logo_geo
უჩა ბლუაშვილი: პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლის თაობაზე ივანიშვილის გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია ოპოზიციაში მყოფი ბევრი ხელმოცარული ლიდერისთვის
- +

13 იანვარი. 2021. 19:11

 

 

 

პროფესორი უჩა ბლუაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. და აი, ვუსმენ ოპოზიციის გულღრძო, უაღრესად ტენდენციურ, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულ შეფასებებს და ვფიქრობ: რა უფრო მეტია ამ შეფასებებში - პოლიტიკური ოპონენტისადმი სიძულვილით გამოწვეული გონების დაბინდვა თუ თანდაყოლილი  სიჩლუნგე?! აბა, როგორია, როცა ნინო ბურჯანაძისგან ვიღაცის, მით უმეტეს, ივანიშვილის მიმართ ისმენ: ივანიშვილის „ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით...“, და ამას ამბობს ქალი, რომლის ოჯახი (მამა, ქმარი), ჯერ კიდევ კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული, ყველას თვალწინ ათასგვარი მაქინაციებით იხვეჭდა ქონებას, როცა სააკაშვილისგან გესმის, რომ „ივანიშვილი თანამდებობებზე ნიშნავდა „გაუნათლებელ და უდიპლომო ხალხს“, მაშინ, როცა სწორედ სააკაშვილმა დანიშნა სანტექნიკოსი განათლების მინისტრად, რომელიც შემდეგ სკოლის დირექტორებს ლოტოტრონით ირჩევდა და რომლის ნაჩქარევმა, შედეგებზე გაუთვლელმა რეფორმებმა სრული ქაოსი გამოიწვიეს განათლების სისტემაში, როცა ვერცხლისმოყვარულობაში ივანიშვილს, კაცს, რომელსაც სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ჩადებული ქველმოქმედებაში და რომელიც ამ თანხას ახლა მილიარდნახევარი ღირებულების აქტივებსაც უმატებს, ... არც მეტი, არც ნაკლები, უგულავა ადანაშაულებს, ივანიშვილს „უტიფარ მატყუარას“ უწოდებს ხათუნა გოგორიშვილი, ქალი, რომელიც წლების განმავლობაში მართლაც რომ უტიფრად გვიყალბებდა არჩევნებს (ერთხელ სააკაშვილმა, პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს, ჟურნალისტის მიერ რომელიღაც ქვეყანაში ხელისუფლების მიერ წაგებული არჩევნების ხსენებისას,  მისთვის ჩვეული როყიო პირდაპირობით იხუმრა: „მათ, როგორც ჩანს, გოგორიშვილი არ ჰყავდათ, თორემ არჩევნებს როგორ წააგებდნენო!“)... და ეს ადამიანები სდებენ ხალხს ბრალს მოკლე მეხსიერებაში...  რა არის  ეს, თუ არა  გაუგონარი თავხედობა და უტიფრობა?!

არავითარი საფუძველი არა მაქვს, ეჭვი შევიტანო პოლიტიკიდან  ივანიშვილის წასვლის მის   წერილში ჩამოთვლილ მოტივებში, თუმცა, ვფიქრობ, რომ მან არ დაასახელა (ვერც დაასახელებდა) რამდენიმე დამატებითი მიზეზი, რომლებმაც, ჩემი აზრით, გავლენა მოახდინეს მის ამ გადაწყვეტილებაზე.

 

  1. ივანიშვილს პოლიტიკა არ უყვარს. პოლიტიკური მოღვაწეობა მას სიამოვნებას არ ანიჭებს. ამ საქმიანობაში ის იძულებით ჩაერთო და როგორც კი დაინახა, რომ მის მიერ შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია ინტელექტუალური თვალსაზრისით არათუ არ ჩამოუვარდება პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს მყოფ სხვა ძალებს, არამედ მნიშვნელოვნად აღემატება კიდეც (ფაქტია, რომ გახარია, თალაკვაძე, მდინარაძე, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ფართო ფენებში ოპოზიციის მთელ სპექტრზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ), გადაწყვიტა, მიცეს მათ საკუთარ ფეხებზე დამოუკიდებლად დგომის შესაძლებლობა.

 

პოლიტიკური ასპარეზიდან  ნებაყოფლობით წასვლის თაობაზე ივანიშვილის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია ოპოზიციაში მყოფი ბევრი ხელმოცარული ლიდერისთვის, რომლებიც ვერ შელევიან პოლიტიკურ არენაზე ტივტივის მძაფრ სურვილს. არადა,  უგულავამ, ბოკერიამ, ბარამიძემ (ბურჯანაძეს ხომ მანამდეც არ ჰქონდა ეს პრობლემა) და მათმა მსგავსმა ურეიტინგო „პოლიტიკოსებმა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოასწრეს ბიზნესის აწყობა. მათ ახლა საკმაოდ სოლიდური შემოსავლები აქვთ და შეუძლიათ პოლიტიკაში ჩართულობის გარეშეც ჰქონდეთ უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ არა, მათ ვერა და ვერ დაუძლევიათ  ძალაუფლებით ტკბობის ხიბლი, ამიტომაც ყველანაირი საშუალებით ებღაუჭებიან პოლიტიკას, ამიტომაც ვერ დაუჯერებიათ, რომ ივანიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება ნებაყოფლობით, ვინმეს ძლიერი  ზეწოლის გარეშე მიიღო.

 

  1. ივანიშვილი პრაგმატული ადამიანია. ის მშვენივრად აცნობიერებს, რომ მეოთხე ვადით „ქართული ოცნების“ არჩევის შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ მესამე ვადის ბოლოს „ქართული ოცნების“ და შესაბამისად, მისი ფორმალური ლიდერის რეიტინგი კიდევ უფრო დაბალი იქნება. „ქართული ოცნების“ სათავეში მისი არაფორმალური ყოფნა ახლა მის გუნდს ბევრით ვერაფრით დაეხმარება. შეიძლება პირიქით, ცუდიც კი იყოს. ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, არ დაელოდოს ამ უარეს დროს, დისტანცირდეს გუნდიდან და, საერთოდ, პოლიტიკიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილი ოთხი წელი კი წყნარად, აუჩქარებლად მოახმაროს მომავალ ხელისუფლებასთან თავისი ურთიერთობების დალაგებას, თავისი ბიზნესის ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანას. მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ მას საკმარისი დრო და სივრცე რჩება სხვა მანევრებისთვისაც. ცხადია, ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება მინიმუმადე ამცირებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას. თავიანთი ქარიზმატული ლიდერის გარეშე დარჩენილი ქოცები ამას უკვე, საერთაშორისო ზეწოლის პირობებშიც კი, აღარ დათანხმდებიან.

 

პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე (რაც თანხვედრაშია ეროვნულ ინტერესთანაც), ვფიქრობ, რომ  ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილებაა.

 

  1. ივანიშვილის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, ალბათ, გარკვეული გავლენა იქონია საერთაშორისო საზოგადოების, პირველ რიგში, საქართველოში აკრედიტებული დასავლეთელი ელჩების მუდმივმა საყვედურებმა არჩევნების პროცესში დაშვებული უხეში გადაცდომების და დარღვევების შესახებ. როგორც ჩანს, გარკვეული როლი ამ საქმეში აშშ-ის სათავეში დემოკრატების მოსვლამაც შეასრულა. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი (როგორც ეს დღეს ბევრს მიაჩნია) და, მით უმეტეს - ერთადერთი მიზეზი არაა. ამ ნაბიჯით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყნის არაფორმალური მმართველობის შესახებ ოპოზიციის და საერთაშორისო საზოგადოების ბრალდებებს გამოაცალოს საფუძველი, რაც „ქართული ოცნების“ პოზიციებს კი არ შეასუსტებს, არამედ გააძლიერებს. და ეს სწორი გათვლაა.

 

ივანიშვილი ფრთიანი ანგელოზი არ არის. ჩვენ არც შვედეთი ვართ და არც ნორვეგია, ამიტომ აქაურ პოლიტიკაში ფრთები და მაღალი ზნეობა სრულიად უმაქნისია. ქართულ პოლიტიკაში შემოსული ადამიანი კომპრომისებზე, მათ შორის ზნეობრივ კომპრომისებზე წასასვლელად უნდა იყოს მზად. ივანიშვილი კი პოლიტიკაში ბიზნესიდან (თანაც, ყველაზე ბინძური რუსული ბიზნესიდან) მოვიდა და ამ მხრივ მას მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისთვის უცხო არც  ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლაა, არც ფაქტების და მოვლენების ცალმხრივი, ტენდენციური, შელამაზებული (ამ მხრივ ის ძალიან ჰგავს თავის მთავარ ოპონენტს - სააკაშვილს) გაშუქება, არც სიცრუე და ტრაბახი და ა. შ. მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერი შედარებითია. მის მიერ გაკეთებული ჭეშმარიტად ქართული საქმეები, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მისი ქველმოქმედება ბევრად სჭარბობს მის მიერ დაშავებულს. ამ თვალსაზრისით, პირადად ჩემთვის ყველაზე მეტ კითხვას მაინც ანაკლიის პროექტის შეჩერება იწვევს, თუმცა, ეკონომიკის დუნე განვითარება, აღებ-მიცემობის პირველი ეტაპიდან მეორე - მსუბუქი მრეწველობის ეტაპზე გადასვლის შეუწყნარებელი გაჭიანურებაც  ივანიშვილის ხელისუფლების სერიოზულ ნაკლად რჩება.

 

მე იმიტომ ვეძებ ახალს, რომ არ მაკმაყოფილებს ძველი. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჯერჯერობით ასეთი პოლიტიკური ძალა არ გამოკვეთილა“, - წერს უჩა ბლუაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი