logo_geo
გია ნოდია: ოპოზიციას უკან დასახევი გზა აღარ აქვს
- +

20 ნოემბერი. 2020. 00:44

 

 

ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგია გია ნოდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

„ვხედავ გაწბილებას იმის გამო, რომ დასავლეთი (და არა მხოლოდ პომპეო და მისი სახელმწიფო დეპარტამენტი) ოპოზიციას ბოიკოტს არ უწონებს და პარლამენტში შესვლას ურჩევს.

ცოტა მიკვირს, რატომ შეიძლებოდა ვინმეს სხვაგვარი მოლოდინი ჰქონოდა. ასეთი პოზიცია არ ნიშნავს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები საკმარისად არ უჭერენ მხარს საქართველოს დემოკრატიას. მათ გულწრფელად არ ესმით, არსებულ პირობებში პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა რატომაა დემოკრატიისთვის ბრძოლა. თუ სერიოზული გაყალბება მოხდა - რაზეც არც ისინი კამათობენ - პარლამენტის ტრიბუნაც უნდა გამოიყენო ამის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი, უბრალოდ, ასე აზროვნებენ, ასეთია მათი დნმ.

მეც ალბათ, ზედმეტად გავდასავლეთელდი (ან გამოდასავლეთელდი - რომელიც უფრო მოგწონთ, ის სიტყვა აირჩიეთ) და ამიტომ  არ მომეწონა პარლამენტის ბოიკოტის იდეა.

მაგრამ დღეს ბოიკოტი უკვე რეალობაა, საიდანაც უნდა ამოვიდეთ. მე არ ვთვლი, რომ პარლამენტში შესვლა გაყალბების ლეგიტიმაციას ნიშნავს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს: ამ წანამძღვარზე დაყრდნობით შედგა ოპოზიციის ერთიანობა (რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია). როგორც ჩანს, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი (შეიძლება - უმრავლესობაც) ასე ფიქრობს.

რაკი ასეა, ამ ეტაპზე ოპოზიციას უკან დასახევი აღარ აქვს: ახლა უკვე პარლამენტში შესვლა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან რაიმე სერიოზული დათმობის შემთხვევაში იქნება გამართლებული. ხელისუფლება კი საეჭვოა, რაიმე პრინციპულ საკითხში დათმობაზე წამოვიდეს.

როგორც ჩანს, უნდა შევეგუოთ, რომ მომავალი წლები რუტინად ქცეული პოლიტიკური კრიზისის წლები იქნება. სხვა პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ვისაც უკეთესი ვარიანტისა სჯერა, დიდი სიამოვნებით გავატარებ“, -წერს ნოდია.

 

 

big_banner
არქივი