logo_geo
გიზო თავაძე: იქ წავიდა, სადაც მისი სათაყვანებელი, გენიალური „ჩაკრულო“ დანავარდობს გალაქტიკებში
- +

1 აპრილი. 2021. 17:22

 

 

ისტორიკოსი, მწერალი და პოეტი გიზო თავაძე, ქართული ფოლკლორის ერთი-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„იქ წავიდა…

 

რესტორან „იმპერიალში“ ათნი ვსხედვართ, ხელს არავინ გვიშლის (განცალკევებით გავაწყობინე სუფრა). თამადობაზე უარი განვაცხადე, რადგან მსურს, ანზორ ერქომაიშვილს ვუსმინო, მის დარბაისლურ და გონივრულ ბაასს.

 

გვერდით ცნობილი მუსიკოსი, ენი არსენიძე მიზის, რომელიც ბატონ ანზორთან შეხუმრებულია და თავს თავისუფლად გრძნობს ცხრა კაცის გარემოცვაში.

 

– ენისთანა პროფესიონალი, თითზე ჩამოსათვლელია, საქართველოში, მოდით, მისი სადღეგრძელო დავლიოთ! – გვთავაზობს მაესტრო. ყველანი ვეთანხმებით. ანსამბლ „რუსთავის“ წევრები სიმღერას აგუგუნებენ.

 

– ბატონო ანზორ, თქვენს დიდ საგვარეულოზე და ბაბუა არტემზე (რომელზეც ბევრი რამ მიამბო ჩვენმა დიდმა რეჟისორმა რეზო ესაძემ) მოგვიყევით რაიმე! – ვთხოვ წრფელად.

 

– ჯერ, ჰამლეტ გონაშვილზე და მის ფენომენზე გეტყვით ორიოდ სიტყვას და კი ბატონო…

 

ფეხზე დგება და ისე იგონებს ლეგენდარულ მომღერალს, თან თვალები უცრემლიანდება. ანსამბლი „შენ ბიჭო ანაგურელოო“, ჭერს ხდის რესტორანს და ანზორ ბატონიც, დიდებულ არტემ ერქომაიშვილზე გვიამბობს… ენი არსენიძე მალი-მალ დასცქერის საათს (უკვე შუაღამეა) და თვალებით მევედრება, რომ სახლამდე მივიყვანო.

 

– შენ რატომ არ მღერი, გურულო? – მეკითხება დიდი კომპოზიტორი და ლოტბარი.

 

– გულში ვმღერი, ჩემო ბატონო!..

 

– ჰოდა, მოემსახურე და გააცილე აწი ჩვენი ენი! – დამრთო ნება.

 

მომდევნო წელს, ჩარგალში, „ვაჟაობაზე“ ვნახე. გაგვიხარდა ერთმანეთის ხილვა. წინა წელს გამოცემული მოთხრობების წიგნი „ლაპარაკი ჩურჩულით“ ვაჩუქე, რამაც ძალიან გაახარა (უსაშველოდ მომწონს შენი მოთხრობა „ალიფაშას მეორე ღალატიო“, ბევრჯერ უთქვამს).

 

ბოლო წლებში, გენო კალანდიას, დათო წერედიანის და დიმა ჯაიანის დაკრძალვებზე შევხვდით ერთმანეთს და – რა კაცები მიდიანო! – მწარედ ჩაილაპარაკა.

 

დღეს, თავად წავიდა, იქ წავიდა, სადაც მისი სათაყვანებელი, გენიალური „ჩაკრულო“ დანავარდობს გალაქტიკებში…“ – წერს თავაძე.

 

31 მარტს, ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეთნომუსიკოსი და ლოტბარი, კორონავირუსის დიაგნოზით, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“, 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა.

 

გამოცემული აქვს, მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

 

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი, ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით. დაჯილდოებულია, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

 

 

big_banner
არქივი