logo_geo
მაკა სახურია: ყველაფერი ამაოა, გარდა სიყვარულისა...
- +

23 ნოემბერი. 2020. 20:52

 

 

ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე, მაკა სახურია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

12.11.2020 - ამ დღემდე მე და ჩემი აღქმული სამყარო სხვანაირები ვიყავით. ამ დღემ ყველაფერი შეცვალა. გამოცდილი მაქვს დედისა და მამის სიკვდილი, მაგრამ იმედი მაქვს, არ ეწყინებათ მათ სულებს, ბიძინა კიდევ სხვა იყო...

ჩვენ 20 წელი ვცხოვრობდით ერთად, მარტო, ერთმანეთის ცხოვრებით, ამიტომ ჩემთვის ის იყო დედაც, მამაც, ძმაც, დაც, შვილიც, მეგობარიც და მესაიდუმლეც. ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლის გვერდით 20 წელიწადი ისე გავატარე, რომ ერთმანეთისთვის ხელები არ გაგვიშვია. ხშირად ვუშლიდით ერთმანეთს ნერვებს და ურთულესი ეტაპებიც გვქონია, მაგრამ ყველაფერს ერეოდა სიყვარული, რომელიც ულევად გვქონდა ორივეს და ყველაფრის ძალას გვაძლევდა. ეს 20 წელი გავატარეთ უწყვეტ ბრძოლასა და შრომაში და გვწამდა, რომ ვიბრძოდით საქართველოსთვის, მისი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სოციალური პრობლემებისთვის. არ გვახსოვდა საკუთარი თავები, ოჯახის კეთილდღეობა, ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, ფინანსურად ჩვენი არსება ეკუთვნოდა საქართველოს და ქართველ ხალხს. ალბათ ხმამაღალი სიტყვებია და არასდროს მითქვამს, არც ვიტყოდი, რომ არა განცდა იმისა, რომ ჩემთვის რაღაც დიდი და დიდებული დამთავრდა... დილა იყო თუ საღამო, ჩვენი საუბრის თემა იყო არა ოჯახური ან პირადი პრობლემები, არამედ ის, თუ რა ხდებოდა გარეთ, ვის რა უჭირდა, რა ელოდა ქვეყანას, როგორ განვითარდებოდა პოლიტიკური მოვლენები... ვაწვდიდით ერთმანეთს ინფორმაციებს და ვაანალიზებდით. სიტყვაძუნწი კაცი იყო, მაგრამ, ღმერთო, რამდენი სიყვარული უჩუქებია ჩემთვის... ჩემთვისაც ყველაზე მთავარი მისი გახარება იყო...

უყვარდა ფიზიკური შრომა, ჩხირკედელაობა, რაღაცების შექმნა, აკეთებდა ყველაფერს, აშენებდა, ადუღებდა, დურგლობდა, მიწაზე მუშაობდა, რგავდა, თესავდა, ეფერებოდა ყველა ბალახსა და ყვავილს. სიკვდილის დღეს მოშენებული ოთახი თავისი ხელით მარტომ გადახურა, მე დისტანციურ გაკვეთილებს ვატარებდი დილიდან... მერე შხაპი მიიღო, ისადილა, ჭიქა შავი ღვინო დაისხა, დიდება უფალსო, - თქვა ხმამაღლა. ელიავაზე ჩავალ, ბურღი გამიფუჭდა და უნდა შევაკეთებინოო. კარებთან ხელი დამიქნია, რაც არასდროს უქნია... მიდიოდა უცნაურად მხიარული... წავიდა და... სიკვდილი შინიდან სხვაგან წაიღო... ნახევარი საათის გასული იყო სახლიდან, რომ დამირეკეს... რომ ჩავედი, სისხლის გუბეში იწვა... გული რომ გაუჩერდა, წაიქცა და თავით დაეცა... უკვე 10 დღე გავიდა და ახლაც არ უშვებს გონება მის სიკვდილს... ვერ ვეჩვევი... ვერ ვაცნობიერებ... ყველაფერი სიზმარი ყოფილიყოს თითქოს... ამ ჩვენს პატარა ქოხში ყველაფერი მისი ხელით გაკეთებულია და ყველა ნივთში მისი სულია... წამებაა, რასაც განვიცდი, გულის გამგლეჯი ტკივილი... ვეძახი, ველაპარაკები, მაგრამ... ის სიზმრადაც კი არ მოდის, სხვებს ესიზმრება და ჩემზე ესაუბრება... ჩემი არსების უდიდესი ნაწილი თან გაიყოლა და ფიტული დამტოვა... ახლა ყველაფერი სხვანაირია... ახლა ყველაფერი უსაშველოა, თორემ რამდენ რამეს შევცვლიდი... არაფერზე არ ვატკენდი გულს, არაფერზე მოვუშლიდი ნერვებს... ჩემს ჯანმრთელობაზე დარდობდა და... არ ვიცი, როგორ უნდა ვიარო უმისოდ... სულ მგონია, რომ ტელეფონი დარეკავს და მონიტორზე ლათინური შრიფტით დაეწერება "ბიძინა"... რა არ გამოგვივლია, მაგრამ ყველაზე საამური იყო, გზას რომ დავადგებოდით და ჩამოვუქროლებდით ჩვენს ლამაზ სოფლებსა და ქალაქებს, ვეფერებოდით ყველა კუთხე-კუნჭულს, დავქროდით გურიასა და სამეგრელოში, საყვარელ ხალხთან ყოფნა ნეტარება იყო... მიუხედავად გადატანილი სირთულეებისა, ულაღესი და უმამაცესი ადამიანი იყო, ბოღმა და ბოროტება მის სულს ვერც გაკაწრავდა... უყვარდა სამშობლო და ადამიანები გულის გულამდე და არასოდეს ტოვებდა განცდა, რომ მსახური იყო... მარტვილთა ეპოქაში უნდა დაბადებულიყავი-მეთქი, რამდენიმე დღის წინ ვუთხარი და თავი დამიქნია...

ამ საშინელ ეპიდვითარებაში ნამდვილად არ ველოდი ამდენ ხალხს, ამდენ თანამგრძნობს, ამდენ გულწრფელ ცრემლს, ამდენ თბილ მოგონებას, ამდენ სინანულს მისი ნაადრევად წასვლის გამო... დღემდე მწერენ და მირეკავენ ადამიანები, მთავაზობენ თანადგომას, კონკრეტულ საქმეში დახმარებას, მიწვდიან ხელს, მიძღვნიან გულსა და სულს... გაოგნებული ვარ და თუ რამე ახლა ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ გაუსაძლის ტკივილს გადამატანინებს, სწორედ ეს ულევი სითბო და სიყვარულია...

მადლობელი ვარ, ხალხო, უძლურია სიტყვები მადლიერების გამოსახატავად. საოცრებებს მწერთ და მაცოცხლებთ...

ყველაზე მთავარი კი, რაც ამ პოსტით უნდა მეთქვა, მხოლოდ ისაა, რომ ყველაფერი ამაოა, გარდა სიყვარულისა... ვისაც მსგავსი ტკივილი არ გამოგიცდიათ, უფალმა დიდხანს, ღრმა სიბერემდე არ გამოგაცდევინოთ და იცოდეთ, რომ როცა საყვარელი ადამიანი ჩვენგან მიდის, სიყვარული წარმოუდგენლად იცვლის ფორმას, ნისლიანი ღრუბელივით იზრდება და მთელ ჩვენს არსებას იპყრობს, გვართმევს სულსა და გვიგლეჯს გულს...“, - წერს სახურია.

 

 

big_banner
არქივი