logo_geo
რას წერენ ბერას მეგობარი ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში
- +

8 მარტი. 2021. 22:24

 

ბერა ივანიშვილი საზოგადოებამ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, სანამ მისი მილიარდერი მამა პოლიტიკაში წავიდოდა. იმ დროისთვის უცნობი მეცენატის შვილი, მომღერალი თინეიჯერი, ტელევიზიებისთვის სასურველი რესპონდენტი იყო. "კარგი მამის, კარგი შვილი“ - ასე მოიხსენებდნენ მედიაში. მამის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ბერამ პოლიტიკურად გარეპა.

 

ბევრს ახსოვს ცნობილი ჰიტი, რომელიც მაშინდელი "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს გოგა ხაჩიძეს მიუძღვნა. სიმღერაში იყო ასეთი ფრაზა - "გოგა, გთხოვ, წვიმად გადაიქეცი...“

 

მამის გაპრემიერების შემდეგ, ბერა გასართობი არხის, GDS-ის დირექტორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიას მაღალ ხარისხზე ჰქონდა პრეტენზია და ძვირადღირებულ გადაცემებსაც ამზადებდნენ, პოლიტიკურად მუდმივად ქაოსში მყოფ ქვეყანაში არხმა რეიტინგი ვერ შეინარჩუნა და GDS-ი გაიყიდა. ეს რიგით მესამე ტელევიზია გახლდათ ივანიშვილების მფლობელობაში, რომელიც უბრალოდ, გაიყიდა, ან დაიხურა.

 

ბერას ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მილიონობით გამომწერი "ინსტაგრამზე", "ტიკ-ტოკზე“, "ფეისბუქზე." ის ასევე გამოირჩეოდა ქვეყანაში შემქნილი კრიზისის დროს მოულოდნელი განცხადებებით, რომლის შემდეგაც სურათი იცვლებოდა ხოლმე. შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილის სიმღერას მარიხუანას ლეგალიზაციაზე და მანამდე "ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაზე გამოხმაურებას, "თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება", – წერდა ბერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი აზრი მუდმივად იცვლებოდა, ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ადამიანთა ნაწილი სოციალურ ქსელში ბერას გამოხმაურებას ელოდებოდა. მის მიმართ არ იყო დიდი დოზით აგრესია და ის მაინც რჩებოდა, მილიარდერი მამის "კეთილ შვილად."

 

ამიტომ, "ტვ პირველით“ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერები საზოგადოების სწორედ ამ ნაწილისთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი. ჩანაწერებში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით გამოძიებას არ დაუდგენია, გვესმის როგორ უკვეთავდა, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს იმ ადამიანების შეშინებას და დასჯას, რომლებიც მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ.

 

ამ დრომდე ივანიშვილის ოჯახის ოფიციალური პოზიცია უცნობია. ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ბერამ "ფეისბუქის" გვერდზე პროფილის ფოტო განაახლა, ფოტო არის ბერას ცნობილი კლიპიდან She Said Yes, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა.

 

 

ჩანაწერი დაუჯერებელი აღმოჩნდა იმ ცნობილი ადამიანებისთვის, რომლებიც პირადად იცნობენ რეპერს და მეგობრობენ. თუმცა სოციალურ ქსელში სტატუსების გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ. რამდენიმე მათგანმა მაინც გაბედა, თუმცა კრიტიკა არც მათ დააკლდათ.

 

თბილისის მერის, კახი კალაძის პიარის სამსახურის წარმომადგენელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"კიდევ კარგი არავის აინტერესებს მეგობრებთან ჩემი სატელეფონო საუბრები, თორემ უვადო პატიმრობის კანდიდატი ვარ. 2011 წლის ამბებიდან მე სულ სხვა ისტორია მახსენდება- საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვი ესტუმრა სტუდიაში და კონცერტი გაუმართა. თვითონაც ბავშვი იყო მაშინ (ისევე როგორც იმ აკოწიწებულ ჩანაწერში). მთელი სული და გული ჩადო, აიყოლია ყველა, ერთად მღეროდნენ. ვთხოვე, ამ შეხვედრის ჩანაწერს გავაშუქებ, ძაან მაგარი გამოხმაურება მოყვება-თქო და უარი მივიღე, შეიძლება ამ ბავშვებს რამე პრობლემები შეექმნათ, ჩემთან რომ იყვნენო (გახსოვთ ხო რა დრო იყო?). და ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი!“ - წერს თქომაჯიშვილი.

 

ბერასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ: "ბერა ყველაზე კარგი და ნამდვილი ადამიანი, ძალიან მიყვარს! “ - წერს ნუცა.

 

მედეა შაფათავა, რომელიც წლებია ივანიშვილების ოჯახთან მუშაობს და მეგობრობს, სოციალურ ქსელში წერს: "როგორ ვერ გადაიტანა ირაკლის დანიშვნა... ბოღმა. როგორ იშიფრები, შე საწყალო, დამშვიდდი, არ გაგივა მაი პონტი, დურუ... ბერას ბავშვური ხუმრობა კი “კრიმინალიაო”... არც ჩუბინიძეს, არც გომელაურს და მით უმეტეს, ღარიბაშვილს არასოდეს გადაუკვეთავთ ხაზი...წადი ცივი წყალი დალიე და დამშვიდდი, “წყარო”. ფლეშკები გაამრავლე, არსად დაგეკარგოს...პაჟარია, პაჟარი... პ.ს. მიშას ჩანაწერი მიშას “მეფობისას” რას გამოიწვევდა, დამიწერეთ აქ, ფლიზ.“

 

ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმიანება ბერას მეგობარი, მსახიობი ლევან გოგორელიანი და სოციალურ ქსელში წერს: "ადამიანის მკვლელობის დაბრალებასთან შედარებით ეს ფუჩეჩი ბრალდებაა. ადამიანური თვალსაზრისით ერთი ნაბიჯით წინ ხართ დაჟე...“ - შეგახსენებთ რომ გოგორელიანი ინგა გრიგოლიას სიძე (დის შვილის მეუღლე) გახლავთ და წლებია ივანიშვილების ოჯახთან მეგობრობს.

 

https://www.ambebi.ge/article/256393-am-bichzea-saubari-vinmes-chagravdao-gmertmani/

 

big_banner
არქივი