logo_geo
„ალბათ, ერთადერთი წიგნია, რომელშიც 1956 წლის 9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებია ასახული“
- +

9 აპრილი. 2017. 19:36




„ალბათ, ერთადერთი წიგნია, რომელშიც 1956 წლის 9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებია ასახული - „მოხუცები ამბობდნენ, რომ ასეთი რამ აღარ უნახავთ 1918 წლის მაისის იმ დღის შემდეგ, როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა..." - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ლევან ხაინდრავას რომანი „ჟამი მეექვსე" სქელტანიანია (553-გვერდიანია), მაგრამ არ იფიქროთ, რომ მოიწყენთ, ან შუამდე მისული თავს მიანებებთ - წიგნს დაუზარელად წაიკითხავთ; გაიგებთ რით სუნთქავდა მაშინდელი ახალგაზრდობა, ნახავთ თავგანწირვამდე როგორ უყვარდათ; შეიტყობთ იმჟამინდელი უფროსი თაობისთვის (ისევე, როგორც ჩვენი წინაპრებისთვის) რწმენა და ქართველობა ერთმანეთთან როგორ იყო გაიგივებული; ამ წიგნში გაეცნობით სამაგალითო, გაუტეხელი ქართველის - ბატონი ქრისტეფორეს ცხოვრების წესს და მის თავგადასავალს.

 

ლევან ხაინდრავა 1916 წელს ჩინეთში დაიბადა. 31 წლის იყო დედასთან ერთად საქართველოში, რომ ჩამოვიდა და „სამშობლოს სიყვარული პატიმრობად და გადასახლებად დაუჯდა". ახლადდაქორწინებული გახლდათ, როცა უცხო ქვეყნის აგენტობის ბრალდებით დაიჭირეს და წელიწადი და რვა თვე სუკის ციხეში გამოამწყვდიეს. შემდეგ ყაზახეთში გადაასახლეს....

 

რომანი „ჟამი მეექვსი" ლევან ხაინდრავამ 1958-1969 წლებში დაწერა. ავტორმა წიგნი მიუძღნა შვილებს - „ივლიანეს, გიორგის და ლიდიას, სიყვარულითა და იმედებით".

 

„ჟამი მეექვსე" რუსულ ენაზე პირველად 1990-ში გამოიცა, ხოლო ქართულად 2016-ში გადაითარგმნა. ქართული გამოცემის რედაქტორი და წიგნის წინასიტყვაობის ავტორი ამირან გომართელი გახლავთ. სანამ რომანის კითხვას შეუდგებით, წინასიტყვაობაში გაეცნობით ლევან ხაინდრავას ცხოვრების მოკლე აღწერას, მის მიერ განვლილი გზის და მის მიერ გამოცემული ნაწარმოებების შეფასებას.

 

გასულ წელს ლევან ხაინდრავას დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ სამაგალითო ქართველის საიუბილეო თარიღი მისმა შვილებმა, მამის მეგობრებთან და მათი ოჯახის ახლობლებთან ერთად 2016 წლის 24 დეკემბერს მწერალთა სასახლეში მოკრძალებულად, უხმაუროდ აღნიშნეს.

 

რომანი „ჟამი მეექვსე" მაღაზიებში არ იყიდება. მისი მონახვა ბიბლიოთეკებში შეგიძლიათ. ჩემს მეგობრებს შორის, ვისაც ამ წიგნის წაკითხვის სურვილი გაგიჩნდებათ, მომწერეთ პირად ფოსტაში, ან ტელეფონზე - წიგნს უსათუოდ გათხოვებთ", - წერს ნინო მიქიაშვილი.


 

big_banner
არქივი