logo_geo
ირმა ინაშვილი: ჩემს ცხოვრებაში რითი ვერ მოვიპოვე უფლება, რომ ზოგჯერ ჩემზეც რაღაცა ვთქვა?!
- +

29 აპრილი. 2017. 01:50



პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


პრაქტიკულად მეოთხედი საუკუნე გავიდა იმ დიდი ტრაგედიიდან, რომელიც ჯერ ცხინვალში, ხოლო შემდეგ სოხუმში დატრიალდა. სხვათა შორის, მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც მობილური ქსელები. კამერა ვიდეომასალას ფირზე წერდა. საღამოს მანქანით უნდა ჩამოსულიყავი თბილისში და ფირი ჩამოგეტანა. მეორე დღეს კი, უკან ბრუნდებოდი. თვეში სამჯერ... ზოგჯერ ოთხჯერაც გვიწევდა თბილისში ჩამოსვლა, ფირის ჩამოტანა და მეორე დღეს უკან დაბრუნება. ცხინვალში მე ფრაგმენტულად ვიყავი. რამდენჯერმე მოვხვდი. რაც შეეხება აფხაზეთს, ტრაგიკული ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. თუ იმ დღეებს არ ჩავთვლით, როცა ფირის ჩამოტანა მიწევდა, მთელი ეს დრო მე აფხაზეთში გავატარე. და ამის შემდეგ, ჭუბერი გამოვიარე. ჩემთან ერთად ომში ვინც იყო, ყველას ვასახელებ. არასდროს ვივიწყებ. ბევრი ჟურნალისტი ჩემთან არ იყო, მაგრამ გადავკვეთილვართ. ისეთებიც იყვნენ, ვისთანაც არ გადავკვეთილვარ, მაგრამ იქ... ომში იყვნენ. ყველა დასაფასებელია და ყველა შესაქებია.

 

გუშინწინ ეთერში ეკა ხოფერიას გადაცემა გავიდა, რომელიც ვიღაცას მოეწონა. ვიღაცას- არა. მე მადლობელი ვარ ეკასი. ახლა დისკუსია გაჩაღდა, ვინ იყო... ვინ არ იყო... ვინ სად იყო და ვინ სად არ იყო... ვინ რამდენ ხანს იყო ომში და ვინ რამდენ ხანს არ იყო. მე სად ვიყავი და რამდენ ხანს ვიყავი, აგერ მოგახსენეთ და არც არავის ვუთვლი რამეს, არც არავის ვაძლევ რჩევას და არც არავის ვემართლები. ღმერთმა ყველას თავისი გზა მისცა. ჰოდა, ახლა დამშვიდდით მოპაექრენო.

 

P.S. ვინც ბოროტ sms- ებს აგზავნით, ნუ იხარჯებით ზედმეტად. გახსოვდეთ: ვინც გულს ბოროტებით აღივსებს, ბოროტებითვე განიგმირება.

 

და ბოლოს... მოპაექრეები მეუბნებიან, საკუთარ თავზე რატომ ილაპარაკეო. ჯერ ერთი, სხვებზეც ვლაპარაკობ და არა მარტო საკუთარ თავზე. მეორეც- თქვე დალოცვილებო, 47 წლის ვხდები, ჩემს ცხოვრებაში რითი ვერ მოვიპოვე უფლება, რომ ზოგჯერ ჩემზეც რაღაცა ვთქვა?!" - წერს ინაშვილი.


 

big_banner
არქივი