logo_geo
დინა მირცხულავა: შენ უკვე არჩეული გქონდა ადამიანობასა და ცხოველობას შორის - ადამიანობა
- +

3 მარტი. 2021. 15:34

 

 

#ბარათიშვილს

 

არასოდეს მითქვამს, როგორი გაზრდილიყავი, ყოველთვის მიგითითებდი, როგორი არ უნდა ყოფილიყავი.

 

მერე თვითონ ახარისხებდი ადამიანთა სიქველესა და სისასტიკეს და პირობას დებდი :

 

- დე, მე ასეთი არ გავიზრდები !

 

ასეთი პირობა მომეცი მაშინაც, როცა სანიაღვრეში ადამიანის მიერ გადაყრილი თვალგაუხელელი ლეკვები მანახე.

 

როგორ გაუხარდი მაშინ "დე"- ს.

 

შენ უკვე არჩეული გქონდა ადამიანობასა და ცხოველობას შორის - ადამიანობა.

 

შენ უკვე შენნაირი იყავი და ვერავინ გადაგაფიქრებინებდა.

 

შენ სავალს გაიბილიკებ და გზად უამრავი მცირე და დიდი დაბრკოლებები შეგხვდება, მაგრამ ლაფში ვერ გაგსვრიან, აიცილებ.

 

არასოდეს მიატოვო ადამიანები, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს ! მოგატოვონ თვითონ და დააკვირდი, როგორ ეშვებიან თავქვეზე, როგორ ვეღარ ჩერდებიან წასულები.

 

მათ შემხედვარეს არ გაგიჩნდება მსგავსის სურვილი.

 

ზოგჯერ ვითომ კედელი ხარ, ჩამოინგერი, დაიფშვენი და ახლიდან აშენდი, გამოძვერი შენივე ნანგრევებიდან, დამიჯერე, ასეა საჭირო.

 

ზოგჯერ იატაკქვეშეთში ჩაიკეტე, დაალაგე იქაურობა, მხოლოდ შენ იცი, რას მალავ იქ.

 

არავინ დაიხმარო, არავინ ჩაიყოლო.

 

მძაგს ტყუილი, იცი როგორც, მაგრამ თუ შენი ტყუილი, მომაკვდავს ააყენებს, დაე, იცრუე, ოღონდ კეთილად.

 

არ დაივიწყო საყვარელი ადამიანებისაგან მოყენებული ტკივილები, არ აპატიო მარტივად ! თუ გიყვარს, იბობოქრე, სულში ჩაუძვერი და სინანული გაუღვიძე.

 

მეც, დედასაც, არ მაპატიო რაიმე ისეთი, რაც შენ ინდივიდუალიზმს დაგაკარგვინებს, დედობამდე ადამიანობა მოითხოვე ჩემგან, რომელიც ყველა სტატუსზე მაღლა დგას და მაიძულე დედობრივი ეგოიზმი დავასამარო.

 

გახსოვდეს, რომ ბოროტების ჩადენა დედებსაც შეუძლიათ, უბრალოდ დედობის სახელით იფუთება და ლამაზი ჩანს გარედან.

 

სიცოცხლე, რომელსაც ასე ხშირად აყვედრიან შვილებს, მე კი არა, შენ მაჩუქე.

 

ჩვენ ერთად ვცვეთთ მას !

 

შენ ყველაზე დიდი მეგობარი ხარ ჩემი ცხოვრების.

 

ყველაზე დიდი გულშემატკივარი.

 

ეს შენ გამზარდე მე !

 

მახსენდება შენი მუშტისხელა ცრემლები, როცა გაბრაზებულს წამომცდა , "ნეტავ აღარ ვიყო" - მეთქი.

 

ის იყო ყველაზე წრფელი ცრემლი დედამიწაზე.... მე ვფიქრობ, გეთსემანიის ბაღში მაცხოვრის მიერ დაღვრილი ცრემლების შემდეგ.

 

ერთხელ მკითხე კიდეც :

 

- დე, სიკვდილი მტკივნეულია ?!

 

მაშინ არ მქონდა სრული პასუხი.

 

ახლა გეტყვი, რომ ადამიანად სიკვდილი უმტკივნეულოა.

 

თავად სიცოცხლე გიყელებს ზოგჯერ და ამ დროს დაივიწყე გულით სუნთქვა, მხოლოდ ფილტვები ამუშავე.

 

აკეთე ის, რაც დედაშენმა ვერ შეძლო.

 

და ბოლოს : ვერავინ გაიძულოს, უარი თქვა შენნაირობაზე !

 

#დინამირცხულავა

 

 

big_banner
არქივი