logo_geo
გიორგი კეკელიძე: ხშირად მთავაზობენ ან მეკითხებიან, ვარ თუ არა დაინტერესებული პოლიტიკით
- +

29 ოქტომბერი. 2020. 12:06

 

„რადგანაც ამ ბოლო დროს ხშირად მთავაზობენ ან მეკითხებიან, ვარ თუ არა დაინტერესებული პოლიტიკით - მოტივით ,,ხალხს უყვარხარ", რაც თავის მხრივ, უკიდურესად დროებითი ამბავი მგონია - ბარემ, ცხად და საბოლოო პასუხს გავცემ - არა“, - ამის შესახებ  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„პოლიტიკაში ამ სიტყვის პოპულარულ გაგებას ვგულისხმობ, თორემ ზოგადი აზრით, ადამიანები პოლიტიკური ცხოველები ვართ და ამ საქმეში მეც ისე ვმონაწილეობ, როგორც ყველა თქვენგანი. მქონია თუ არა შემოთავაზება? დიახ, არაერთი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან. ჩემი პასუხი იცით - ცხადია, სრულიად გულწრფელი მადლობა შემჩნევისთვის, მაგრამ - „არა!“ და „არა“ - არა იმიტომ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა - ბინძური მხოლოდ მაშინ არის, თუ მას ცუდი ადამიანები მოირგებენ.

 

და „არა“ - არა იმიტომ, რომ მე ვინმეზე მაღლა ვდგავარ. უბრალოდ სხვა ვნება მაქვს, სხვა ინტერესები. იქ, სადაც მხედავთ, გარდა ერთი-ორი გაკეთებული საქმისა, მგონია, რომ საჯარო მოხელის სტანდარტი მაინც შემოგთავაზეთ - სხვადასხვა ხელისუფლებასთან და განსხვავებულ პარლამენტის თავმჯდომარეებთან მუშაობისას ერთხელაც ვერ დაძებნით ჩემს სახელისუფლო ან სხვა პარტიათა სასარგებლო მოქმედებას. ვერც საკუთარი თანამშრომლებისთვის აზრის გამოხატვის მცირედ შეზღუდვას დაგვაბრალებთ - სრულიად პირიქით კი, უამრავ მაგალითს იპოვით. ეს მეამაყება და ჩემი პოლიტიკაც ეგ არის. მგონია, რომ ვარ  პატრიოტი მოქალაქე და შესაბამისად, მაქვს დაუფარავი აზრი სხვადასხვა საკითხის მიმართ - ეს ხან ერთს აწყობს, ხან მეორეს, მაგრამ ამის მიხედვით არასდროს დამიწყვია ფიქრი.

 

ვარ მწერალი და ვფიქრობ, ყველაზე მეტად იმ პროფესიის ხალხს არ უხდება ვინმეს ლიქნა, ვისაც დამკვირვებელი და ამ დაკვირვების სხვისთვის განმდობი ჰქვია. გავიარე არაერთი საცდური და ბეწვის ხიდი - გარედან ყველაფერი სხვაგვარია, შიგნიდან კი სხვანაირად დუღს. მოკლედ, ყოვედღიური პოლიტიკა არ არის ჩემი ასპარეზი. ისედაც უამრავ საქმეს მოვედები და სამის დამატება განვიზრახე: კინო, ფოლკლორი და სოფლის მეურნეობა. პირველი ეკრანთან და წიგნებთან ყოფნას მოითხოვს, მეორე ხალხთან და მესამე - მიწასთან.  ჰო, ცოტა ფოტოხელოვნებაც. მაქვს ჟინი, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს - ნაკლები სიძულვილით და მეტი შრომით. დამოუკიდებლობით, რომელიც ფიქრში ვარჯიშს ეფუძნება, ფიქრში ვარჯიში კი განათლებას მოითხოვს. აი, მანდ კი გეგულებოდეთ - კეპით, ნაკლები პროტოკოლით და ბევრი წიგნით“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

big_banner
არქივი