logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: ანა კი ჩუმად იჯდა ერთ-ერთ კუპეში და არ იცოდა, სად წასულიყო...
- +

15 დეკემბერი. 2020. 16:36

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე დიდი ქართველი პოეტის ანა კალანდაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ქალბატონმა ლეილა კაჭარავამ მიამბო წლების წინათ:

 

რესტორან „ბერიკონში“(ახლა რომ დიდი კაზინოა) ანას მეგობრის (ქიცა ხერხეულიძის) შვილის თუ შვილიშვილის ქორწილია.

 

ანა, რა თქმა უნდა, ჩუმად, ფეხაკრეფით შემოვიდა და, თამხლებ პირებთან ერთად,  ერთ-ერთ კუპეში (იქ კუპეები იყო) განმარტოვდა.

 

მისი შემოსვლა უმრავლესობას არც გაუგია.

***

და აი, შუა ქორწილში, თამადა (გივი სიხარულიძე) აცხადებს, რომ დარბაზში ანა კალანდაძე იმყოფება.

 

იცით, რა მოხდა?!

 

ჯერ მთელმა დარბაზმა ერთდროულად წარმოთქვა რაღაც შორისდებული - გაოცებისა და სიხარულის გამომხატველი და შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო?!

 

ანას ლექსების წარმოთქმა - აქედან და იქიდან. ერთი დაამთავრებდა, მეორე იწყებდა, მეორე დაამთავრებდა, იწყებდა მესამე და ასე დაუსრულებლად.

 

***

ანა კი ჩუმად იჯდა ერთ-ერთ კუპეში და არ იცოდა, სად წასულიყო...

 

ეს უკვე მე წარმოვიდგინე...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

 

big_banner
არქივი