logo_geo
პაატა ნაცვლიშვილი: იძინე მშვიდად, ჩემო კაპიტანო!
- +

22 დეკემბერი. 2020. 15:20

 

 

ცნობილი ბრიტანელი მოგზაურის ტიმ სევერინის გარდაცვალებას მისი ერთ-ერთი მოგზაურობის მონაწილე, ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

 

„ისტორიული მოგზაურობების ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა! 18 დეკემბერს ირლანდიის ქალაქ კორკში 80 წლისა გარდაიცვალა სახელგანთქმული ბრიტანელი მოგზაური, მეცნიერი და მწერალი, კაპიტანი ტიმ სევერინი.

 

ტიმ სევერინის მოგზაურობები მითიურ, ისტორიულ თუ ლიტერატურულ პერსონაჟთა კვალდაკვალ მთელი 60 წლის განმავლობაში აღაფრთოვანებდა თავგადასავალთა მაძიებლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

 

როცა პირველად გავიგე ტიმ სევერინის სახელი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ერთ მშვენიერ დღეს მისი ერთი ყველაზე გამორჩეული მოგზაურობის მონაწილე გავხდებოდი  და თანამედროვე არგონავტებად მონათლული რჩეული ოქსფორდელი ნიჩბოსნების გვერდით დავიკავებდი ადგილს სევერინის „არგოზე“.

 

„არგომდე“ და იასონის კოლხეთში მოგზაურობის გამეორებამდე ტიმ სევერინმა რამდენიმე დიდი სამოგზაურო-სამეცნიერო პროექტი განახორციელა: 1961 წელს, 21 წლისამ, მან მოტოციკლით გაიარა მარკო პოლოს გზა ვენეციიდან ბომბეიმდე, 1967-ში ამერიკის პირველი მკვლევარების კვალდაკვალ კანოეთი დაღმა დაუყვა მდინარე მისისიპის; შემდეგ იყო უნიკალური პროექტი რომელიც VI საუკუნის ირლანდიელი ბერის, წმინდა ბრენდანის მოგზაურობის გამეორებას ისახავდა მიზნად და რომელიც 1977 წელს დაგვირგვინდა ტყავის ნავით ჩრდილოეთ ატლანტიკის გადაცურვით ირლანდიიდან ნიუფაუნდლენდამდე. ამას მოჰყვა „სინდბადის მოგზაურობა“ 1980-1981 წლებში „სოჰარით“ – ძველი არაბული ხომალდის რეპლიკით მასკატიდან გუანჯოუმდე, რითაც სევერინმა ათას ერთი ღამის ზღაპრებში აღწერილ მოგზაურობათა ნამდვილობის შესაძლებლობა დაამტკიცა.

 

ამის შემდეგ იყო სწორედ „იასონის მოგზაურობა“, რომელიც არგონავტთა კოლხეთში მოგზაურობის ნამდვილობის დამტკიცებას ისახავდა მიზნად. ანტიკური „არგოს“ რეპლიკა სევერინმა საბერძნეთის კუნძულ ვოლოსზე ააგო და კოლხეთისაკენ გამოეშურა. ბრიტანელთა ძირითადი ეკიპაჟის გარდა და მათთან ერთად „არგოზე“ კიდევ სამი ეკიპაჟი იყო მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპზე: ბერძენთა, თურქთა და ქართველთა. ქართველთა შორის მეც გახლდით, როგორც „არგოს“ მენიჩბე და საქართველოს ტელევიზიისა და გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის საქართველოს ტელევიზიის მაშინდელ ხელმძღვანელს ნუგზარ ფოფხაძეს და გაზეთ „ლელოს“ რედაქტორს არჩილ გოგელიას. სათანადო საზღვაო კვალიფიკაცია და შორეული ნაოსნობის მატროსის ოთხწლიანი გამოცდილება კი მიმაგრებდა ზურგს, მაგრამ „არგოს“ მენიჩბისათვის ეს საკმარისი არ იყო და ინდივიდუალური მომზადების გარდა ექსპედიციამდე ოთხთვიანი საწვრთნელი შეკრება გავიარე პალიასტომზე საქართველოს საუკეთესო ნიჩბოსნების მხარდამხარ. სხვათა შორის ჩვენი ეკიპაჟის წევრი იყო სახელგანთქმული აფროსანი ჯუმბერ ცომაია – პირველი ქართველი, რომელმაც დედამიწას შემოუარა საკრეისერო იახტით.

 

1984 წელს არგონავტთა კვალდაკვალ ტიმ სევერინის ექსპედიციაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივი და უზარმაზარი გამოცდილება იყო. დიდი პატივი იყო ჩემთვის ისიც, რომ სევერინმა უფლება მომცა, ამ მოგზაურობის შესახებ წიგნი დამეწერა, რომელიც 1985 წელს გამოიცა კიდეც თბილისში. სევერინის წინა მოგზაურობების ფონზე წიგნში დაწვრილებით მაქვს აღწერილი „არგოს“ მთელი გზა და განსაკუთრებით მოგზაურობის ფინალი უკვე ქართველთა მონაწილეობით. ჩვენ სარფში შევცვალეთ თურქული ეკიპაჟი, „არგო“ ჯერ ბათუმში, მერე კი ფოთში – ანტიკურ ფაზისში შევიყვანეთ, ბოლოს აღმა ავუყევით რიონს, მოვიხილეთ ანტიკური ვანის ნაქალაქარი და ღუზა სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონის სახლთან ჩავუშვით.

 

ერთი წლის შემდეგ, 1985-ში ტიმ სევერინმა ოდისევსის გზაც გაიარა ტროადან ითაკამდე. 1987-88 წლებში იგი ჯვაროსანთა ნაკვალევს დაადგა და ბელგიიდან იერუსალიმში ჩავიდა ცხენით. ამას მოჰყვა მოგზაურობა გობის უდაბნოში ჩინგიზ-ხანის ნაკვალევზე 1990 წელს, ნაოსნობა ჩინეთისა და ინდოჩინეთის სანაპიროების გასწვრივ ბამბუკის ხომალდით ძველ ჩინელ ზღვაოსანთა კვალდაკვალ 1993-ში და მოლუკის არქიპელაგის გავლა 1996-ში. მერე იყო მოგზაურობა ჰერმან მელვილის ლეგენდარული რომანის „მობი დიკის“ მარშრუტით წყნარი ოკეანის სამხრეთში 1999 წელს და კიდევ ერთი ლეგენდარული რომანის მარშრუტის გამეორება – მოგზაურობა რობიზონ კრუზოსა და პარასკევას კუნძულზე 2002-ში.

 

ტიმ სევერინის წიგნები, რომლებშიც მან მისი ეს მოგზაურობები ასახა, მრავალ ენაზეა თარგმნილი. მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმებიც მისი მოგზაურობების შესახებ.

 

2014 წელს, სევერინის საქართველოში მოგზაურობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ტიმ სევერინი და მისი ბრიტანული ეკიპაჟის რამდენიმე წევრი კვლავ ეწვია საქართველოს იმ ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილისა და ორგანიზატორის ილია ფერაძის ინიციატივითა და მოწვევით. ამ დროს მე რომში ვიყავი, სულხან-საბა ორბელიანის გზას გავდიოდი ევროპაში, მაგრამ დროებით შევწყვიტე მოგზაურობა და ტიმ სევერინთან შესახვედრად საქართველოში ჩამოვედი. მე მას სულხან-საბას მოგზაურობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი ექსპედიციის სამახსოვრო მედალი გადავეცი, როგორც ამ ჩემი პროექტის ერთ-ერთ მთავარ ინსპირატორს.

 

ჩემს მეზღვაურულ კარიერაში რამდენიმე კაპიტანთან მიმუშავია თვეობით, მათთან ერთად წარმატებით გადამილახავს უაღრესად რთულ სიტუაციები, შტორმებიც გამომივლია და მათი მაღალი ოსტატობის მოწმეც არაერთხელ გავმხდარვარ, მაგრამ ტიმ სევერინი სრულიად გამორჩეული კაპიტანი იყო, რომელიც დიდი მსახიობის მსგავსად ხან ბრენდანის როლს ირგებდა, ხან ამერიკელი პიონერებისას, ხან სინდბადისას, ხან იასონისას და ხანაც ოდისევსისას.

 

მისი მოგზაურობები, მისი წიგნები თუ ფილმები დღესაც ისე აღაფრთოვანებს თავგადასავალთა მაძიებელ და რომანტიკული სულისკვეთებით აღვსილ ახალგაზრდებს, როგორც მე აღმაფრთოვანა 25 წლის ასაკში პატარა საჟურნალო ინფორმაციამ, საიდანაც პირველად გავიგე ტიმ სევერინის სახელი.

 

მისმა გარდაცვალებამ ძალიან, ძალიან დამწყვიტა გული.

 

თავს უფლებას ვაძლევ და „არგოს“ ქართული ეკიპაჟის სახელით, ტიმ სევერინის ქართველ მასპინძელთა სახელით, სამძიმარს ვუცხადებ მის ქალიშვილსა და შვილიშვილებს, „არგოს“ ბრიტანული, ბერძნული თუ თურქული ეკიპაჟების წევრებს, სევერინის ექსპედიციების მონაწილეებს, მისი წიგნების მკითხველებს, ყველას, ვინც ტიმ სევერინს იცნობდა და ვინც არ იცნობდა, მაგრამ კარგად იცოდა და იცის მისი ფასი.

 

იძინე მშვიდად, ჩემო კაპიტანო!“ - წერს პაატა ნაცვლიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი