logo_geo
გიორგი კეკელიძე: არ შეიძლება იმ პატარა, მოზომილ მიწაში დაეტიოს ამდენი ფიქრი და ოცნება...
- +

2 თებერვალი. 2021. 21:55

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„-ფილტრიანი არ მინდა - მითხრა მამაჩემმა - ასტრა იყოს თუ გინდა!

თხილის ძირას იჯდა და შორს იყურებოდა.

-არ მაქვს - ვუპასუხე მე და მეც შორს გავიხედე, რადგან შემრცხვა და შერცხვენილსვე გამეღვიძა.

ეს სიზმარი სიკვდილიდან ერთი წლის თავზე ვნახე.

და მას შემდეგ, ვაკეთებ იმას, რის გამოც ალბათ ოდესღაც ვინმეს დავცინებდი. როცა გურიაში ჩავდივარ,  ვყიდულობ ერთ კოლოფ სიგარეტს და მის საფლავზე ვდებ. მარტო მივდივარ და თან აქეთ-იქით ვიყურები, ვინმე არ შემამჩნიოს მეთქი.  ეგეთი უკუდო ამპარტავანი ვარ - "იმიჯი" და რამე.

  ადამიანი უცნაური არსებაა და ამ უცნაურობის ერთი ნაწილი ისიცაა, რომ ცოდნა და განცდა ვერ თავსდება ხოლმე.  ვიცი - მამაჩემი თუ სადმე არ არის, კვირიკეთის სასაფლაოზე. არ შეიძლება იმ პატარა, მოზომილ მიწაში დაეტიოს ამდენი ფიქრი და ოცნება. არც მისი, არც ვინმესი. მაგრამ სხვა მისამართი არ ვიცი და იქ მივდივარ.  არც თქვენ იცით სხვა მისამართი და იოლად მესმის, რა ძნელია ეს დღე ჩაკეტილი სასაფლაოთი და გადარაზული სურვილებით.  მესმის. მაგრამ უნდა გავუძლოთ. ამ ერთხელ, დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ, რომ იქ ვარ და ვეკითხები:

- ვარგა ეს სიგირეტი თუ აწი სხვა ვიყიდო?

- კაი, რათ გინდოდა, რეიზა ხარჯავ ტყულა ამ ფულს!

მეტყვის მამაჩემი და მოწევს“, - წერს კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი