logo_geo
მელიტონ სულაბერიძე: კომუნისტურ 80-იან წლებში ირაკლი მოწერელია 50 წლით წინ იყურებოდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 23:44

 

 

 

პროფესორი, მეცნიერი მელიტონ სულაბერიძე, „ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარზე, ალექსანდრე მოწერელიასა და მისი მამის, ირაკლი მოწერელიას შესახებ შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„13 ნოემბერს ირაკლი მოწერელიას 79 წელი შეუსრულდებოდა.

 

მე მარტვილელი ვარ, აქ დავიბადე და სკოლაც აქ დავამთავრე, შემდგომში ცხოვრება და მოღვაწეობა მის ფარგლებს გარეთ მომიწია.

 

რაიონში ჩამოსული გაკვირვებული ვრჩებოდი იმ გრანდიოზული აღმშენებლობითი საქმიანობით, რომელსაც თითქმის, ათი წლის მანძილზე, ბატონი ირაკლი მოწერელია ეწეოდა. ხალხი ბრძენია და სწორედ ასეთი შრომისათვის, მადლიერმა მარტვილელებმა,  მას „მარტვილის აღმაშენებელი“ შეარქვეს. ადამიანმა გაბედა და საბჭოთა პერიოდში, ოსტატურად გამოიყენა შაბათობები იმისათვის, რომ მარტვილის მონასტრის იერსახე მოეწესრიგებინა, მისი რეაბილიტაცია-რესტავრაცია მოეხდინა,  ქ. მარტვილის ცენტრი საბაგირო გზით დაუკავშირა მარტვილის სამონასტრო კომპლექსს, კანიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც თავკაცობდა.

 

მისი მოღვაწეობის პერიოდში, მდინარეებზე: აბაშა და ინჩხია რამდენიმე ხიდი აიგო, გაჩნდა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, მოხდა რამდენიმე ხევის ამოვსება; კურორტ ლებარდის გზაზე აიგო რვა ხიდი, ქალაქში პირველად აშენდა რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი, რომელიც აშენდა აგურით (განმეორებულია იგივე პროექტი თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე), მარტვილში როგორც მცირემიწიანი და რთული რელიეფის პირობებში ეს პროექტი უნიკალურია. გაკეთდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალური კომპლექსი. დაიწყო საავადმყოფოს ახალი კომპლექსის, მეფრინველეობის ფაბრიკის, აგურის ქარხნის, ჩაის ფაბრიკების, მეცხოველეობის  კომპლექსების, სკოლების, საბავშვო ბაღების, სოფლად კულტურის ცენტრების, სტრატეგიული მნიშვნელობის შემოვლითი, თუ რაიონის ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ასფალტირებული გზების მშენებლობები.

 

1986 წელს ირაკლი მოწერელიამ, მიაღწია იმას, რომ მარტვილში საკავშირო დაქვემდებარების საწარმო ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა დაარსა და ავსტრიული თანამედროვე დანადგარებით, ავსტრიელ ინჟინრებს დაამონტაჟებინა.

 

კომუნისტურ 80-იან წლებში ირაკლი მოწერელია 50 წლით წინ იყურებოდა.

 

ბატონმა ირაკლიმ რაიკომის პირველი მდივნის თანამდებობა 1987 წელს დატოვა.

 

1995 წელს, გაზეთი „მარტვილი“ მოსახლეობას სთავაზობს რუბრიკას „ჩვენი ფოტოთეკა“, ნიშანდობლივია, რომ მადლიერმა მარტვილელებმა სწორედ ბატონი ირაკლი მოწერელიას  პორტრეტით დაიწყეს.

 

წელს, არჩევნების პერიოდში,  ბატონი ირაკლის მემკვიდრეს, ჩემს უმცროს მეგობარს ალექსანდრე მოწერელიას, როგორც დეპუტატობის კანდიდადატს, დავყვებოდი შეხვედრებზე სოფლად თუ ქალაქად. გაკვირვებული დავრჩი, როგორი სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა მადლიერი ხალხი ბატონ ირაკლის 33 წლის შემდეგაც - ყველა სფეროს წარმომადგენლები, უფროსი თაობაც ვინც მოესწრო და მათი შვილების თაობაც, ვინც არ მოსწრებია, მაგრამ თავიანთი მშობლებიდან ჰქონდათ განაგონი, საოცარია როგორ მოახერხა ამ ადამიანმა თითოეულ მოქალაქეს ასე შეხებოდა, ხელი გაეწვდინა და დახმარებოდა, ამდენი მადლიერი რიგითი მოქალაქე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ის რაც ვიცოდი თურმე არ მცოდნია, თურმე იმაზე უფრო მეტად ყვარებიათ და იმაზე მეტი გაუკეთებია რაც მე ვიცოდი, ყველგან მისი ნაკვალევი და ნაშრომი დაგვხვდა.

 

არჩევნებში ახალგამარჯვებულ დეპუტატ ალექსანდრე მოწერელიას და მის მეგობრებს, ბატონი ირაკლის გუნდის წევრებმა „შეგირდებმა“ (ასე უწოდებდნენ საკუთარ თავს), დაგვათვალიერებინეს „ოსტატის“ მიერ ჩაფიქრებული, მაგრამ განუხორციელებელი პროექტები. გაკვირვებული დავრჩი ამ პროექტების გრანდიოზულობით, პერსპექტივით. „შეგირდებისადმი“ ჩემს ლოგიკურ კითხვაზე - რას ეყრდნობოდა მათი ოპტიმიზმი, გაკვირვებულებმა მიპასუხეს - ირაკლი მოწერელიას...

 

აფერუმ ასეთ ადამიანს!

 

მარტვილელებთან ერთად იმედს ვიტოვებ, რომ ახლა უკვე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, ალექსანდრე მოწერელია, განახორციელებს  მამის  ჩაფიქრებულ პროექტებს.  სწორედაც რომ,  „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.“

 

მოხარული ვარ, რომ მარტვილში გამოჩნდა საინიაციატივო ჯგუფი, რომელიც ირაკლი მოწერელიასადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემას შეუწყობს ხელს. წიგნი, რომელშიც მთელი სისრულით გამოჩნდება ამ დიდებული ადამიანის მთელი ნაღვაწი.

 

 პატივისცემით, ბატონი ირაკლი მოწერელიას უმცროსი მეგობარი, მეცნიერებათა დოქტორი, მათემატიკოსი მელიტონ სულაბერიძე“, - წერს მელიტონ სულაბერიძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი