logo_geo
მაია კახიძე: გიზო ნიშნიანიძის დაბადების დღეა და უფლება არ მაქვს არ მახსოვდეს...
- +

14 თებერვალი. 2021. 02:08

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე გიზო ნიშნიანიძეს დაბადების დღეს ულოცავს და მისი წიგნიდან „რაც არასოდეს მითქვამს“ ამონარიდს, გიზო ნიშნიანიძესთან ერთად გატარებულ თავგადასავლებს გვიზიარებს.

 

„ჩემი ყველაზე საყვარელი და გამორჩეული უფროსი მეგობრის, გიზო ნიშნიანიძის დაბადების დღეა და მე უფლება არ მაქვს არ მახსოვდეს ის... ძალიან მენატრება. ასაკი არაფერს წყვეტს, როცა გულწრფელი მეგობრობაა. დანარჩენს ამ მოგონებიდან შეიტყობთ.

 

რამდენიმე პაემანი გიზო ნიშნიანიძესთან

 

სხვა სახელს ნამდვილად ვერ დავარქმევ ჩემი და გიზო ნიშნიანიძის შეხვედრებს. რა თქმა უნდა, „რამდენიმე“ ბევრს არ გულისხმობს, არადა, გასახსენებელი მართლაც იმდენია და შეხვედრებიც იმდენი იყო... მე და გიზოს, ჩვენი საკუთარი „პაემნები“ გვქონდა, სადაც ორივე ბედნიერები, აღმატებულები, თავისუფლები და თბილისის სიყვარულით სავსენი ვგრძნობდით თავს, მაგრამ არც სევდა აკლდა ამ შეხვედრებს და არც საფიქრალი. ჩვენი საპაემნო არეალი იყო: საკონცერტო დარბაზი, გამომცემლობა „სამშობლო“ (შენობაში და გარეთ), მეტრო რუსთაველამდე აგურიანი კედელი, მერე, შოთასთან - კიბეზე, მხატვრებთან - მიწისქვეშა ამოსასვლელთან, მეცნიერებათა აკადემიიდან „ლაღიძემდე“...

 

ზოგჯერ კი ქვაფენილიანი გზა სიონის ტაძრისკენ და ეს იყო, მართლაც დაუვიწყარი შეხვედრები. გვიყვარდა ჩვენს თბილისში სეირნობა, თბილისის მოფერება, გულიანი ჭუკჭუკი და მთავარი: მე იმხელა სიყვარული და ადამიანობა მასწავლა ნაღდმა თბილისელმა, ჩემმა უფროსმა მეგობარმა, გიზო ნიშნიანიძემ, ალბათ, ცალკე წიგნი დასჭირდება ყველაფრის გახსენებას და თქმას. ვერ მოვითმინე და მისი რამდენიმე „გაკვეთილი“ თქვენც მინდა გაგიზიაროთ. ეს ჩემთვის და თქვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია და იმიტომ. ჰოდა, იმის თქმა მინდა: სანამ შემეძლო - არც ვწერდი...

 

პაემანი წითელი აგურის კედელთან...

 

„...თბილისი არაფერს დაგიკარგავს, არც ცუდკაცობას და არც - კარგკაცობას. ჩვენ გატანა ვიცოდით ღვიძლი ძმობის ტოლფასი მეგობრობით, სიყვარულით, უბრალოდ, კარგი ბიჭობით. დღეს ერთმანეთის ჯინაზე კარგად ყოფნის უბედურება გვჭირს. სიმღერით და სიცილით შეწუხებული ქალაქი არ გინახავს, ასეთი იყო ერთ დროს თბილისი და რაც ერთი ხელის მოსმით წავშალეთ, მეორეთი ვეღარ აღგვიდგენია.

 

თბილისს ხასიათი ჰქონდა - მტერს შეშურდებოდა. რუსთაველზე წინა თაობის ბიჭები ჩხუბის უფლებას არ გვაძლევდნენ, რადგან ეს მეგობრობის და სიყვარულის ქუჩა იყო. ვერის უბნელები, საოცარი ბიჭები, შორიდან, ჩვენი დროიდან, კიდევ უფრო ლამაზად და ღონივრად ჩანან, რადგან აწმყოა ულმობელი. „ღმერთმა შენ მოგცეს, რომ მე მქონდესო“, ამ დევიზით ვცხოვრობდით თბილისელები. ისე არსად თენდებოდა, როგორც თბილისში, მისი დილის მადლმა. ყოველი დღე უბრალო კი არა - დღესასწაული იყო. თვითონ ქალაქი იყო თეატრი, სადაც ყველა თავის როლს ასრულებდა, ყოველდღე ახალი სპექტაკლი იდგმებოდა, რომელიც არასოდეს მეორდებოდა. ეგნატე ფიფია, შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე ფრანგიშვილი რომ გამოივლიდნენ რუსთაველზე, ისეთ სალამს მოგცემდნენ, უნებურად თავს იწესრიგებდი.

 

ეს ყველაფერი გვზრდიდა. ქუჩას პატრონი ჰყავდა. ახლა ბატონი ჰყავს, პატრონი - არა... ოსი მილიციონერი იყო - კოსტა, ის გახლდათ ჩვენი სიყმაწვილის, ჩვენი დღეისა და ხვალის დარაჯი. ყასიდად გვიბრიალებდა თვალებს, თორემ კეთილი კაცი იყო. ჩემი და კოსტას პირველი გაცნობა ქუჩაში შედგა, ტრამვაის შევახტი, მაგრამ ყურით „ჩამომიღო“ უკანა ბაქნიდან. კანფეტი მომცა - მეორედ აღარ ქნაო. ის კოსტა იყო სიკეთის პოსტად, ის კოსტა იყო ჩვენი ზედამხედველიც, ქვედამხედველიც და შორსმხედველიც...ახლა?!

 

პაემანი ზემელზე გალაკტიონის თანხლებით...

 

...ზემელზე ჩოლახა და ტრუბკა გვყავდნენ. ტრუბკა სულ „ტრუბკას“ აბოლებდა, ჩოლახა იხვევდა ჩოხებს. ჩოლახას თარფით ხილი დაჰქონდა. ტრუბკა თავის საჩხუბარს და ყველას საჩხუბარს ჩოლახას აჩხუბებდა. ჯერ გააგიჟებდა, იშტაზე მოიყვანდა, მერე კი აჩუმებდა. მათი „ოქროს თევზი“ შამაია ქობულაშვილი იყო, მესამე გიჟუა - სულ ნერვებაშლილი, სულ „ჭკვაზე შეშლილი“ და სულ ხელგაშლილი, უბნის ხელოსანი და ქუჩის მგოსანი, ძველი თბილისის აშუღთა დასტის წარმომადგენელი, ძველი ვერის ეშხით გამოუფხიზლებელი მთვრალი ტრუბადური. რამდენჯერ ლანძღვით აგვახია ორივე ყური!..

 

თბილისს ხმამაღალი ლექსების მადლიც არ აკლდა. თბილისურ ქუჩურ პოეზიას თავისი ისტორია აქვს. თბილისელი აშუღების ჩამჩი - მელქოს, ქიჩიკნოვას, საიათნოვას მერე, მოვიდნენ გივიშვილი, სკანდარნოვა, ჰაზირა, ბეჩარა...

 

გითხარი, გალაკტიონი რომ ვნახე? ძველი ფილარმონიის ბაღში („გოფილექტში“) „მარტოობის ორდენის კავალერს“ - გალაკტიონ ტაბიძეს, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს. ახლა პოეზიის მეფეს ბევრი იგონებს, მე მას ვერ ვკადრებ მოგონილ და შეთხზულ ამბებს. გალაკტიონი პრეზიდიუმში თავის ადგილს ვერ პოულობდა, ლექსს ვერ ამბობდა, თუმცა მისი დუმილიც ქუხდა...ძალიან მძიმე, უხერხული სიჩუმე იდგა. გალაკტიონი იყო საშინლად ფხიზელი და - ბავშვივით სუფთა...რატომღაც, მისი მეისტორიენი ფიქრობენ, რომ საღამო ჩაიშალა, მაგრამ მე ვარ მოწმე, ჩემი თვალით ვნახე - ხალხი არ აიშალა, წამოდგა ფეხზე და ლექსმა ფრთა გაშალა...

 

პაემანი „სამშობლოში“...

 

- მაიკო, გიზომ გენაცვალოს შენა, ქვევითა ვარ, ჩამო, ცივი „მაროჟნი“ არ გინდა?

 

ცოტა ხანში:

 

-ვაააჰ, „პრიჩოსკა“ შეგიცვლია, გიხდება, შენმა მზემ. წამო, წამო, ახალი კაფე გაუხსნიათ „ნადზემკაში“ და ჩვენებურად ჩამოვსხდეთ.

 

იცი რა, ჰო, რაა, შენ საიდან გეცოდინება? აი, ზემელზე, ცოტა ზემოთ, ფიჩხულას სადალაქო იყო, ნაღდი „ინფჭორბიურო“, მაგრამ ისეთი „ბოქსის“, „პოლუბოქსის“, „იოჟიკის“ და „ქურთულის“ „მასტერი“ იყო ეს ჩვენი ფიჩხულა...იმან ჩამოგვპარსა ღინღლი და ამოგვიბიბინა წვერი. კიდე, ისა, ისაკა მექუდე გვყავდა, მთელ თბილისს დაახურა ქუდი, არა თბილისელს ქუდს არ უკერავდა. „მონოპოლსტი“ იყო ისაკ მორდეხიჩი - ქუდის მონოპოლია ეპყრა, დედამიწის ზურგზე არ მოიპოვებოდა ისეთი „კეპკა“, როგორიც თბილისური იყო. თბილისის ნამუსის ქუდს მოხდა არ უნდოდა - სუყველგან გადიოდა. იყო დრო, როდესაც თბილისში კაცი ქუდით იცნობოდა, ქუდი კაცით და ქუდზე კაცს რომ ეძახდნენ, მთელი ქვეყანა ფეხზე დგებოდა!

 

ნეტავ იმ დროს!

 

პაემანი „ნიაზთან“ და „ვარაზთან“....

 

...კაცთან კი არა, ხესთანაც ნახავდა ნიაზი საერთო ენას. თუ რამე დააკლო, თავის თავს დააკლო...ყველა უყვარდა, ერთი - განსაკუთრებით. ერთხელ იმ გოგოს დაბადების დღეზე თბილისში მოსული პირველი თოვლის ფიფქი მიუტანა. მეორე დაბადების დღეზე კი, გულის სწორს თვითონ გალაკტიონი მიჰგვარა, რომელიც ჭაბუკის გულისთქმას ანაზდად აჰყვა. ასე მხოლოდ მას - გალაკტიონს შეეძლო ექნა. ნიაზას თავისი სიმდიდრე ფეხებზე ეკიდა, მიტომ გაიხარჯა ჰაიჰაირად და ჯიბეებამოტრიალებული წავიდა ქვეყნიდან, ჩვენი გახარებით გაიხარა, ჩვენ კი...რაც შეგვეძლო, ვეცადეთ, რომ დაეცადა...მაგრამ მის თბილისს მისთვის აღარ ეცალა. ძნელია თბილისში პირველობა, მჯობნის მჯობნს თბილისში რა დალევდა, მეორეობა - არ შეეძლო! ნიაზა სხვა ძარღვიანი იყო, თან ღრუბლიანი და თან მზიანი...გედის სიმღერა იმღერა - „ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე, მომიტევოს ჩემმა თბილისმაო...“ „იმხელა ბოდიში იხადა, რამხელაც თბილისთან შეეძლო გამხელა...“

 

დაიცა, ის ხო იცი, ავთო ვარაზი რომ არასოდეს ყოფილა კინომსახიობი. ავთო პირად როლსაც კი მორცხვად ასრულებდა, მაგრამ ვერ თამაშობდა, საკუთარ თავსაც კი დაეძებდა ხალხში..მან ასეთი პასუხი დატოვა: მსახიობი ფიროსმანს ითამაშებს, მე ნიკალა მინდა გავაცოცხლოო...და მართლაც, ეს იყო ნიკალას მეორედ მოსვლა, ოღონდ მას უკვე ვარაზი ერქვა და განსხვავება მხოლოდ დროში იყო. ისიც ამ ქალაქში დადიოდა - ესეც, ისიც ხატავდა (და მერე როგორ!) და ესეც (და მერე როგორ!)...ვარაზის ნატურმორტები მასავით მოწყენილები არიან, მისი პორტრეტები - მასავით ჩაფიქრებულნი...არასოდეს უძებნია ვინ დაეხატა, ხატავდა მათ, ვინც უყვარდა - მეგობრებს, ახლობლებს, ძმაკაცებს.

 

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელი პრეზიდენტი მსტისლავ კელდიში განცვიფრდა ავთოს ნამუშევრებით, - ეს ახალგაზრდა, სახელმწიფო პრემიაზე წარმოადგინეთო - მაშინვე გაჩნდნენ კრაზანები: სვამსო...მე მშვიდობის მაძიებელი ვარ და არა დიდებისაო, - სევდიანად გაიღიმა ავთო ვარაზმა მომხდარზე.

 

პაემანი „ლაღიძეში“...

 

...ჩვენს დროს, რაზედაც უნდა ატეხილიყო ჩხუბი, აუცილებლად კაცურად გვარდებოდა და არავითარ შემთხვევაში - დანით და იარაღით. თბილისელობა დიდი ტვირთია, ქართველობა - კიდევ უფრო მეტი. ჩვენმა ბიჭობამ ათას ჭირსა და ლხინში გამოიარა, ათას ჩიხში, ათას მიხვეულ - მოხვეულში, მაგრამ ჩიხში არ მოქცეულა და გზა არ გამრუდებია. იცი, გოგი ცაბაძეს, ცალფეხა კაცს, 300 არაგველივით რომ დატოვა 300 სიმღერა თბილისზე, 14 წლამდე, როიალი თვალით არ ენახა და პიანინოზე თითი არ ჰქონდა დაკარებული? არადა, რა იქნებოდა თბილისი ამ სიმღერების გარეშე?! გეტყვი, გოგი ცაბაძემ კომპოზიტორობა როგორ დაიწყო. 14 წლის ბიჭს „კიროჩნიზე“ ტრამვაიმ ფეხი გადაუჭრა. ქალაქის ტრანსპორტის მესვეურებმა საავადმყოფოში მოინახულეს და ჰკითხეს - რა გინდა, შეგისრულებთო. ძლივს ამოთქვა: პიანინოო, თორემ ვინ მიგასუნინებდა ინსტრუმენტთან?! მერე, ადგა და ქალაქისგან მიღებული სიმწარე სიტკბოდ დაუბრუნა ქალაქს...

 

უჩა ჯაფარიძემ კი თავისი სახლ-კარი ფიქრის გორაზე და მთელი ავლადიდება დედაქალაქს უანდერძა...

 

იცი, დოდო აბაშიძე, როგორი დიდი ბავშვი იყო? ბრძენი და ეპიკური, უსაშველო ღონითა და ჩვილი გულით, კეთილმოწყალე საწყლისა და უმოწყალო არშესაწყლის. ერთ დღეს კი მსახიობი კაცი „წყალწაღებულის გადარჩენისთვის“ დააჯილდოეს მედლით. მაისის წყალდიდობით გადარეულ მტკვარში ვერის ხიდიდან გადაეშვა ვერის არწივი და მისთვის სრულიად ჩვეული საქმე ქმნა - ადამიანი გადაარჩინა. დოდო აბაშიძე თბილისელი ბიჭების კერპი იყო, მისი ნათქვამი, ნამოქმედარი, არა ანცობად - ბიჭობაშივე იქცა კაცობად...

 

პაემანი „შოთასთან“...

...ბედნიერი ვარ, ასეთ თბილისში რომ ვიცხოვრე, მაშინ თბილისის ფასიც იცოდნენ და ერთმანეთისაც. თბილისს სიხარულის სახლს ეძახდნენ. ეს იყო დიდი სანადიმო სუფრა, სადაც ყველას იწვევდნენ, ვინც კარგი კაცი იყო, მიუხედავად ეროვნებისა და რჯულისა. დღევანდელი დედაქალაქიდან მხოლოდ მისამართიღა დარჩა - თბილისი. მაშინ ერთმანეთის ჭირისუფლები ვიყავით! ქალაქში ჩემოდანს არ დადგამდა უადგილოდ კაცი...

 

ვერ წარმოიდგენ, როგორ თენდებოდა თბილისში...ახლაც თენდება, მაგრამ - კალენდარულად...

 

ხო კარგად ზიხარ შოთას კვარცხლბეკზე?

 

ჰოდა, გათენდებოდა თუ არა, გაიღებოდა ფანჯრები. დილიდანვე გაიგონებდი პიანინოს, გიტარის ხმას. ღამის 12 საათზე გამოვდიოდით ქუჩაში - უბრალოდ, ერთმანეთს რომ მივსალმებოდით. ზემელზე მინაწერებით სავსე ტელეფონ - ავტომატი იდგა. ერთ წარწერას გავიხსენებ სამაგალითოდ: „შუხურის შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან“ - ამას რეზო ფაღავა წერდა და ქვეშ მისი ტელეფონი იყო მიწერილი. დღევანდელ თბილისში ხშირად ისმის - ქუჩის დონეზე არ უნდა დავეშვათო. მართალია. აი, მაშინდელი ქუჩის დონემდე კი - უნდა ავმაღლდეთ!

 

ისტორიას კოსმეტიკა არ სჭირდება, სიმართლეა მისი ფერუმარილი. ვერისხევის, ჩვენი უბნის „ხევისბერი“ - შოთა დედაბრიშვილი, თბილისზე იყო შეშლილი, შიო არაგვისპირელის შვილი - ქუჩის მგოსანი, გიჟივით მართალი და მართალივით გიჟი, უშვილო, უძირო, კენტი - „ობლების პრეზიდენტი“. ერთხელ ეს წერას ატანილი კაცი, ქალაქის ავტობუსის მაგივრად სხვა ავტობუსში ჩაჯდა, ჩაეძინა და ვერის მაგივრად, ბორჩალოში ამოყო თავი. იმავე ავტობუსით დაბრუნდა დედაქალაქში და დიდი ხნით მონატრებულივით ლექსად მოუხდა ბოდიში: ზდრავსტვუიტე, მოი ტბილისსკიე ტროტუარ'ი, პიშიტე სვოი ტროტუარნიე მემუარ'ი...

 

პაემანი შარდენზე და „სიონთან“ გამხელილი ანდერძი...

 

...ჯერ ისევ ახალი ხილი იყო შარდენზე გასეირნება და არც იყო ამდენი კაფე და ბარი მაშინ, მაგრამ რომელიღაც კაფეს გახსნაზე დამპატიჟა ბატონმა გიზომ და ჩემგან ყოველთვის თანხმობას მიჩვეულმა, არხეინად დაკიდა ყურმილი. მოკლედ, მოვემზადე და წავედი გიზო ნიშნიანიძესთან პაემანზე, რომელიც, სამწუხაროდ ჩვენთვის ბოლო აღმოჩნდა...მერე კიდევ მქონდა ერთი, სულ ბოლო პაემანი, როდესაც მე და თბილისმა ჩვენი, განსაკუთრებული სიყვარულით გავაცილეთ და ასე მგონია, ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი ხედავდა ჩემს ცრემლიან თვალებს და გრძნობდა ჩემს სევდიან გულისცემას...

 

...ჰო, იმ კაფეში მშვენივრად ვივახშმეთ, ბევრი ვიხალისეთ. მერე ცოტა დაიღალა და წავიდეთო, მანიშნა. გარეთ საუცხოო ამინდი იდგა. ციცინათელობდა თბილისი. გავუყარე ხელკავი, ცოტა გავიარეთ და იქვე, სიონთან, კიბის თავზე, განიერ დირეზე ჩამოვსხედით:

 

- თბილისელი ბიჭები ცოცხლად იდგნენ აქ და ქალაქს ეშხს მატებდნენ, პატრონობდნენ...ვინ იცოდა მაშინ, რა ელოდა ჩვენი „სიხარულის სახლს?“ ვინ იცის დღეს, რა ელის ხვალ ამ სევდიან ქალაქს? თბილისს რაც ჰქონდა, ყველაფერი მოგვცა, ჩვენ ავიღეთ და სახლში წავიღეთ...ახლა კი ყველაფერი უკან გვაქვს დასაბრუნებელი.

 

შენთვისაც მინდოდა მეთქვა, აღარ გადავდებ და გეტყვი: ანდერძი დავწერე, ჩემს ანდერძში ბევრი რამ წერია, მთავარია - გამგებმა გაიგოს!..

 

მოდი, ჩვენი დროებით განშორებისა, თბილისისა და თბილისელების სიყვარულის სადღეგრძელოს გეტყვი ანდერძიდან: „...შვილებო, გაბარებთ სატახტო ქალაქს, ამ სულიწმინდას - ქართვლის დედის ღვიძლ დედაალაგს...გფარავდეთ ზეცა და თავს გადგეთ მზეცა, რომ ვერა ისევ დაფაროთ თქვენცა. რომ მუდამ ცხვებოდეს კვერი, კვერვა არ მოკლებოდეს მახვილს, რომ მუდამ ხარობდეს ვერა, ისმენდეს ამ გენის ძახილს! რომ ამ შეძახილზე ოროლს - ხმალ-ხანჯალ-თოფს გააჟრჟოლოს, რომ სისხლი ამბოხდეს ძარღვში, რომ სული ამოხდეს ბოროტს!..გაბარებთ ამ მზეთუნახვს...

 

ჩემო სიონო, ჩემო თბილისო! ჩემო თბილისელებო! ძველნო და ახალნო, წასულნო და მოსულნო, ვალმოხდილნო და ვალმოსახდელნო, სანამ პირში სული გვიდგას, სული ვუბეროთ თბილისს! თქვენთან ერთად მუხლს ვიყრი ქართვლის დედის წინაშე, თქვენთან ერთად ვთხოვ პატიებას, თქვენთან ერთად შევავსებ მოთმინების ფიალას და ქართვლის დედის თასით შევსვამ ჩვენი თბილისის და თბილისელების სადღეგრძელოს!“

 

...დიდხანს ვიყავი დადუმებული. მერე უსიტყვოდ ჩავეხუტე იმ გულში, ხოხობივით რომ უცემდა. ცოტა დავმშვიდდით და ვუთხარი: მოდი, ტაქსს გავაჩერებ, ჯერ შენ მიგიყვან და მერე მე წავალ - მეთქი. დამყაბულდა.

 

ტაქსში ფანჯარა ბოლომდე ჩამოწია და ჩასვლისას, ხელი რომ შევაშველე, დედას გეფიცებით და მამასაც, აი, ეს სტრიქონები მითხრა:

 

„ღმერთმა თუმც მომცა წლები სიბერის,

გემო ვერ ვნახე წლების სიბევრის...

ღმერთმა არ მომცა სიბერის ნიჭი

და ვრჩები ასე - ბებერი ბიჭი!“

 

p.s. ძალიან უყვარდა ლექსად საუბარი და ლექსების თქმა. 2011 წლის 19 სექტემბერს საჩხერეში მიიწვიეს და სწორედ იქ, ლექსის კითხვის დროს გაჩერდა ჩემი შეუდარებელი უფროსი მეგობრის, საოცარი ქართველის, ნაღდი თბილისელის, გიზო ნიშნიანიძის გული.

 

ჰოდა, ვიცი, რომ იცის, როგორ მაკლია, რომ მახსოვს და მიყვარს. მე კი ის ვიცი, გიზო ნიშნიანიძეს, არასოდეს უღალატია მისი მზეთუნახავი თბილისისთვის!.. აი, რა მასწავლა ამ დიდებულმა ადამიანმა“, - წერს მაია კახიძე.

 

 

big_banner
არქივი