ ბორჯომში. ჩემს მშობლებს უთხრა ამ ბებიამ - ჩამომიყვანეთ რუსუდანი, მთელი ზაფხული აქა ვართ, ჩიტის რძეს არ მოვაკლებო. მართლაც, წამიყვანა დედაჩემმა, დამაბინავა და გაბრუნდა თბილისში.

 

რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი. თითქოს, დამჯერი და მორჩილი, მაგრამ უცბად, წამში გადავირეოდი და შემეძლო ყოვლად გიჟური გადაწყვეტილების მიღება და შესრულება. არ მომეწონა იქ, კი არა, გაუსაძლისად მეჩვენა (ნეტა, რა მინდოდა?!). ჰოდა, გადავწყვიტე - გათენდება თუ არა, დაველოდები მომენტს და გავიპარები „ელეკტრიჩკისკენ", იქიდან თბილისში და მივალ სახლში! ეს გზა კი ვიცოდი 5 თითივით...

 

მეორე დღეს, დილიდან ამ ბებიამ პარკში წაგვიყვანა. სადაცაა, შევასრულებ ჩემს გადაწყვეტილებას და ვხედავ, მამაჩემი!!! ის ვერ მხედავს. გავიხედე - დედაჩემი!!! სიზმარი მგონია, მაგრამ არა - ვერ გავძელით და ჩამოგაკითხეთო.

 

სიხარულისგან გამოწვეული ეიფორიის შემდეგ, მშობლები დავიმარტოხელე და პირდაპირ ვუთხარი - თქვენთან ერთად თუ არ წამიყვანთ, მაინც გამოვიპარები, დღეს ვაპირებდი-მეთქი. ახლაც მახსოვს მათი სახეები. მამაჩემმა არ შეიმჩნია, დედაჩემი გადაირია! ცოტა წივილ-კივილის შემდეგ, მამაჩემმა, როგორც იცოდა - დარწმუნებით, თხოვნითა და კომპრომისით (მათრახზე რომ მეტია) - უხერხულია, გთხოვ, 1 კვირა დარჩი, მეტი არა და წაგიყვანთო.

 

ვენდე, მენდნენ. პირობა მივეცი, რომ არ გავიპარებოდი.

 

შევასრულე, მაგრამ მახსოვს, როგორ ვითვლიდი წამებს...

 

ასე ვითვლი ახლაც, სანამ წამოვალ.

 

როცა მომივლის ხოლმე, რომ დავყარო ყველაფერი, დავივიწყო კოშმარი და თვალდახუჭული მივეცე „ნეტარებას", ის „პირობა" (და არაერთი) მახსენდება, რასაც დიდობაში, ვალდებულება ჰქვია და რომელსაც ადამიანი დებ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან...

 

ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ გამოვხატავ.

გაიხარეთ თქვენ ყველამ, ვისაც გულით გესმით ჩემი", - წერს რუსუდან შარაძე.







 

big_banner
არქივი