logo_geo
ზაზა დავითაია: თემურ ჟორჟოლიანი სააკაშვილის ბინძურმა რეჟიმმა მოკლა!
- +

13 აპრილი. 2017. 14:39


 

„თემურ ჟორჟოლიანი სააკაშვილის ბინძურმა რეჟიმმა მოკლა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარის გარდაცვალებაზე საუბრისას წერს.


 

„დიახ, ჩემი აწ განსვენებული მეგობარი და თანამოსაკნე - ყოფილი პოლიტპატიმარი, საქართველოს კონსტიტუციურ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პარლამენტარი, 9 შვილის მამა და 10 შვილიშვილის ბაბუა თემურ ჟორჟოლიანი ნელი სიკვდილით, გაუსაძლისი წამებით მოკლეს!

 

ჩვენ სააკაშვილის რეჟიმმა შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობის შეთითხნილი ბრალდებით დაგვაპატიმრა. უსამართლო და უკანონო პატიმრობის 4,5 წელი პირველი დღიდან ვიდრე ბოლომდე - მასთან ერთად გავატარე, თუმცა თემურს ჩემზე ხანგრძლივი სასჯელი ჰქონდა მისჯილი და როცა 2011 წლის მარტში გავთავისუფლდი, ის ისევ საპატიმროში დარჩა..

 

ეთიკური მოსაზრებების გამო აქამდე ვდუმდი, არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს!!!

 

თემურს ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის უკანასკნელ პერიოდში, 2012 წელს გაურკვეველი ეტიოლოგიის სენი შეეყარა, რომელიც გამოვლინებებით ძალიან ჰგავდა ალცჰაიმერის დაავადებას..

 

ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მას ეს დაავადება პოლიტპატიმრობის პერიოდში სააკაშვილის რეჟიმმა მიზანმიმართულად დამართა!

 

ახალმა ხელისუფლებამ ციხიდან ამნისტიამდე ორიოდე კვირით ადრე „უდოთი" გაათავისუფლა.. ესეც შეგნებულად გააკეთეს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მისთვის არ მიეცათ! მართალია, ახალი ხელისუფლება თემურს ოჯახის წევრთან ერთად ისრაელში გამგზავრებაში და სამედიცინო გამოკვლევების იქ ჩატარებაში დაეხმარა, მაგრამ მისი პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის არაფერი უღონია! არც მატერიალურად დახმარებიან ხელისუფლებიდან კაცს, რომელიც 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟიდან მოდიოდა და საქართველოში მონარქისტული იდეის საფუძვლის ჩამყრელად ითვლება!

 

როგორ დაიწყო მისი დაავადება? ციხეში ყოფნის პერიოდში ჯერ მეხსიერება დაუქვეითდა.. უკვე გათავისუფლების შემდეგ შემეცნება თანდათან მთლიანად წაეშალა.. რეალობას საერთოდ მოწყდა და ლაპარაკიც მიავიწყდა. ბოლო პერიოდში ოჯახის წევრებთან კონტაქტშიც კი არ შედიოდა.. ვერავინ გაიგო, რა სჭირდა! ისრაელში ცნობილი ექიმები მხრებს იჩეჩდნენ და ამბობდნენ, რომ დიდი ალბათობით, დაავადება ხელოვნურად არის გამოწვეული და არც ის არის გამორიცხული, სამედიცინო ექსპერიმენტის მსხვერპლი იყოსო! სიცოცხლის ბოლო დღემდე ოჯახის წევრებმა ვერ დაადგინეს, ცნობიერება გააჩნდა თუ არა!

 

ასეა თუ ისე, თემურმა უკვე დაისვენა - ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა და ამქვეყნიური ცოდვებიც, სასტიკი მარტვილობით ჩამოირეცხა.. ვაი მის მტანჯველებს, რამეთუ ღვთის სამართალი ულმობლად გაუსწორდება თითოეულს! კაცმა იმქვეყნად, სამართლიანობის აღდგენის და პოლიტიკური რეაბილიტაციის აუხდენელი სურვილი წაიყოლა!

 

უფალმა გაანათლოს ჩემი წამებული მეგობარი!

 

ღმერთმა აცხონოს თემურ ჟორჟოლიანი!" - წერს დავითაია.




 

big_banner
არქივი