logo_geo
თეა ფირცხალავა: ორი გენიოსის - გალაკტიონისა და კონსტანტინეს ერთად გადაღებული ფოტო...
- +

3 მაისი. 2017. 23:08


 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს:

 

„1893 წლის 3 მაისს სოფ. ძველ აბაშაში დიდი კონსტანტინე გამსახურდია დაბადებულა.

 

ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად დარჩა „ერთი დღე ქართული პროზის დიდოსტატთან". ასე ჰქვია სტატიას, რომელიც 1974 წლის 19 ივლისს დაიბეჭდა გაზეთ „ქუთაისში".

 

სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, ზვიადის დახმარებით, რომელიც ჩემი ოჯახის ახლობელი იყო, მე და ჩემი ნათესავი, იმ დროს ახალბედა ჟურნალისტი, დიდ კონსტანტინეს ვესტუმრეთ ინტერვიუს ასაღებად.

 

სანამ კოშკში შევიდოდით წალკოტად ქცეული ეზო დავათვალიერეთ და ულამაზესი მირანდას და უსათნოესი თამარის საფლავები მოვინახულეთ. ზვიადს ნებიერას ამბავი ვკითხეთ... არსენმა შველი გამოიყვანა, შეუძლოდ არისო... დავიხარე, რომ მოვფერებოდი, მაგრამ მიუცხოვა და არ მიმიკარა... ეს გაუცხოვება მაშინვე ნებიერას ავადმყოფობას გადავაბრალე. ზვიადს გაეღიმა და კოშკში შეგვიძღვა.

 

დიდოსტატი სამუშაო ოთახში გველოდებოდა. უკვე ძალიან სუსტად იყო. მანამდე, რომ გაუგია ორი გოგონა მივდიოდით, სასწრაფოდ მოუთხოვია, ჩოხა ჩამაცვითო... და არც კომპლიმენტების თქმა დავიწყნია.

 

ზვიადმა რამდენიმე უნიკალური ფოტო გვიჩვენა, მათ შორის ორი გენიოსის - გალაკტიონისა და კონსტანტინეს ერთად გადაღებული ფოტო. მერე გალაკტიონის ნათქვამიც გაგვახსენა: „... მე-20 საუკუნეს ჩვენ ორნი შევრჩებით... და ვეყოფით კიდეც"-ო.

 

მოკლედ, კოშკში რამდენიმე საათი დავყავით და ინტერვიუც საკმაოდ მოცულობითი გამოვიდა, რადგან მწერლმა თავად ისურვა ჩვენთან უამრავ თემაზე საუბარი (ამაზე სხვა დროს).

 

ეს ისტორიული ფოტო, თავისი ისტორიული ავტოგრაფით, სწორედ იმ დღეს მაჩუქა დიდოსტატმა. აი, ასე დამრჩა ეს სამარადისოდ საამაყო დღე და ფოტოსურათი.

 

წამოვედით და მრავალი „ვაზის ყვავილობა ვუსურვეთ" დიდოსტატს... მაგრამ... 82 წლის კონსტანტინე გამსახურდია 1975 წელს გარდაიცვალა და თავისი უსაყვარლესი მეუღლისა და შვილის გვედით ჰპოვა მშვიდი სავანე", - წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი