logo_geo
მაია ომიაძე: არც ერთი საღამო არ ჰქონია მას თავისუფალი, მუდმივად რომელიმე კულტურულ ღონისძებაზე იყო...
- +

13 აპრილი. 2017. 15:59




კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი მაია ომიაძე სოციალური ქსელის მეშვეობით უწყების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება:


„არ დავიწყებ საინფორმაციო სააგენტოების მიერ მომზადებული სიახლეების გაზიარებას და იმის მტკიცებას, რომ კულტურის ახლანდელ მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ატეხილი აჟიოტაჟი ტყუილია. არანაირი ვალდებულება ამისი არ მაქვს.

 

თვალი გადავავლე ჩემს „ნიუსფიდს" და წავიკითხე ბევრი ბრალდება ჩემი მეგობრების მიმართ, ვინც ახლა კულტურის სამინისტროში მუშაობს, თითქოსდა მათ სამსახური ავალდებულებთ, თქვან ან გააზიარონ რამე კარგი მიხელ გიორგაძეზე. მე ეს ვალდებულება არ მაქვს.

 

მაგრამ, მაქვს სურვილი, დავწერო რამდენიმე ფრაზა. 2 წელი ვიმუშავე მიხეილ გიორგაძესთან რთულ დროს, კარგ დროს, როცა ცუდ ხასიათზე იყო, როცა პრობლემური და სანერვიულო საკითხები იყო გადასაჭრელი, როცა მის მიმართ ბრალდებები ისმოდა, როდესაც პერიოდულად მისი დადებითი იმიჯი ფუჭდებოდა იმიტომ, რომ ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებს ადამიანი... არც ერთი საღამო არ ჰქონია მას თავისუფალი, მუდმივად რომელიმე კულტურულ ღონისძებაზე იყო, ვერ შეხვიდოდი მასთან კაბინეტში, რადგან სულ ვიღაც სტუმარი ჰყავდა, ყველა თავისი პრობლემით მოდიოდა, მინისტრი ყველას იღებდა, ყველას უსმენდა და შეძლებისდაგვარად პრობლემის მოგვარებაში ეხმარებოდა. ამის მონაწილე მეც ვიყავი. უბრალოდ, უსირცხვილობაა ის, რაც ახლა ხდება.

 

როგორ გული მწყდება, რომ ამდენი ფლიდი ადამიანი არსებობს ამქვეყნად. ყველას თავისი მიშა უყვარსო, ერთხელ გიორგი ლობჟანიძემ დაწერა, მახსოვს და ბევრი ვიხალისე მაშინ მის ამ სტატუსზე. ახლა მე მინდა დავწერო, რომ მე გამიმართლა და ვიმუშავე უზომოდ გულისხმიერ, ყურადღებიან, სამართლიან (და ამ სიტყვას მინდა ხაზი გავუსვა) ადამიანთან ორი წელი, გავიზარდე და ვისწავლე ბევრი რამ", - წერს მაია ომიაძე.




 

big_banner
არქივი