logo_geo
რამაზ ხოტივარი: ღმერთო, შეგვინდე ყველას, თუ კი ვინმემ მის მიმართ რაიმე შეცდომა დავუშვით
- +

11 დეკემბერი. 2020. 22:05

 

 

ქართული კინოს კლასიკოსი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, უნივერსიტეტის პედაგოგი, რეჟისორი, მსახიობი, ოპერატორი ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, 10 დეკემბერს, 82 წლის ასაკში კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

 

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, რეჟისორ ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის გარდაცვალებას, რეჟისორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი სოციალურ ქსელში ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს:

 

„წავიდა ჩვენგან დიდი კაცი. ნამდვილი კაცი. წავიდა ალექსანდრე რეხვიაშვილი, წავიდა საშა – ღრმა, პოეტური, ნატიფი, სულიერებით სავსე უხმაურო ქართველი ვაჟკაცი – გაუტეხავი, ერთგული, გამგები, შენი დარდების შენზე მეტად შემგრძნობი.

 

ჩუმი პატრიოტი, საქართველოზე გაგიჟებული, რაჭის ისტორიისა და ყველა კუთხე-კუნჭულის ზეპირად მცოდნე. მსოფლიო დონის რეჟისორი. მსოფლიო დონის კინოოპერატორი, ქრესტომათიული კინოკადრების შემოქმედი.

 

არაჩვეულებრივი კოლეგა, კეთილი, გამგები, საოცარი მრჩეველი, ხელოვნების ყველა საიდუმლოს დამნახავი და ამხსნელი…

 

ერთგულზე ერთგული მეგობარი, ნამდვილი ძმაკაცი. ძმაკაცი უფრო უყვარდა, ვიდრე საკუთარი თავი. ყველა ნიუანსის ღრმად დამნახვი და ყველაფრის მპატიებელი.

 

ნამდვილი მართლმადიდებელი, უპრეტენზიო, მორჩილი, ღვთის ერთგული. ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული.

 

ღმერთო, შეგვინდე ყველას, თუ კი ვინმემ მის მიმართ რაიმე შეცდომა დავუშვით…“ – წერს ხოტივარი.

 

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე რეხვიაშვილი დაიბადა – 1938 წლის 17 იანვარს ქ. მოსკოვში.

 

1962 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის(მოსკოვი) საოპერატორო ფაკულტეტი, 1971 წელს კი, ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

 

1971 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია “ქართულ ფილმში”; ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: “ნუცა” (1971), “XIX საუკუნის ქართული ქრონიკა” (1978), “გზა შინისაკენ” (1981), “საფეხური” (1986), “მიახლოება” (1989), “უკანასკნელნი” (დოკუმენტური, 2006),

 

“იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის” (დოკუმენტური, 2008), “რამაზ ჩხიკვაძე” (დოკუმენტური, 2013); სცენარის ავტორია ფილმების: “ნუცა” (1971), “XIX საუკუნის ქართული ქრონიკა” (1978), “გზა შინისაკენ” (1981), “საფეხური” (1986), “მიახლოება” (1989), “უკანასკნელნი” (დოკუმენტური, 2006),

 

პროდიუსერია ფილმის – “რამაზ ჩხიკვაძე”(დოკუმენტური, 2013); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: “ალავერდობა” (1962), “მიქელა” (1965), “ფიროსმანი”(1969), “ძაღლი” (1974), “რამაზ ჩხიკვაძე” (დოკუმენტური, 2013); გადაღებულია ფილმში: “ფიროსმანი” (1969). კინორეჟისორი.

 

1979 წელს მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა, ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა”. 1990 წელს კი, მისმა ფილმმა “მიახლოება“, მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.

 

 

 

big_banner
არქივი