logo_geo
დავით ქართველიშვილი: ყველანაირ ზღვარს გადავედით ზაფხულ/შემოდგომაზე - რაც მოგვივიდა, ნუღარავის გადავაბრალებთ
- +

28 ნოემბერი. 2020. 01:04

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით „ფეიბსუქის“ საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ანეკდოტით დავიწყებ, შემდეგ სიმწარეში გადავალ, მერე ნუგეშით გავაგრძელებ და ბოლოს დადებითად დავასრულებ. მოკლედ ახალ პანდემიურ რეგულაციებზე და არა მხოლოდ.

 

 

წინა დღით გადამეტებულად ნაბახუსევი იღვიძებს დილით საშინელი პახმელიის სინდრომით და ფრაგმენტალურად ძლივს იხსენებს განვლილ მოვლენებს: „ჯერ შამპანიურით დავიწყეთ, მერე მაგარი მუქი ლუდი მოიტანეს, ის საფერავიც კარგი იყო, მაგრამ ვისკიმაც დაგლიჯა - მოკლედ ყველაფერი სუფთა და მაღალი ხარისხის იყო და რამ მაწყინა ასე მწარედ? ალბათ სალათამ!“

 

 

ყველანაირ ზღვარს გადავედით ზაფხულ/შემოდგომაზე. დაბადების დღეები, ქელეხები, ქორწილები, კორპორატივები, პარტიული ღრეობები, ტრენინგები, ბანკეტები, მიტინგები. ყველა ტიპის რეგულაციები დავარღვიეთ - რა სოციალური დისტანცირება, რა პირბადები, რა ხელების დამუშავება, რა ერთჯერადი ჭიქები (სიტკბოების მისაღებად ზიარების შემდგომ) - შედეგად: დაჩქარებული კოლექტიური მკვლელობის თანამონაწილეები ვართ, ერიც და ბერიც.

 

 

დღეს, როდესაც ხელისუფლება იძულებულია „პალატაში მოგვათავსოს“ ნებისმიერი კლინიკისთვის დამახასიათებელი შეზღუდვებით (აღარ ჩამოვთვლი, ყველამ იცის) - ისევ შფოთში ვართ? „სალათამ გვაწყინა“? ვეურჩებოდით, ვედავებოდით და ამ დავით რაც მოგვივიდოდა კი ვიცით და ნუღარავის ნუ გადავაბრალებთ. პოლიტიკურად პოლარიზებულები რომ ვართ - ვიცოდით, ქართველობასა და სიყვარულში „დახარვეზებული“ - სამწუხაროდ მასეა, მაგრამ ინდივიდუალური თვითშეგნების, დისციპლინის, შინაგანი კულტურის, ელემენტარული ინტელექტის მხრივ რომ კატასტროფაა ერში - ესეც დავინახოთ, შევიგნოთ, გამოვასწოროთ და საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ, რომლის გარეშე - უკვე უფსკრულია.

 

 

ეხლა ნუგეში. მოსახდენი მოვახდინეთ. რეგულაციები დაგვიწესეს, „პალატაში მოგვათავსეს“ - გამოსავალი? უპირველ ყოვლისა - დადებითი ემოციების გამომუშავება. ზამთრის პერიოდში, როდესაც „ბედნიერების“ ჰორმონი/სერატონინის ისედაც ნაკლებობაბაა - აუკრძალეთ საკუთარ თავს უარყოფითი საინფორმაციო შხამით კვება. გადაერთეთ გასართობ ფილმებზე/კონცერტებზე/მულტფილმებზე - იმედია, ჯერ კიდევ შემორჩა ტელესივრცეში ისეთი არხები, ვინც წინასაახალწლოდ მაინც ამ მხრივ თავის პროგრამებს გადახედავენ. ჰაერი დასუფთავდება - ისეირნეთ რაც შეიძლება მეტი, შვილებთან, მეუღლეებთან, შვილიშვილებთან, ძაღლებთან ერთად. მარტომ ისეირნეთ - ყურსასმენებითა და რობერტ პლანტის ბოლო ალბომის თანხლებით.

 

 

ტელეარხებმა თავის დილის/დღის/საღამოს ეთერებში მოიწვიეთ რაც შეიძლება მეტი დადებითი რესპონდენტი - განსაკუთრებით ყველა ასაკობრივი ჯგუფის ფსიქოლოგები, რომლებმაც უნდა აუხსნან „პალატაში“ განთავსებულებს, რომ ეს არის იძულებითი და დროებითი პროცედურა და რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია - თუ როდის დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, და რაც მთავარია, აუხსნან - რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის.

 

 

ხელისუფლებავ - ნუ მიატოვებ მოსახლეობას თებერვლამდე. დაბნეულია ხალხი და ბევრს ჯერ კიდევ კარგად არ ესმის დაწესებული რეგულაციების არსი, მთავრობის მიერ სოციალური დახმარებების პაკეტის ოდენობა, ნუ დაიზარებთ - ყოველდღიური კონტაქტი იქონიეთ „პაციენტთან“. დააკვირდით „ავადმყოფობის“ მიმდინარეობას და აქედან გამომდინარე კორექტივები შეიტანეთ იმავე რეგულაციებში. დააბრუნეთ ტელეარხებზე დამატებითი ოფციები - თუნდაც მორბენალი სტრიქონი, საიდანაც „არა/კორონადაინფიცირებულები“ - გულის შეტევის, მოტეხილობის, პერიტონიტისა და ა.შ. შემთხვევაში მიიღებენ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას, თუ რომელ პროფილურ კლინიკაში (მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი) რამდენი საწოლია თავისუფალი, და რომ შეიძლებოდეს იქ (სასწრაფოს ეკიპაჟების გადატვირთულობის გათვალისწინებით) საკუთარი ძალებით მისვლა ისე, რომ ამით არ იზღუდებოდეს სადაზღვევო მომსახურეობის ავტომატურად ჩართვა. და მთავარი - თუ შიდა სახელისუფლებო ხარვეზები ჩვენზე უკეთესად იცით, ნუღა დააყოვნებთ და დროულად მიიღეთ შესაბამისი, მათ შორის საკადრო ზომები.

 

 

ოპოზიციავ - მოგიწოდებთ მორატორიუმი გამოაცხადოთ თქვენს ამ სიტუაციაში უაზრო ჭკუის სწავლებაზე. ნეტავ ასეთი თვითშეგნება მენახა თქვენს რიგებში, როდესაც „გასტროლ/გასტროლ“ დაატარებდით კორონა/გავრცელების კერებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე. თუ ვერ გვეხმარებით ამჯერზეც - ხელს მაინც ნუღა შეუშლით.

 

 

და ბოლოს დაპირებული პოზიტივი. მაინც ნახევრად/ჩაკეტილები და „ნაწილობრივ/პარალიზებულები“ ვართ, მოდით ეს პერიოდი მაქსიმალურად საშობაო მარხვის რეჟიმში გავატაროთ ისე, ვისაც როგორ შეუძლია - სრული დაცვიდან დაწყებული „წერტილოვანი შეზღუდვებით“ დამთავრებული. უფალი მოწყალეა და თუ ჩვენს გულწრფელ სინანულს, თითოეულის პასუხისმგებლობას და მინიმალურ ღვაწლს დაინახავს დაშვებული შეცდომების გამოსწორების გზაზე, ჩვენი გამოჯანსაღებაც დაჩქარდება და ბედნიერი ახალი წელიც დადგება“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი