logo_geo
ნინო ხაჩიძე: მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს - მოაშთეთ ეს სიკვდილის მანქანები, რომლებსაც რატომღაც კლინიკები ჰქვიათ!
- +

15 დეკემბერი. 2020. 12:38

 

 

ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე, კლინიკა „გერმანულ ჰოსპიტალში“ მის თავს გადამხდარი ამბის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ამბავი მომხდარი

German Hospital • გერმანული ჰოსპიტალში (14.12.2020)

 

მოკლედ, წუხელ - გამთენიის სამ საათზე, მას შემდეგ, რაც ჩემს სადაზღვევოს დავურეკე ათასგზის და ვუამბე ჩემი ანამნეზი და ავუხსენი, ძალიან ცუდად ვარ, მართალია, კოვიდ-უარყოფითი ვარ, მაგრამ ვიგუდები-მეთქი, არც გადაყვანა მინდა, არც გადმოყვანა, „კატეს“ გასაკეთებლად მაინც წამიყვანეთ სასწრაფოთი, რადგან, თუ კოვიდ-პნევმონიაა, მომკლავს უეჭველად, მე განა მენაღვლება, სამოთხეში ვირონინებ, მარა თქვენ იქნებით იმ კუპრში ჩახარშული და გული მომიკვდება-მეთქი (მართლა ასე ვუთხარი), დაფიქრდა ოპერატორი გოგონა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ, რაც ზრდილობიანად მითხრა, ბოდიშს გიხდით შეყოვნებისთვისო, დამაიმედა - მოვა ჩვენი სასწრაფო, „კატეს“ გაგიკეთებთ, მაგრამ იქ თქვენ არ დაგიტოვებენო. ორივე ფილტვიც რომ არ მიმუშავებდეს-მეთქი?! მან დუმილის უფლება გამოიყენა, ამიტომ მე მივუგე, კარგი, „კატე“ გადამიღეთ და დამაგდეთ ქუჩაში, მიუხედავად პასუხისა-თქო. რატომღაც მადლობა გადამიხადა... ვვარაუდობ, დაბნეულობისგან. მე ვიფიქრე, რომ მომსახურება გადაუდებელია - უარეს შემთხვევაში, თანადაფინანსებას გადავიხდი (ოპერატორს არაფერი აუხსნია). მოვიდა სადაზღვევოს სასწრაფო (ამასობაში რამდენიმე საათს იჯდა ჩემთან „112“-ს სასწრაფო და ჟანგბადს მიზომავდა და ადგილებს ელოდებოდა კლინიკებში), მიმიყვანეს, გადამიღეს „კატე“, ჩამოვდივართ ლიფტით, მახლავს სასწრაფოს ექიმი, ვაჟი, ვინც ურიკას მოაგორებს (უნდა დაჯდეთ ურიკაზე - ასეთია წესი, თავბრუ რომ დაგეხვეთო?! ანუ რაც უნდა გჭირდეს, ქუჩაში დაგაგდებთ ღამის 3 საათზე, მარა ურიკით მიგიყვანთ სასწრაფოს მანქანამდეო). ჰოდა, სანდომიან გოგონას (რომელიც ადასტურებს, რომ მშვენიერ სხეულში ყოველთვის მშვენიერი სული ვერ ბუდობს), ვეუბნები, ხომ მომცემთ დისკს? არაო, - მიპასუხა ძალიან ქედმაღლურად, ჩვენ დისკებს არ ვიძლევით. დღეს 200 „კატე“ გადავიღეთ და ყველას დისკს ხომ არ მივცემთო. რადიოლოგი 24 საათში პასუხს დაწერს და გაიგებთო, გადავირიე ცოტა არ იყოს, მაგრამ მეორე კითხვაც დავსვი - შეიძლება, რადიოლოგმა მითხრას, ეს კოვიდ-პნევმონიაა თუ უბრალოდ პნევმონია-მეთქი (ეს მარტივად ჩანს და იმავე წამს). 24 საათში გაიგებთო. ვგრძნობ, რომ ჩემში იღვიძებს მხეცი და გარბის უქეიფობა. ვცდილობ, შევინარჩუნო ქრისტესმიერი სიყვარული მოყვასისადმი და ყუჩად ვარ, ამ ამბავს ხვალ გავარკვევ-მეთქი. რადგან უკვე დილის 4-ს ნახევარი იყო. ჩამსვეს ისევ სასწრაფოს მანქანაში, გავიდა 5-10-15 წუთი, გავითოშე. მანქანა გარედანაა დაკეტილი - შიგნიდან არ იღება, ავტეხე ბრახუნი და მოვითხოვე ჩემი გათავისუფლება. მძღოლმა, რომელიც იქვე პაპიროსს ეწეოდა, კარი გამიღო. შევედი „გერმანული ჰოსპიტლის“ მისაღებში. ჩემი სასწრაფოს არაჩვეულებრივი ექიმი უმტკიცებდა ავადსახსენებელი „გერმანული ჰოსპიტლის“ ადმინისტრატორს, რომ ფულის გადახდა არ მეკუთვნოდა და სადაზღვევოს პრეროგატივა იყო, იმიტომ, რომ მარჯვენა ფილტვი არ მესინჯებოდა, მქონდა ცხელება, დაბალი სატურაცია და ვიყავი კოვიდ-უარყოფითი. ძალიან ღელავდა ქალბატონი - ფანტასტიკური ადამიანი და ექიმი - მე ვუთხარი, თქვენ დამშვიდდით, მე პნევმონია მაქვს, თორემ რუხ ნივთიერებაში არა მიჭირს-მეთქი. ადმინისტრატორ გოგონას ვთხოვე, აეხსნა საქმის არსი (გაითვალისწინეთ  - სატურაცია მაქვს 89, თვალებში მიბნელდება და ეს იცის იმ კლინიკაში ყველამ, ვინც იმ დროს იქაა). ახალგაზრდა ქალი რობოტის თვალებით მიამბობს ამბავს - ჩვენ თქვენს სადაზღვევოს ვუთხარით, რომ თქვენ ფულს არ იხდითო. საიდან დაადგინეთ, სიზმარი ნახეთ-მეთქი (ჩემთვის მსგავსი არაფერი უკითხავთ)? მიყურებს შუშის თვალებით. მე ვაგრძელებ, მე მჭირდება დისკი, დისკს არ მაძლევთ, სანამ არ მომცემთ, ფულს მართლაც არ გადავიხდი-მეთქი. დისკი შეიძლება, ხვალ იყოსო. ნამდვილად იქნება-მეთქი, ვაზუსტებ. შუშის თვალებით მიყურებს ისევ. რაღაცის ბეჭდვა დაიწყო. და მაწვდის ხელშეკრულებას, რომ მე გადავიხდი ხვალ, ანუ 14 დეკემბერს, 220 ლარს. ვეკითხები - ტექსტში წერია, რომ დისკს მაძლევთ? არა, ამას კომპიუტერში მივაწერო და აი, აქ ნინოს უქეიფობა უკვალოდ გაქრა, სატურაცია დარეგულირდა და მხეცმა გაიღვიძა! ტონისთვის არ ამიმაღლებია, გავლანძღე, მაგრამ არქაული ქართული სიტყვებით და დახვეწილი ლიტერატურული ფორმით, მაგრამ ვერ გავაგებინე მაინც, რომ, რასაც ხელს ვაწერ, ძალა აქვს მხოლოდ იმას, ამიტომ, დისკს თუ არ მაძლევთ, არაფერსაც ხელს არ ვაწერ-მეთქი. ის საბრალო ახალგაზრდა ქალი მიყურებს კვლავ შუშის თვალებით. მე წამოვსკუპდი გამათბობელთან ძალიან კომფორტულ სკამზე და განვაცხადე - არანაირ ფულს არ ვიხდი, გამოიძახეთ პატრული და დამაკაოს-მეთქი.

 

თან სკამზე ვქანაობ - კარგი სკამი იყო, სასიამოვნო. ჩამოწვა დუმილი. ამასობაში ავანსცენაზე გამოჩნდა მძიმე არტილერია - საშუალოზე წონიანი ქალბატონი და მკაცრად მეკითხება, რაშია საქმე?! მე მოკლედ მოვუყევი და სკამზე ქანაობაც გავაგრძელე და პატრულის გამოძახების მოთხოვნაც. იჩურჩულეს, რეკეს სადღაც, თუმცა, თავდაპირველად სცადეს, დაებრალებინათ, რომ ვცრუობდი და არავის უთქვამს, რომ არ მომცემდნენ დისკს. ეს ამბავი არ გაუვიდათ, იფუთფუთეს და სანამ მე სკამზე ტრიალით გული ვიჯერე - დისკი მომართვეს, სხვათა შორის, იმ სანდომიანმა გოგონამ, რომელიც მიმტკიცებდა, ჩვენ დისკებს არავის ვაძლევთო. მე გადავიხადე 220 ლარი (სანამ დისკს გაიმეტებდნენ  - მამუნათებდნენ, სასწრაფოს გამოძახებები აქვს, უნდა გადაიხადოთ ფული და წაჰყვეთო, მე ვპასუხობდი, აქ ვრჩები დილამდე, სასწრაფო წავიდეს-მეთქი ).

 

არც კი უკითხავთ ელფოსტა, რომ რადიოლოგის პასუხი გამოეგზავნათ და არც ის, თუ ფირებს როდის მომცემდნენ. არაფრით რომ არ მითხრეს, იყო თუ არა კოვიდ-პმევმონია, ეს მათი ცალკე უბედურებაა (ჰიპოკრატე მაგრად გაჯორავს მაგათ, როცა იქნება).

 

მეორე დღეს, დილით, დავრეკე და მოვითხოვე პასუხი რადიოლოგის - მიპასუხა ქალბატონმა, რომელიც მელაპარაკებოდა, როგორც ციხის ზედამხედველი ნარკობარიგას. დეტალებს არ მოვყვები - აქ მაქვს დასკვნა, მითხრა უხეშად, მე ვთხოვე - დახედეთ, კოვიდ-პმევმონია ხომ, არ არის-მეთქი და ისეთი შეჰკივდა - სად მცალია მე ამეებისთვის, პაციენტები მახვევიაო (German Hospital • გერმანული ჰოსპიტალი - გაასინჯეთ ფსიქიატრს ქალბატონი - ნერვები ცუდ დღეში აქვს, ცოდვაა, მაინც ადამიანია, ღვთის შვილი) და უცებ მესმის მამაკაცის ხმა, კი მაგრამ, რას ითხოვთ ჩვენგან, ქალბატონოო? - დავიბენი, ჟანგბადის ნაკლებობა მაქვს და ვიფიქრე - ჰალუცინაციები დამეწყო-მეთქი და მორიდებით ვიკითხე - უკაცრავად, ახლა ქალს არ ველაპარაკებოდი-მეთქი და ისევ დასჭექა ქალის ხმამ (ხმამაღლამოლაპარაკეზე ჰქონდათ, ეტყობა, ჩართული ტელ), ვერ გავაგებინე ამას, რომ დრო არ მაქვსო. აჰყვა მამაკაცის ხმა - რის გამოგზავნას ითხოვთ ჩვენგანო. მე ვუთხარი - როგორ, თქვენ რომ წუხელ სასიყვარულო ბარათს დამპირდით, ის ჯერ არ მიმიღია-მეთქი და კვლავ იჭექა ნერვებსუსტი ქალის ხმამ - ამისთვის გვცალია ახლა ჩვენო?!

 

220 ლარი გადავიხადე ამ სიგიჟეში.

 

დისკს არ მაძლევდნენ და რატომ უნდა იყო ასეთი არაადამიანი, რომ არ უთხრა პაციენტს, რა სჭირს, თან - კოვიდ-პნევმონია არ მაქვს (ანუ სადაზღვევოსთვის ეს გადაუდებელი კვლევაა).

 

იმ კლინიკის ამბავს - პისიარი რომ ჩამიტარა და ახლა სადაზღვევოს უმტკიცებს, პასუხი დადებითიაო და მე კი უარყოფითი გამომიგზავნა, ხვალ გიამბობთ.

 

სადაზღვევოსას - ზეგ.

 

და მერე, მე ვიწყებ სასამართლო პროცესებს.

 

ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძალიან კარგი კანონები.

 

ეს კანონები არ სრულდება იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იციან თავიანთი უფლებები.

 

არასამთავრობოების უმეტესობა ასრულებს დონორის დაკვეთებს.

 

მე შევასრულებ თქვენს დაკვეთებს.

 

ჩვენ უნდა ავაშენოთ სამოქალაქო საზოგადოება.

 

ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო, სადაც აი, იმ პერსონალს, როგორიც მე „გერმანულ ჰოსპიტალში“ დამხვდა (უკვე დამბლოკეს), მაქსიმუმ ბაზარში დაკლული საქონლის ხორცს დააფასოებინებენ!

 

თავს ვგრძნობ გადასარევად, თანავუგრძნობ „გერმანული ჰოსპიტლის“ თანამშრომლებს და მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს - მოაშთეთ სიკვდილის მანქანები - რომლებსაც რატომღაც ჰქვიათ კლინიკები!

 

  1. S. სადაზღვევოს ოჯახის ექიმთან ვერ ჩავეწერებოდი რამდენიმე დღეს, რომ მოეცათ მიმართვა, ჩემს პულმუნოლოგთანაც იყო რიგები და მერე შაბათ-კვირა დაემთხვა და ვერავის გადავახტებოდი თავზე რიგში - იქ ყველა გაჭირვებულია. „გერმანულმა ჰოსპიტალმა“ ფორმა 100-ც კი არ მომცა!!! მხოლოდ „კატეზე“ ხარ მოყვანილიო“, - წერს ნინო ხაჩიძე.

 

 

big_banner
არქივი