logo_geo
თამაზ ლომიძე: ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი სცემეს ჩვენმა მეზობლებმა...
- +

9 იანვარი. 2021. 02:35

 

გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი სცემეს ჩვენმა მეზობლებმა,  უსამართლოდ შეურაცხყოფა მიაყენეს და დამიჩაგრეს. ბევრნი იყვნენ, ძალა ჰქონდათ და მოერივნენ. შურისძიების წყურვილს და ბოროტების ბოროტებით გადახდის სურვილს არც შემოვუშვებ გულში. ვლოცულობ მათთვისაც. მაგრამ, გუშინ იმავე ხალხმა, იმ ბოროტების ჩამდენმა მეზობლებმა, თავისი ბოროტების გასამართლებლად, უსირცხვილოდ შემომითვალეს: საახალწლო სუფრა გვაქვს და ვიცით, კარგი თამადობა, სიმღერა და ქეიფი იცი, დაივიწყე რაც მოხდა, მოდი, გვესტუმრე და მოილხინეო. გეკითხებით, როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო ახლა მე, რომ, როცა ჩემი ნაცემი ძმა სახლში მიწევს და მათ სუფრასთან წამოვჯდე და მოვილხინო?!

ჩემი პაპა, ჩემი სისხლი და ხორცი საზღვრისპირა საქართველოს სოფელში ცხოვრობს თავის ძველისძველ,  მამა-პაპისეულ ეზო კარში. ერთ დღესაც, სახლში რომ მიბრუნდა მავთულხლართის იქით დახვდა საკუთარი  სახლ-კარი. რუსმა სამხედროებმა უთხრეს: დღეიდან ეს შენი ქვეყანა აღარ არის, ჩვენია, იმიტომ რომ ძალა აღმართსაც ხნავს და ასე გვინდაო. ახალ წელს მივედით შვილიშვილები ეკლიან მავთულთან და ჩემს თვალცრემლიან პაპას, წართმეულ მიწაზე, მივულოცეთ შობა-ახალი წელი. არ ვიღებ ხელში თოფს და არ ვესვრი, არ მინდა ბრმა სიძულვილმა დამიპყროს. შემომითვალეს იმ სამხედროების ქვეყნიდან: შენი ცეკვა და სიმღერა ძალიან მოგვწონს, მიაფურთხე მაგ შენს პაპას, ჩამოდი, გვიცეკვე და კარგ სარგებელსაც ნახავო. ახლა კვლავ გეკითხებით, როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო მე, რომ დავივიწყო ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი გამზრდელი პაპა, ჩავიდე და იქ ვიცეკვო?!

ჩემი და, ჩემი სიხლი და ხორცი ოჩამჩირეში ცხოვრობდა, საკუთარი მშობლების  ხელით, რუდუნებით აშენებულ სახლში. ერთ დღეს გამოყარეს იქიდან. იმიტომ, რომ ძალა აღმართს ხნავს. 27 წელია ენატრება მისი ბავშვობის სახლი, ღამ-ღამობით ესიზმრება და იმ სახლის ოთახების სუნი ელანდება და ახსოვს. მე კი ყოველდღე ვხედავ ჩემი დის ბოლომდე გაუხარელ, სევდიან თვალებს. გეკითხებით, როგორ უნდა ჩაკვდეს  ჩემი სინდისი ისე, რომ დავივიწყო ჩემი და, მისი ტკივილი, წავიდე და მის გამომყრელებს ვემსახურო.

არც ის ნაცემი კაცი ყოფილა ჩემი სისხლით ძმა, არც ის პაპა და არც ის და. მაგრამ, ვთვლი, რომ ჩემი ძმაა არჩილ ტატუნაშვილი, ჩემი პაპაა მავთულს იქით დარჩენილი, მტირალი მოხუცი და ჩემი დაა ენგურის ხიდთან მდგარი, სევდიანი ქალი. ასეა, თუ გვინდა, რომ ერი გვერქვას და პატივი გვცენ.

ჩვენ ვართ ხალხი, მაგრამ, ჩანს, რომ ჯერ ვერ შევდექით როგორც ქართველი ერი. როცა ნებისმიერი შენი ქვეყნის მოქალაქის ტკივილს, შენი საკუთარი სისხლის და ხორცის -  ძმის, დის თუ პაპის ტკივილად ჩათვლი, მხოლოდ მაშინ შეგიძლია თქვა, რომ შენ ხარ შემდგარი ერის შვილი“, - წერს ლომიძე.

 

 

big_banner
არქივი