logo_geo
გიორგი კეკელიძე: გარდაიცვალა… ყველა წინა სიხარული წაიშალა და გაქრა
- +

26 იანვარი. 2021. 15:35

 

„ვოცნებობ, გულწრფელად ვოცნებობ და ეს არის ალბათ ჩემი მთავარი სოციალური ოცნება – მალე დადგეს დრო და ათასობით ჩვენი მოქალაქე, არ იდგეს რიგში უცხოურ კლინიკებთან. რიგში, რომელიც სიკვდილს აჩქარებს და სიცოცხლეს აგვიანებს”, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

კეკელიძე 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ წერს, რომლის დასახმარებლადაც ვიდეომიმართვა ჩაწერა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

„ამ ბოლო დროს, უცნაურად კარგი გზავნილები მივიღე. უცნაურად იმიტომ, რომ თემა, რომელსაც წერილები ეხებოდა, დიდ წილად შიშს და ცუდ მოლოდინს გულისხმობს. ბოლო კვირაში კი ათამდე ადამიანმა მომწერა: „ნინომ სიმსივნე დაამარცხა“, „ნიკას ზურგის ტვინი წარმატებით გადავუნერგეთ“, „ნათია გაივლის“, „ლელა გახსოვთ? ზაფხულში რომ უიმედოდ ვიყავით, ავსტრიელმა ექიმებმა მეორედ გაგვიჩინეს“.

 

საქმე ის არის, რომ აქ ჩემი წვლილი მცირეზე მცირეა, უბრალოდ, როგორც ვალდებული მოქალაქე, მიმართვებს ვწერ და პაციენტის გულშემატკივრები ავრცელებენ. გუშინაც, კარგი განწყობით და უკვე დაჯერებული ოპტიმიზმით, მორიგი გავგზავნე. ადრესატმა მთელი დღე არ ნახა. გვიან შევახსენე და მომწერა: „გარდაიცვალა, სამწუხაროდ, რამდენიმე საათის წინ“. ახლა ვზივარ და რატომღაც იმ მიმართვას ვუყურებ. ჩემთვის, გამეორებით და გაუაზრებლად. ვიდეოს, რომელიც 17 წლის ჯერაც ცოცხალი ადამიანისთვის ჩავწერე.

 

ვუყურებ და ისე უმწეო და თანაც გამაღიზიანებელია ეს ჩემი თავდაჯერებულობა, ვიცი, უსამართლოდ, მაგრამ ყველა წინა სიხარული წაიშალა და გაქრა“, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი