logo_geo
ირმა ინაშვილი: ნეტავ, უფრო მაღალი ხელფასი მქონდეს, უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებდი!
- +

5 მაისი. 2017. 21:40


„იმდენი კომენტარი წავიკითხე ჩემი ხელფასის შესახებ და იმდენმა მომწერეთ პირად მიმოწერაში, რომ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ვწერ ამ კომენტარს და დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა იმის გამო არ დამიწყებთ ფურთხებას, რომ თითქოსდა თავი შევიქე", - ამის შესახებ ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ჩემი ხელფასის თემა, ვატყობ, აქტუალურობას არ ჰკარგავს. მეგობრებო, საჯარო პირი ვარ და იძულებულს მხდით,- საჯაროდ განვაცხადო: ჩემი ხელფასის 90%-ი ქველმოქმედებაზე იხარჯება. მე არა ვარ მილიონერი დეპუტატი, მაგრამ რაც მაქვს, იმას ჩემზე გაჭირვებულებს ვუნაწილებ და ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მიყვარს, სწორად არ მიმაჩნია. თორემ გათენდება ერთი დღე და ათობით ოჯახი დაწერს, რომ მათ ირმა ინაშვილი ყოველთვიურად ეხმარება და გარწმუნებთ, ეს მე ძალიან, ძალიან არ მესიამოვნება. როცა კაცი სიკეთეს აკეთებს, ჩუმად უნდა იყოს. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის მიერ კონტროლირებად არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ დემაგოგიას აყოლილ ადამიანებს ღიად ვეუბნები: ნეტავ, უფრო მაღალი ხელფასი მქონდეს, უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებდი. ის მაინც ვიცი, რომ ეს კონკრეტული თანხა კონკრეტულ ოჯახებამდე მიდის და ვიღაცის ჯიბეში არ ხვდება. რასაც ბიუჯეტიდან ვიღებ, ათობით ადამიანს ფიზიკურ გადარჩენაში ეხმარება. და ბოლოს, მაქვს უფლება, რომ ხელფასის 10%-ი ჩემი ოჯახისა და ჩემი გადაადგილებისათვის დავიტოვო? დაინტერესებულ პირებს თუ დაამშვიდებს, იმასაც ვეტყვი, რომ ჩემს ოჯახში ყველა წევრი უმუშევარია და ერთადერთი, ვისაც ხელფასი აქვს, მე ვარ.

 

და სულ ბოლოს- იმდენი კომენტარი წავიკითხე ჩემი ხელფასის შესახებ და იმდენმა მომწერეთ პირად მიმოწერაში, რომ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ვწერ ამ კომენტარს და დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა იმის გამო არ დამიწყებთ ფურთხებას, რომ თითქოსდა თავი შევიქე. წარმატებებს გისურვებთ!" - წერს ინაშვილი. 


 

 

 

big_banner
არქივი