logo_geo
გიორგი ცუცქირიძე: ამერიკის მოვლენებმაც აჩვენა, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ექსტრემიზმს არანაირი გამართლება არა აქვს
- +

8 იანვარი. 2021. 02:51

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება:

 

„ტრამპმა წააგო ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა.  ის მიუღებელი იყო ამერიკის პოლიტელიტისათვის, ის არასდროს ყოფილა არცერთი პარტიის წევრი, მან ვერ გაიგო, რომ ამერიკა "დიადი" სწორედ საგარეო  გლობალური დომინირების დოქტრინის რუზველტის ხაზის  გამო გახდა და არა იზოლაციონისტური სენტენციების გამო.

ტრამპის გადაწყვეტილებები ხშირად გაუგებარი და წინააღმდეგობრივი იყო. მას ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა არა მხოლოდ ჩინეთთან, არამედ მოკავშირეებთან და ნატოსთან.

 მსოფლიო პოლიტიკის მეინსტრიმის თვალსაზრისით წამგებიანი იყო,  იგივე შიდა რესურსების მობილიზაციის მიზნით, მისი გადაწყვეტილება გლობალური დათბობის კონვენციიდან გამოსვლაზე. არათანამიმდევრული და გაუგებარი იყო მისი დაპირისპირება "ჯანმოსთანაც".

ის პოზიტივი კი რაც ადგილობრივი  ბიზნესის მხარდაჭერას  და პანდემიურ პერიოდში ტრილიონობით აშშ დოლარის ინექციას  ეფუძნებოდა, მთლიანად გადაიფარა პანდემიური პერიოდის ნაკლებეფექტური ანტიკრიზისული მენეჯმენტით და ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის ჰოსპიტალური ქსელების ჩავარდნის შედეგად.

ტრამპის დროს ამერიკის პოზიციები შესუსტდა ახლო აღმოსავლეთში და სირიაში,  მისი ბოლო საგარეო პოლიტიკის მარცხი იყო დეკემბერში ორპარტიულ რეზოლუციაზე, რაც რუსულ- გერმანული პაიპლაინის სანქციებს ეხება, გაუგებარი ვეტოს დადება, რაც უკვე ამ წლის 3 იანვარს გადალახა კონგრესის ორივე პალატამ, ამიტომაც დავწერე ორი დღის წინ, რომ ეს უკვე იყო ოფიციალურად  ტრამპის ერის დასასრული.

თუ იდეისთვის იბრძვი, თავისშეწირვაც უნდა შეგეძლოს. გამოჩნდა, რომ ტრამპი არ იყო არც ზვიად გამსახურდია და არც პრეზიდენტი კენედი. ის ერთი ჩვეულებრივი შოუმენი გამოდგა, რომელმაც წააგო ამ საუკუნეში პირველად სენატიც და კონგრესიც. ამიტომაც არ დაუდგა ბოლომდე გვერდში იგივე ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, ამერიკელ კონსერვატორთა ლიდერი, რომელსაც თავად ტრამპი უწოდებდა "დიდ ვიცე პრეზიდენტს", პატრიოტული მრწამსის გამო.

სიმბოლურად, მეორე მხარეს იდგა 80 წელს მიტანებული ნენსი პელოსი, რომელიც დღემდე ითვლება პრეზიდენტ კენედის იდეების მხარდამჭერად და რომელმაც მიუხედავად დემოკრატების წინააღმდეგობისა, ასაკიდან გამომდინარე, მაინც არ თქვა უარი კონგრესში წარმომადგენლობათა პალატის უკვე მეოთხედ სპიკერობაზე და რომელსაც ტრამპი  საკუთარ ტვიტებში ხშირად შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენიებდა, როგორც Crazy Nancy-ის (გიჟი ნენსი).

ამერიკის მოვლენებმაც აჩვენა, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ექსტრემიზმს არანაირი გამართლება არა აქვს, რადიკალიზაციას პოლიტიკაში საზოგადოების მაღალ პოლარიზაციასთან ერთად, უდანაშაულო ადამიანთა  მსხვერპლთან მივყევართ.  რაც გუშინ არჩევნების ფინიშზე, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შტურმისას  ვიხილეთ, ნაქები ამერიკული დემოკრატიისათვის დიდი ალიყურის ტოლფასი იყო!

ამიტომაც ვერ გახდა ამერიკის დიდი პრეზიდენტი და ვერც მეორე მარტინ ლუთერ კინგი!

ისე თავისი იმპულსურობით და ძალაუფლებისადმი მანიაკალური სწრაფვით, ტრამპი სააკაშვილსაც გავს. ადამიანები კი სიმშვიდეს და სტაბილურ მომავალს ირჩევენ, ეს 2019 წლის ივნისის მოვლენების დროს, რადიკალური ნაცოპოზიციის პარლამენტში შეჭრის მცდელობისას  და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებშიც გამოჩნდა, როდესაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი უთხრა რევოლუციური განვითარების და ჯანყის სცენარს!

შობას გილოცავთ, ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ!“,  - წერს ცუცქირიძე.

big_banner
არქივი