logo_geo
დათო ლიკლიკაძე: რა ლამაზად მომკვდარა ბებიაჩემი...
- +

24 თებერვალი. 2021. 19:43

 

 

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„რა ლამაზად მომკვდარა ბებიაჩემი...„რაღაცა არა ვარ კარგადო“... უთქვამს ბიცოლაჩემისთვის. 100 წლის ქალმა, პირველად თქვა რომ არ იყო კარგად. ცხოვრებაში ავად არ გამხდარა. სათვალე არ კეთებია 101-ე წელიწადში გადასულ ქალს და ბოლო წუთამდე ხუმრობდა მის ასაკზე, რომ აღარ ახსოვდა უფალს. დავიწყებოდა მისი წაყვანა.

 

- ოხ ელენე, ელენე... ხო არ შეშინდი?

- რამ უნდა შემაშინოს? იმდენი ხანი ვიცხოვრე აწი კი უნდა მოვკდე.

- გაჩერდი ახლა! გავალ წყალს მოგიტან.

 

როდესაც ბიცოლაჩემი დაბრუნებულა, ბებიას თავსაფარი გადაუძვრია და ასე ლამაზად განერიდა ამ წუთისოფელს. თავსაფარი შეიხსნა, რომელიც ამ ხნის მანძილზე მძიმე ტვირთად ჯერ ბაბუაჩემის, მერე მამაჩემის, მერე ბიძაშვილის, მერე ბიძაჩემის გამო ატარა. და როცა ასი წლის ხდები, ლოგიკურია მოგიწევს შავის არაერთხელ ჩაცმა და ამაზეც არასოდეს უწუწუნია.

 

ბავშვობაში ჩემთვის მოყოლილი ამბებიდან, ზღაპრებიდან და მოგონილი (თუ გამოგონილი) ისტორიებიდან ბუნდოვანი წარმოდგენა მექნება მთელი ცხოვრება, ერთი რაც ნათლად დამამხსოვრდება ეს იქნება მისი კალთის სუნი, რომელშიც მთელი ჩემი ბავშვობა არის აღბეჭდილი. მის კალთას ასდის მამაჩემის მოგონებების სუნი, ახლად დაკრეფილი ლეღვის სუნი, ღობე -ყორეზე სახელდახელოდ გადაკრეფილი ეკალასა და ომბალოს სუნი და ძროხის რძის სუნი...“, - წერს დათო ლიკლიკაძე.

 

 

big_banner
არქივი