logo_geo
გიორგი უძილაური: „ცენტრ პოინტის“ თემა ქართული მენტალობის სარკეა
- +

31 მარტი. 2017. 18:27




ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური „ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ცენტრ პოინტის" თემა ქართული მენტალობის სარკეა.

 

იყო კომპანია, რომელმაც ათასობით ადამიანი სერიოზულ პრობლემებში ჩააგდო. კომპანიაზე საქმე აღიძრა, ხალხი პასუხისგებაში მისცეს. თითქოს სამართლიანობამ იზეიმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არაა. ახლა კომპანიისგან დაზარალებულების ნაწილი მათი ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ითხოვს, ნაწილი კი პასუხისგებაში მიცემული ხელმძღვანელობის გამოშვებას  - ციხეში ჯდომით ის ხალხი ვალებს ვერ გაისტუმრებსო. შესაბამისად:

 

დაზარალებულს არ აინტერესებს დამნაშავის დასჯა, აინტერესებს მხოლოდ მისი ზარალის ანაზღაურება და რომ გავწიოთ გვერდზე ეს სიტყვების ბალეტი, ამას ითხოვს სახელმწიფოსგან. ეს სიტუაცია ნაწილობრივ ჰგავს „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს, რომლებიც მიადგნენ სახელმწიფოს.

 

რასაკვირველია, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეები თაღლითობისგან, თუმცა ამავდროულად სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას როგორც ბიზნესის წარმოების თავისუფლება, ასევე მოქალაქეთა უფლება, ჩაერთონ ამა თუ იმ თუნდაც სარისკო პროცესში, ითამაშონ კაზინოში ან მოწიონ ჯანმრთელობისთვის საშიში თამბაქო, ანუ რისკის თავისუფლება.

 

როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო? უნდა გაამკაცროს მოთხოვნები დეველოპერებისადმი, რომ მათ ჰქონდეთ გარანტირებული თანხა პროექტის დასასრულებლად? მაგრამ რა ვუყოთ დეველოპერებს, რომლებიც მშენებლობისთვის ფულს ბანკიდან სესხულობენ? შეგვიძლია შევამციროთ მათი რაოდენობა და დავიკიდოთ უმუშევრად დარჩენილი ხალხიც და დაზარალებული ბანკებიც, მაგრამ ეს რომ ბინების ფასებს გაზრდის, რაც გაზრდის ქირის ფასს, რაც აისახება მოქალაქეთა ჯიბეზე და რაც მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს? ჩემი აზრით, სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა გაამკაცროს ნორმატივები და შემოიღოს კომპანიების სანდოობის რეიტინგი, რაც სამართლიანი იქნება ყველას მიმართ. დანარჩენი მოქალაქეთა ნებაზეა. რისკს ვერავის დაუშლი. როცა მე არ მაქვს დაზღვეული ჩემი ავტომობილი, მე ვიაზრებ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და სახელმწიფოს არ მივადგები ჩემი თუ სხვისი დაუდევრობით დამდგარი შედეგის ანაზღაურებაზე. დაზღვეული რომ მქონდეს, მივადგები სადაზღვევოს. იგივე პრინციპი მუშაობს ყველა სხვის მიმართ, ვინც რისკავს და არ აზღვევს ამ რისკებს. არა მხოლოდ „ცენტრ პოინტის" ან „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს, არამედ ყველას, ვინც იღებს კრედიტს. კრედიტი ხელფასი არაა, კრედიტის აღება არის რისკი და დამდგარი შედეგიც რისკია. სახელმწიფო ვერ იქნება ამ რისკების გარანტი. მეც, თქვენც, ყველა ჩვენგანი ვართ მოქალაქეები და შესაბამისად, ჩვენ ვართ სახელმწიფოს ნაწილები. მე პირადად არ მინდა, ვიხადო სხვისი რისკების გამო. მინდა, ვიხადო მოხუცებისთვის, ბავშვებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, შშმ პირებისთვის, განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის, თავდაცვისთვის, გზების დაგებისთვის, მაგრამ არა სხვისი რისკებისთვის. ჩემს ინტერესებშია, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად აარიდოს თავი ასეთ სიტუაცებს, ჩემს ინტერესებშია, რომ ეროვნულმა ბანკმა შეამციროს პროცენტი და გაზარდოს მოთხოვნები კრედიტების გაცემისას. ჩემს ინტერესშია, სამშენებლო კომპანია იცავდეს ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს და გამჭვირვალედ მართავდეს კაპიტალს, ჩემს ინტერესებშია, არ შეიქმნას პირამიდები და ხალხი არ გაბრიყვდეს. მოკლედ, სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს სტანდარტები, მაგრამ არ უნდა ზღოს კერძო რისკები. სხვა შემთხვევაში, ყველა მზად იქნება ყველაფერზე, მათ შორის თაღლითებიც ახალი პირამიდების შექმნაზე, რადგან პირამიდის ზარალი სახელმწიფოს ასანაზღაურებელი იქნება, ხოლო პირამიდის შემოსავალი ეღირება ციხეში ჯდომად", - წერს გიორგი უძილაური.


 

big_banner
არქივი