logo_geo
ზაირა მიქატაძე: წავიდა ჩვენი ბიჭების გმირული ისტორიების, ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის ერთ-ერთი პირველი მემატიანე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ჟურნალისტი ნარგიზა ლომთაძე...
- +

17 მარტი. 2021. 13:22

 

 

ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე, „ფეისბუქზე“ კოლეგის, ჟურნალისტ ნარგიზა ლომთაძის გარდაცვალებას ეხმაურება.

 

„როცა ეს სტატია დაიბეჭდა, დამირეკა, მესამედ ვკითხულობ ახლა და გულამოსკვნილი ვტირიო. არ მიკითხავს, რა გატირებს-მეთქი, რადგანაც ადვილი მისახვედრი იყო... სულ სხვებს ეფერებოდა, მას არავინ მოფერებია და იქნებ სხვისი თვალით დანახული საკუთარი ცხოვრების გზა ატირებდა?.. ვინ იცის... ორ წელიწადში კი ამ გზის ბოლოში აღმოჩნდა. წავიდა ჩვენი ბიჭების გმირული ისტორიების, ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის ერთ-ერთი პირველი მემატიანე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ჟურნალისტი ნარგიზა ლომთაძე. გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ტკივილის მოსმენას.

 

იმქვეყნად შეხვედრამდე, ჩემო ტკბილო მეგობარო!!!

 

დაკრძალვა 18 მარტს  (ხუთშაბათს), ქ.ქუთაისში. იროდიონ ევდოშვილის ქ. I შესახვევი, N11. გამოსვენება 2 საათზე.

„უკვდავების“ ავტორის უკვდავი გზა

 

არ არის ადვილი, ჟურნალისტი ჟურნალისტს დაუჯდეს სასაუბროდ, მით უმეტეს, ისეთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ერთი აგური  თავადაც  დაგიდევს, მაგრამ ჩვენი ჟურნალის  წინამდებარე ნომრის  სტუმარი, ქალბატონი ნარგიზა ლომთაძე, სხვა მოვლენაა ქართულ სამხედრო ჟურნალისტიკაში...

 

დაახლოებით ცამეტი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, წიგნი „უკვდვავება“ ჩამივარდა ხელში. დიდი ინტერესით დავიწყე კითხვა, რადგანაც, ფაქტობრივად, ის იყო  სამშობლოს ერთიანობას შეწირული ჩვენი ბიჭების ბიოგრაფიებისა და ისტორიების პირველი კრებული. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ წიგნში ჩემი სტატიაც აღმოვაჩინე - რეპორტაჟი აფხაზეთის ომიდან, სათაურით,  „ღალატს და სიკვდილს მალავს ნაპირი“. მაშინვე წიგნის ავტორს დავუწყე ძებნა. მინდოდა, ერთი მადლობა მაინც მეთქვა იმ ადამიანისათვის, ვინც ასე გულმოდგინედ იშრომა და მეომრების ისტორიებთან ერთად აფხაზეთის ომზე დაწერილი თითოეული წერილი შეკრიბა. ამ ძებნას რამდენიმე წელი შევალიე... ერთ დღესაც ბინის ტელეფონზე ზარი გაისმა. ვერ ვიცანი უცხო ხმა. მე ჟურნალისტი ნარგიზა ლომთაძე ვარო, გამეცნო. თავი სიზმარში მეგონა, ქალბატონო ნარგიზა, რამდენია ხანია გეძებთ-მეთქი, - გაოცებულმა შევძახე. ხოდა, თუ მეძებ, მიდი ახლა და გიორგი ყარყარაშვილის ოფისში გამოიქეცი სასწრაფოდო, ძალზე თბილად და შინაურულად მითხრა. ასე გავიცანი ჟურნალისტი ნარგიზა ლომთაძე. წიგნი „უკვდავება“ კი, სკოლებსა თუ სამხედრო ნაწილებში  ღონისძიებების ჩატარებისას, ჩემი განუყრელი თანამგზავრი გახდა...

 

ქალბატონ ნარგიზას ახლახან საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა. იშვიათად, ჩვენს ქვეყანაში ღვაწლი  დაუფასდეს ადამიანს. საბედნიეროდ, მას შედარებით დაუფასდა ის შრომა და წვალება, რაც  გულანთებული მებრძოლების უკვდავსაყოფად გასწია. იგი „ღირსების მედლის“კავალერიც გახლავთ.

 

გზა  ეროვნული გვარდიის შექმნიდან ძმათა სასაფლაომდე... და ამ გზაზე გამოცემული „უკვდავების“ ორი ტომი, რომელმაც დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც  იხილა დღის სინათლე. თვითონ წიგნი კი ერთადერთი სხივი გახდა იმ გაუბედურებული დედებისათვის, რომელთა სიცოცხლეს აზრს  მხოლოდ და მხოლოდ შვილზე ნათქვამი გულიდან ამოხეთქილი სუფთა სიტყვა აძლევდა. ქალბატონმა ნარგიზამ კი ეს შეძლო იმ დროში, როცა წიგნისთვის  გამოსაცემი თანხის შოვნაზე არანაკლებ ძნელი იმ ჩინოვნიკების პოვნა იყო, რომლებიც ამ ბიჭების თავდადებას დააფასებდა. ვინ ეხვეწებოდა, რომ მიდიოდნენო?! -  პირადად ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამს ზოგიერთ მათგანს.

 

როგორ იწერებოდა „უკვდავება“, როგორ გამოიცემოდა იგი, როგორ გროვდებოდა მასალები და ვინ არის ის ადამიანი, ვინც ამ საქმეს საკუთარი გულისტკვილის ფასად შვილმოკლული დედების გულის სანუგეშებლად აკეთებდა, ამ კითხვებზე პასუხს ავტორის მესამე წიგნი - „გულის ძახილი“ იძლევა. ნარგიზა ლომთაძის გულის ძახილი, რომელიც ომგამოვლილი ადამიანების გულის ძახილსაც ძალიან ჰგავს...

 

- ქალბატონო ნარგიზა, მოგვიყევით, როგორ მოხვდით ქართულ სამხედრო ჟურნალისტიკაში და როგორ აღმოჩნდით მეომრების გვერდით?

 

- ვიდრე ამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, ჩემი მოღვაწეობიდან რამდენიმე მომენტს გავიხსენებ.  ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კომკავშირულ ქალაქ ბორის ძნელაძეში ჯერ ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელ მეთოდურ ცენტრში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი კომკავშირულ სკოლაში ბიბლიოთეკის გამგედ და  მეთოდისტად ვმუშაობდი. პარალელურად, არჩეული ვიყავი კომკავშირული ქალაქის პროფკავშირების თავმჯდომარედ შვიდი წლის განმავლობაში. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, კომკავშირმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. შავნაბადაზე მდებარე კომკავშირულ ქალაქ ბორის ძნელაძეს კი სახელი გადაერქვა და ახალგაზრდული ქალაქი ეწოდა.

 

მინდა გითხრათ, რომ მსგავსი  კომლექსი  საბჭოთა კავშირის  სივრცეში  არ არსებობდა.  ეს ქალაქი თავის დროზე ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას იდეითა და ინიციატივით აშენდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი კაპიკიც არ დახარჯულა. ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით მუშაობდნენ და თავიანთ კუთხეს აშენებდნენ, სვანური კოშკიც კი ააგეს. მოკლედ, იქ არაჩვეულებრივი სილამაზე სუფევდა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, დავიწყეთ ფიქრი, ვის შეიძლებოდა გადასცემოდა ქალაქი, რათა იგი კვლავ ახალგაზრდობას დარჩენოდა. თავიდან ვიფიქრეთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაგვეცა. პარალელურად, პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც  ახალგაზრდული ქალაქი ეროვნულ გვარდიას გადაეცა. თანამშრომლების ნაწილი ადგილზე დავრჩით და ვინაიდან ჩემი მეორე პროფესია ჟურნალისტობა იყო, ვიქეცი სამხედრო კორესპონდენტად.

 

როდესაც ზვიად გამსახურდიამ ეროვნული გვარდია შსს-ს დაუქვემდებარა, გვარდია უკვე ჩვენთან იყო. სამწუხაროდ, ახალბედა ჯარისკაცები არ გაუფრთხილდნენ ახალგაზრდულ ქალაქს. მე თავიდანვე ვთქვი, ხალხო, აქაურობა ჩექმას ვერ გაუძლებს-მეთქი და ასეც მოხდა. მალე აფხაზეთში ომი დაიწყო და პირველი დაღუპული ჯარისკაცებიც მოასვენეს შავნაბადაზე. რამდენიმეს მისამართიც კი არ ვიცოდით. პირველი იყო ლაშა დონდუა, რომლის ოჯახსაც ვერაფრით მივაკვლიეთ. უცებ სამისამართო ბიურო გამახსენდა, იქიდან ამოვიღეთ მისამართები და ბიჭები სახლებში მივასვენეთ. ლაშა დედისერთა აღმოჩნდა, მშობლები სოფელში იყვნენ, როდესაც სახლში მივიყვანეთ. ბიჭები ფანჯრიდან გადაძვრნენ და კარი ისე გააღეს. ალბათ, ვიღაცამ შეატყობინა დედ-მამას,  რომ ჩამოვიდნენ და ამხელა ბიჭი დახვდათ გაშხლართული, ენით აღუწერელი საცოდაობა დატრიალდა. ეს იყო პირველი მსხვერპლი ჩემ თვალწინ...  ამის შემდეგ დაღუპულებმა მოიმატა და მოიმატა. იმ დროისათვის ქალაქის მერი  ოთარ ლითანიშვილი იყო. მივედი და ვუთხარი, ბატონო ოთარ, სადმე ძმათა სასაფლაო გავაკეთოთ, ეს ბიჭები რომ ერთად იყვნენ-მეთქი. ასე გაიხსნა საბურთალოს ძმათა სასაფლაო. როცა დაღუპულების რიცხვი ძალიან გაიზარდა, მერე თბილისის ზღვაზეც  ვკრძალავდით ბიჭებს ერთმანეთის გვერდით.

 

- მათ უკვდავსაყოფად წიგნის გამოცემის იდეა როგორ გაჩნდა?

 

-  ჟურნალისტთა ფედერაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ, აკაკი სიხარულიძემ თქვა, რომ გაგვეკეთებინა წიგნი „უკვდავება“, რათა პატივი მიგვეგო ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნას. მე მაშინ უკვე ბატალიონ „ავაზაში“ ვიყავი და  ამ საქმეში ჩავერთე. წიგნის გამოცემამდე პერიოდულ პრესაში, როგორიც იყო „სამხედრო გაზეთი“, ჟურნალი „მეომარი“ და ასევე, სხვადასხვა ცენტრალური თუ რეგიონული ჟურნალ-გაზეთი, მუდმივად ვბეჭდავდი ოპერატიული ხასიათის მასალებს სამხედრო თემატიკაზე და ომის შესახებ. ომში სულ ერთხელ ვიყავი. ბიჭები მეუბნებოდნენ, შენ ბატალიონში დარჩი, ჩამოვალთ და ჩვენ მოგიყვებით ამბებსო. როგორ უხაროდათ, როცა მათზე იბეჭდებოდა?!

 

- წიგნის  მასალების შეგროვება, ალბათ, დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული...

 

- რა თქმა უნდა... საშინელი დრო იყო, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა...  მივდიოდი ჭირისუფალთან, ვესაუბრებოდი და ტირილით ვკვდებოდი. სახლში როცა ვბრუნდებოდი, თავშალმოხვეული, ლამფის შუქზე ვწერდი... პირველი წიგნი 1996 წელს გამოვიდა,  იმ პერიოდში, როცა ხაზინა ცარიელი იყო. თანხაზეც  მე დავდიოდი და მასალების შეგროვებაზეც. თავდაცვის სამინისტროს ერთმა გენერალმა ისიც კი მითხრა, შენ სულელი ხომ არ ხარ, რა დროს წიგნიაო?! პირველი ნაწილი როგორც იქნა, გამოვეცით. შევარდნაძემდე მიაღწია ჩემმა წერილმა და სასწრაფოდ დააფინანსეთ, საშვილიშვილო საქმეაო, ასეთი რეზოლუცია დაადო. რაც დარჩა, ის თანხები კი სტამბის დირექტორმა, ქარაზანაშვილმა, თავის თავზე აიღო და სტამბის ხარჯებში გაუშვა. მაშინ კომპიუტერი სად იყო, მუშები ხელით აწყობდნენ ტექსტებს და თან ტიროდნენ, ჰონორარიც კი არ აიღეს, ისე იმუშავეს.

 

- ქალატონო ნარგიზა, მეორე ნაწილში მე ვნახე ჩემი წერილი. არადა, მაშინ საერთოდ არ მიცნობდით, როგორ აგროვებდით მასალებს?

 

- ვკითხულობდი ყველა გამოცემას და საავტორო უფლების სრული დაცვით, სტატიებს იქიდან ვიღებდი. ზღვა შრომა გავწიე,  თანაც იმ პერიოდში, როცა არაფერი გაქვს და მშიერ-მწყურვალი ხარ. ფეხსაცმელზე გამძვრა ძირი. შევედი თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველოს უფროსთან, ავთო დავითაძესთან, მივხურე კარი, ავიღე ფეხი და მაგიდაზე დავუდე, ნახე, როგორ შემომასკდა, რა ვქნა, სიარულს ვეღარ ვაგრძელებ-მეთქი. ჩაწიე, ქალო, ფეხი, სახელი არ გამიტეხოო, შეშინებულმა მითხრა. ამ დროს თავდაცვის სამინისტროს გამომცემლობაში ვმუშაობდი.

 

1997 წელს მეორე წიგნი გავამზადე გამოსაცემად,  „უკვდავების“ მეორე ტომი. მის დასაფინანსებლდ კი, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის განკარგულება იყო, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა იმდენი მაწვალა,  ენა ვერ აღწერს. აუღებელი ციხე-სიმაგრე გამოდგა. ფინანსთა სამინისტროში რომ მივდიოდი, დაცვას თანამშრომელი ვეგონე და საშვს აღარ მთხოვდა. მე გავუშვი ისინი ომშიო? - ერთხელ ასეთი რაღაცაც კი მითხრა, რაზეც ძალიან გავბრაზდი და მივახალე, იმ ბიჭების სისხლიან სავარძელში ზიხარ და,  რა, შენი ჯიბიდან ხომ არ მაძლევ-მეთქი?! ასე მაწვალა ორი წელი და ბოლოს შემომითვალა, პრეზიდენტის განკარგულება აღარ მოქმედებსო. არადა, წესით, როცა შესრულდება, მაშინ უნდა ჩამოიწეროს. ახალი განკარგულება მივუტანე და მაინც არ ჩარიცხა. იცით, რა ხდებოდა? დიდ თანხას არ ვითხოვდი და წილში ვერ ჩამიჯდებოდა, თუმცა, ამას ვერც გამიბედავდა. მოკლედ, სანამ ფინანსთა მინისტრი იყო, წიგნის დაფინანსება არ მაღირსა. ამას ასე დეტალურად იმიტომ გიყვებით, რომ მინდა, ჭირისუფალმა გაიგოს, როგორ შეიქმნა წიგნი „უკვდავება“ და ვინც დღეს თანამდებობებზეა, იმათაც  იცოდნენ, როგორ მიუდგნენ ეროვნულ საკითხებს.

 

ერთხელ  დაღუპული მეომრის დედამ დამირეკა, თქვენი ნახვა მინდაო. შევხვდი. შავებში ჩაცმული, გაუბედურებული ქალი იყო, ჯერ მკოცნა, მკოცნა და მერე მითხრა, ამ წიგნის გამოცემისთვის ჩემი ბიჭის სახელით პატივისცემა მინდოდა შენთვისო. რას ბრძანებთ-მეთქი, თავი გავიგიჟე. პატარა შავი პარკი ეჭირა, ბევრი კი არაფერია, ათი ცალი კვერცხია, ქათამი მყავს სახლში და შეგიგროვეო. უარს როგორ ვეტყოდი, ეწყინებოდა, მაგრამ გულში კი გავიფიქრე, ახლა რომ ნოღაიდელი შემხვდებოდეს სადმე, ამ კვერცხებს თავზე დავათხლიშავ-მეთქი...

 

- იმის შემდეგ ამ ბიჭებს არ მოშორებიხართ და დღესაც მათ გვერდით ხართ...

 

- ყოველი წლის 2 ივლისი - ტამიშის დესანტის დღე - გლოვის დღედ გვაქვს გამოცხადებული. ჯერ გმირთა მემორიალთან ვიკრიბებით, პატივს მივაგებთ დაღუპული მეომრების ხსოვნას და შემდეგ საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ავდივართ. თითქმის მთელი „ავაზა“ იქაა დასაფლავებული.

 

- ამდენი ისტორია შეაგროვეთ, რამე გამორჩეული თუ გაქვთ მოპოვებული?

 

- მაქვს ერთი ძალიან მძიმე, სიყვარულის ისტორია. 19 წლის გივი რობაქიძეს უკრაინელი დედა ჰყავდა. ჯერ სამაჩაბლოს ომში გაიპარა, შემდეგ კი აფხაზეთში წავიდა. დედამისისთვის მოუყოლია ომიდან ჩამოსულს. დედი, ჩვენებმა, მოწინააღმდეგის მოკლული მეომრები გააპატიოსნეს, გვერდით თავიანთი იარაღები დაულაგეს და ისე გადასცეს მოწინააღმდეგე მხარესო. ვიღაცამ იქიდან ქართულად იყვირა, ალბათ, ოსი იყო, ომშიც ყოფილან ჯენტლმენები, ნახეთ, რა გააკეთესო. ცხინვალის ომის შემდეგ  შეყვარებულთან ერთად  ამერიკაში უნდა წასულიყო, ბილეთები დაჯავშნული ჰქონდათ. ამ ხანში აფხაზეთში ომი დაწყო. ტატას სიყვარული მოიცდის, სამშობლოსი კი ვერაო, უთქვამს დედისთვის და აფხაზეთში წავიდა. წავიდა და არ დაბრუნებულა. ტატამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ წერილი გამოუგზავნია, ჩვენს სიყვარულს ვერაფერი გაახუნებსო.

 

- თქვენს ახალ წიგნზე - „გულის ძახილზე“ მინდა გკითხოთ. მისი გამოცემა როგორღა მოახერხეთ და რას ეძღვნება იგი?

 

- წიგნი გამოვეცი გასულ წელს. მასში გადმოცემულია მთელი ჩემი მოღვაწეობა, სამშობლოსადმი უანგარო სამსახური. ასევე, კრიტიკული წერილები იმ ჩინოვნიკების შესახებ, რომელთა ქმედებაც კანონს და ზღვარს სცილდება. ამ წიგნში ფართოდაა გაშუქებული ჩემი ათწლიანი მოღვაწეობა თავდაცვის სამინისტროში.  გამოვეცი ჩემი ხარჯებითა და ორი „ავაზელი“ ბიჭის ხელშეწყობით, რომლებიც სტამბაში მუშაობენ. მინდა საზოგადოებამ გაიგოს, თუ როგორ ვიცხოვრე, რა გზა გავიარე. ახალი წელი მოდის და ერთი ამბავი გამახსენდა. თავდაცვაში ვმუშაობ, ხელფასები გაყინულია. 31 დეკემბერია და თანამშრომლები მეხვეწებიან, ნარგო, გვიშველეო. იცოდნენ, რომ ყველა გენერალთან კარგად ვიყავი, მაგრამ ვისთვის უნდა მეშველა, ჩემი თავი გამჭირვებოდა. დედაჩემის გამოგზავნილი ერთი ქილა აჯაფსანდალის მეტი მეც არაფერი მებადა. სახლში რომ მივედი, ადამიანურმა სისუსტემ მძლია და ტირილი დავიწყე, ამ ახალ წელს ხელფასები როგორ არ მისცეს ხალხს-მეთქი. ამას თან დაერთო გამოსაცემი წიგნისთვის თანხების უქონლობაც, ჭირისუფლები კი ყოველდღე მირეკავდენენ და უცებ თავში აზრმა გამიელვა, თავი უნდა მოვიკლა-მეთქი.

 

12 საათი ხდება და სახლის ტელეფონი მირეკავს. ჩემი პატარა ძმისშვილების ხმა ისმის, მამიდა, რატომ არ ჩამოხვედი, გვენატრებიო. ეს იყო სხივი, რასაც  იმ აზრის  გადაფიქრება მოჰყვა. აკვიატება კი არ მქონდა, წამიერად მოვიდა, რადგანაც ვეღარ ვუმკლავდებოდი ამდენ უნამუსო ჩინოვნიკს. ამ ბიჭების სადღეგრძელოებს ფეხზე ამდგარი რომ სვამთ, მათ სახელებს სხვანაირი უკვდავყოფაც უნდა-მეთქი, ყველას ამას ვეუბნებოდი. დიდი ლოდინისა და ბრძოლის შემდეგ, „უკვდავების“ მეორე ნაწილის ფული ბოლოს გია ბარამიძის თავდაცვის მინისტრობის დროს გადმომირიცხეს. ფიცი მაქვს ბიჭების საფლავზე დადებული, იმდენ წიგნს გამოვცემ, რამდენიც საჭირო იქნება-მეთქი, მაგრამ ხელშეწყობა და დაინტერესება რომ არ არის, რა ვქნა?! რამდენიმე მასალა ახლაც მზად მაქვს და მიდევს სახლში.

 

- როგორია ტკივილიანი ისტორიების მატარებელი ჟურნალისტი ქალის ყოველდღიური ცხოვრება?

 

-  უკვე ასაკშიც ვარ, 68 წლის გავხდი. დღეს ვეტერანი, ფაქტობრივად,  ლუკმა პურისა და გადარჩენისთვის იბრძვის. სამსახურიდან როცა გამიშვებენ და მხოლოდ პენსიის ამარა დავრჩები, 200 ლარი მარტო წამალში არ მეყოფა. ვცხოვრობ ხვალინდელი დღის შიშით.  მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს, დაღუპული მეომრის შვილს მშობიარობა რომ სჭირდებოდა, ლარ-ლარი შევკრიბეთ ვეტერანებმა და ისე ვამშობიარეთ.  ასე რომ,  ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, 2013 წელს, ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა,  ომში დაღუპულის ოჯახებს ჯერჯერობით 500 ლარი მიეცემათ და შემდეგ ეს თანხა 1000 ლარამდე გაიზრდებაო. ეს სიტყვა ნამდვილად შეასრულა, მაშინ იგი პრემიერ-მინისტრი იყო.  ომში დაღუპულების მშობლებს რომ ღირსეული სიბერე აქვთ, ეს უდავოდ ამ მთავრობის დამსახურებაა, მაგრამ ყურადღება ცოცხლებსაც სჭირდებათ.

 

ესაუბრა ზაირა მიქატაძე

 

ჟურნალი "მეციხოვნე" N4(6). 2019.“ - წერს ზაირა მიქატაძე.

big_banner
არქივი