logo_geo
მალხაზ ნუცუბიძე მთავრობას: გთხოვთ, გაითვალისწინეთ რესტორნის თანამშრომლების, მათი ოჯახების ბედი და რამდენიმედღიან გახსნაში, იქნებ რესტორნებიც შეიყვანოთ
- +

2 დეკემბერი. 2020. 16:02

 

 

„მარანი ჰოლის“ მმართველი მალხაზ ნუცუბიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველოს მთავრობა

 

თითქოს ახალი არაფერი ხდება და, თითქოს ამ ყველაფრისთვის ვემზადებოდით. ველოდით კიდეც.

 

დავიკეტეთ...

 

ასეთი მოცემულობაა სამყაროში, სხვა არჩევანი უბრალოდ არც არსებობს.

 

კი ბატონო, ეს ასეა, რად უნდა ამას ამდენი ლაპარაკი, რომ  უნდა დავუდგეთ სახელმწიფოს და, ერთმანეთს გვერდში და უნდა გადავრჩეთ. რად გვინდა რამე, თუ ადამიანები არ გვეყოლებიან ირგვლივ და, რაც მთავარია, რა ფასი აქვს ადამიანობადაკარგულ, შეშინებულ,  სიცოცხლის უუნარო სახის ყურებას. პირველი კარანტინის დროს ასე არ გაგვჭირვებია. ახლა ბევრად გართულდა გადარჩენისთვის ბრძოლა. ზამთარი ამ ყველაფერს კიდევ სხვანაირად ამძიმებს, იმედიც აღარაა. არ დავიწყებთ გაგონილის მოყოლას, ჩვენს მაგალითზე გვინდა, ცოტა რამ გიამბოთ, რომელიც გარედან პომპეზური ჩანს და, მისი მიხედვაც ასეთივე მასშტაბით გვიწევს.

 

140 ადამიანი ერთმანეთს შევყურებთ თვალებში, რომ ეს ამდენხნიანი თანაგუნდელობა არ დაგვეშალოს. წინა კარანტინში რაღაცნაირად მოვახერხეთ, გახსენებაც არ გვინდა. ახლა უკვე ძალიან გვიჭირს. თბილისის „მარანი“-დან და, მცხეთის „მარანი ჰოლი“-დან ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით 25-30 ათას ლარს ვრიცხავთ (თუ გადავაცილებთ დროს, ჯარიმა ან  ყადაღა გარდაუვალია, შეღავათი არ არსებობს, არც გამონაკლისი).

 

აბსოლუტურად კარგად გვესმის განგაშის და, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა, მაგრამ ამ შექმნილი სიტუაციის გამო დაწესებული ასეთი რეგულაციები, უბრალოდ, ან ნაჩქარევია, ან ხელმეორედაა გადასახედი. მანამდე დრო გაქვთ და, იმედია, მართლა გაითვალისწინებთ, რომ თუკი 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით თითქმის ყველაფერი იხსნება, და ჩვეულებრივად შეძლებენ მუშაობას. ნამდვილად იმსახურებენ რესტორნებიც ამ პირობის გაზიარებას. შეიქმნას მანამდე კომისია, მობრძანდით, შეამოწმეთ, ისევ გადათვალეთ თქვენებურად, რამდენ კაცზე იქნება შესაძლებელი ყველა წესის დაცვით სტუმრის მიღება და, ჩვენც მოგვეცით საშუალება თვითგადარჩენის. დიდი პასუხისმგებლობაა დღეს სამსახური, ადგილის შენარჩუნება და, თანამშრომელისთვის ხელფასის გაცემა. მთელი წელი სტრესში გავატარეთ ყველამ და, ამ შობა- ახალ წელს, რომელიც გამორჩეული რიტუალია ადამიანისთვის, როგორმე ჩვენც შეგვახვედრეთ დაუშლელად, სამსახურშენარჩუნებულად და, გადარჩენის იმედით. ეს იქნება რამდენიმე ადამიანის ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება. თუ თქვენ ცეკვით ვირუსის გავრცელების გეშინიათ, დაგვიჯერეთ, აღარ ეცეკვებათ უკვე ადამიანებს, მხოლოდ ინერციით მოდიან, სხედან და არაფრისმეტყველი თვალებით  ძლივს იღიმიან. ძალიან რთულია,  საშინელი სანახავია, ჩვენს თვალწინ როგორ შეიცვალნენ, ჩვენი კარგად ნაცნობი,  მუდმივი სტუმრები და იქცნენ სევდიან, გაუცხოებულ "კლიენტებად".  ჩვენ ხომ სხვანაირი სტუმარ-მასპინძლობა გვქონდა, უცხოელიც კი შინაურდებოდა და, გვიერთიანდებოდა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჯერ არის  დრო და, გაითვალისწინეთ რესტორნის თანამშრომელთა და, მათ უკან მყოფი ადამიანების ყოფაც. ეს რომ ეპიდემიის გავრცელების საფრთხე იყოს, ამაზე არც   ვიფიქრებდით, მაგრამ ოჯახების გადარჩენის საფრთხეა და, მათ გადასარჩენად ამ რამდენიმე დღიან გახსნაში, იქნებ როგორმე რესტორნებიც შეიყვანოთ - რა თქმა უნდა, ყველა წესების დაცვით და,  ნებისმიერ დროს შემოწმებით. დღეს პირველი დეკემბერია, მშვიდობიანი, თბილი და, ჯანმრთელი გამოზამთრება გვისურვებია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის.

 

P.S. ერთი რამ გვინდა კიდევ გამცნოთ (შეიძლება ეს არც იცით და, სხვანაირად გგონიათ და გთხოვოთ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და, ალბათ, რესტორნების უმრავლესობა იგივე „უცნაურობაშია“... კომუნალური გადასახადების გადახდის დაპაუზებას გთხოვთ - განა არ ვიხდით, უბრალოდ, ცოტა ხნით შეგვიჩერეთ, რადგან ბალანსზე არსებული დეპოზიტის გამოყენების საშუალება არ გვეძლევა... დიახ, შუქის, გაზის და წყლის გადასახადზე თანხა გვიდევს დეპოზიტზე, უბრალოდ ვერ ვიყენებთ, რადგან ამის ათვისება რომ მოხდესო, ჯერ უნდა გაუქმდეს დადებული ხელშეკრულება მეიჯარესთან, მერე თავიდან ახლებურად უნდა გაფორმდეს და, მხოლოდ მერე შეძლებთო... გაგიკვირდათ ხომ, თუ ვერ გაიგეთ? ჩვენც ასე ვართ, გაკვირვებულნი და ვერგაგებულნი. თანაც ამ ყველაფერს ის ამძაფრებს, რომ გვირეკავენ შესაბამისი სამსახურებიდან და, მუდმივად გვახსენებენ გადაუხდელობის შემთხვევაში გაგითიშავთო. ასე მარტივი რომ იყოს, ჩვენც მოვაგვარებდით და, ასე არ გავირთულებდით, მაგრამ მაცივარში არსებული პროდუქტის გაფუჭება და, დამატებითი ზარალი  მართლა აღარ შეიძლება. აქ ისეთ პროდუქტებს ვგულისხმობთ, თანამშრომლებსაც რომ ვერ დაურიგებ საჩუქრად, თორემ მაგის გაკეთება ისედაც არ გვეშლება...“ - წერს მალხაზ ნუცუბიძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი