logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: რატომ უფრთხილდება პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობის ხსენებას...
- +

4 აპრილი. 2017. 12:30


 

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და „მოსმენების კანონზე" წერს:

 

„რბილად რომ ვთქვა, უცნაურია, რომ ამ ჩამონათვალში, სადაც ნახსენებია საბჭოთა პერიოდის უმძიმესი მემკვიდრეობა, და როცა საუბრობს მოსმენების სისტემით დანერგილ სისტემებზე, არ ახსენდება პრეზიდენტს უახლოესი წარსული და მოსმენების საზოგადოების სრულ კონტროლზე აყვანის საშუალებად გადაქცევა, რამაც მართლაც 30-იან წლებში დააბრუნა საქართველო... ან რატომ უფრთხილდება „ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობის თუნდაც ხსენებას... მოსმენების კანონზე დღეს რომ ვმჯელობთ, სწორედ ეს სასტიკი გამოცდილება უნდა გვახსოვდეს.

 

რაც შეეხება პირველ პოსტულატს, რომ დასავლეთში ადამიანის უფლებები სახელმწიფო ინტერესების ტოლფასად მიჩნეულია, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობას არ ასახავს, როცა ამერიკაში (Homeland security) თუ ევროპაში სახელმწიფო უსაფრთხოება ანუ მოქალაქეთა უსაფრთხოება დგას უმაღლეს და უალტერნატივო პრიორიტეტად, თუნდაც იმიტომ, რომ ტერაქტის შემთხვევაში, პირველი კითხვა, რასაც საზოგადოება უსვამს სახელმწიფოს, შემდეგია: რატომ არ იცოდით, რატომ ვერ მიიღეთ პრევენციული ზომები, რატომ ვერ დაგვიცავით, რატომ? რატომ?

 

ამდენად, დღეს უსაფრთხოების საკითხების ვითომცდა ადამიანის უფლებების დონეზე დასმა, ან მათი თუნდაც შედარება, არის ასევე დრომოჭმული, რამეთუ დემოკრატიულ სამყაროს უსასტიკესი გამოწვევების წინაშე მიაჩნია, რომ ადამიანის პირველი უფლება არის სიცოცხლის დაცულობა და სახელმწიფოს პირველი მოვალეობა კი - მისი მოქალაქის უსაფრთხოება... და ყველა ცდილობს, სწორი ბალანსი დააწესოს და ჩვენთანაც ამ ბალანსზეა საუბარი და არა ადამიანსა და სახელმწიფოს შორის არჩევანის გაკეთებაზე ან ერთის მეორეთი დაჩრდილვაზე.

 

საბჭოთა სისტემა კი სხვა განზომილებაში იმყოფებოდა, სადაც ამგვარი ამოცანა არ არსებობდა, და სახელმწიფო ინტერესი კი არ ჭარბობდა, არამედ ადამიანი ამ ამოცანაში არც ფიგურირებდა... ამიტომ შედარება არასწორია, იდეოლოგიურია, და ამ საკითხის სწორ გაანალიზებას არ ემსახურება..." - წერს ზურაბიშვილი.






 

big_banner
არქივი