logo_geo
ლეილა ცომაია: 10 წლის წინ გაძარცვულ თამრიკო ჭოველიძის მემორიალის აღდგენაზე დღესაც არავინ ზრუნავს...
- +

12 აპრილი. 2017. 10:59




გაზეთ „განმათავისუფლებლის" მთავარი რედაქტორი ლეილა ცომაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„10 წლის წინ გაძარცვულ თამრიკო ჭოველიძის მემორიალის აღდგენაზე დღესაც არავინ ზრუნავს...

 

ასე გამოიყურება, დღესაც, თამრიკო ჭოველიძის მემორიალური დაფა ყოფილ გამომცემლობა „სამშობლოს " კედელზე ჭოველიძის ქუჩის დასაწყისში, რომელიც 2007 წელს გაძარცვეს ფერად ლითონებზე „მონადირე" სოციალურმა ტიპებმა; მათ შინდისფერი მარმარილოს მემორიალიდან ვანდალურად მოგლიჯეს 9 აპრილის მსხვერპლის თამრიკო ჭოველიძის წლოვანების განმსაზღვრელი 16 ბრინჯაოს მერცხალი, რისთვისაც სააკაშვილის პოლიციას, არც გამოძიება უწარმოებია და ცხადია, არც არავინ დასჯილა.

 

(ამასთან დაკავშირებით იხილეთ ინტერვიუ თამრიკოს მამასთან, არკადი ჭოველიძესთან გაზეთ „განმათავისუფლებელში" (2008 წ. N16), რომელიც მერაბ კოსტავას იდუმალებით მოცულ წინათქმასაც პირველად ჩვენს გაზეთში ახმოვანებს... https://iberiana2.files.wordpress.com/2016/05/ni16.pdf).

 

გულსატკენია, რომ ე.წ. ნაციონალები დღემდე გამოხატავენ უპატივცემულობასა და არასათანადო მოპყრობას 9 აპრილის მსხვერპლთა მიმართ; მათ მიერ ორგანიზებულ რევანშისტულ მიტინგებზე პარლამენტთან, მათი აქტივისტები ასე უგუნურად აბობღდებიან ხოლმე 9 აპრილის მემორიალზე და ეგზალტირებულად ბუქნაობენ. მათ ლიდერთაგან კი არავის მოსდის აზრად, წინასწარი გაფრთხილებით, მიკროფონში მოუწოდონ და დაუშალონ ახალგაზრდებს მემორიალზე წამოხტომა.

 

ამგვარი მორალურ-სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ვალდებულებისაგან, პოლარულად დაშორებული აღმოჩნდნენ თვით უზენაესი საბჭოს ის დეპუტატებიც და ეროვნული მოძრაობის ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც დღეს სააკაშვილის პოლიტიკურ „ფანებად" გვევლინებიან. აი, ესენიც: რეზო კემულარია, ბეჟან ჯავახია, ირაკლი კენჭოშვილი, გია მამფორია, ნონიაშვილი, ოჩიაური, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური,პაატა ჩიქოვანი, ქეთევან ქურდოვანიძე, თამარ ებრალიძე, მაია კერესელიძე, თამაზ კერძევაძე და სხვ.

 

9 აპრილის არსებული მემორიალის ასე საბუქნაო ასპარეზად გადაქცევის საფრთხისა და მისი არქიტექტურული მიზანშეუწონლობის გამო, ზვიად განმათავისუფლებლის პარტიელები იმთავითვე ვაპროტესტებდით მემორიალის კონკურსის გარეშე დადგმის გადაწყვეტილებას 2004 წელს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ, სრულიად მოულოდნელად, არჩევანი გააკეთა არქიტექტურაში თითქმის უცნობ კახა ქორიძეზე (ყოფილი მსახიობი - „ღიმილის ბიჭები", შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი, შემდგომ განათლების მინისტრის მოადგილე, ბაგრატიონის „სამეფო კარის" კანცლერი), რომელსაც მართალია დამთავრებული აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, მაგრამ ამ დარგში იგი არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებამ, სწორედ მასზე გააკეთა არჩევანი 9 აპრილის მემორიალთან დაკავშირებით, მაშინ, როცა მრავალი ნიჭიერი და ცნობილი არიტექტორი სთავაზობდა ხელისუფლებას გაცილებით უკეთეს პროექტებს, მაგრამ სააკაშვილმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა დიდად არ გაეღიზიანებინა რუსეთის პოლიტელიტა!

 

ვიმედოვნებთ, რომ ეს უსახური მემორიალი ოდესმე აუცილებლად შეიცვლება და მის ადგილას წამოიმართება 9 აპრილის შესატყვისი და სადაგი მაღალი ხელოვნების არქიტექტურული ძეგლი, რითაც დამსახურებულ პატივს მივაგებთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და თავისუფლებისათვის შეწირულ უახლესი ისტორიის გმირებს!", - წერს ლეილა ცომაია.


 

 

big_banner
არქივი