logo_geo
თეა ფირცხალავა: ილია ვეკუა - ქართველების საამაყო მამულიშვილი
- +

6 მაისი. 2017. 20:23



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს მინდა, რომ ქართველებისთვის სააამაყო კიდევ ერთი მამულიშვილი გავიხსენო, რომლის იუბილე, როგორც წესი, 23 აპრილს აღინიშნება (ახალი სტილით).

 

1907 წლის 6 მაისს (ძვ. სტილით) გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაბადებულა მსოფლიო მასშტაბის ქართველი მათემატიკოსი, სსრკ და საქართველოს მეცნიერებთა აკადემიების აკადემიკოსი ილია ვეკუა.

 

საგულისხმოა, რომ ბატონი ილია იყო არა მხოლოდ დიდი ტრადიციების მქონე თბილისის უნივერსიტეტის რექტორი, არამედ ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველი რექტორიც (1959-1965), რომელსაც იგი თავის პირმშოდ მიიჩნევდა. დღეს ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რიცხვში შედის.

 

აკადემიკოსი ილია ვეკუა იყო არა მხოლოდ უდიდესი მეცნიერი, არამედ კარგი ორგანიზატორი და პედაგოგიც. მისი რექტორობისას ყველამ იცოდა, რომ იგი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა უნივერსიტეტებში სასკოლო სწავლების მეთოდის გამოყენებას. თურმე, ხშირად ამბობდა, სკოლაში უნდა ასწავლონ, ხოლო უნივერსიტეტში კი სწავლაში დაეხმარონო. იგი სტუდენტების დამოუკიდებლობის მომხრე იყო და მათში თავის მომავალ პარტნიორს და თანამოაზრეს ხედავდა.

 

ბატონი ილიას თანამედროვეებს კარგად ახსოვთ ორი ბუმბერაზი მეცნიერის - ნიკოლოზ მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას მეგობრობა. ერთგან ბატონი ნიკოლოზი იხსენებს, თუ პირველად როგორ შეხვდა ასპირანტ ვეკუას ლენინგრადში (1930), სადაც მისივე რეკომენდაციით იყო გაგზავნილი. თურმე, ბატონი ნიკო სემინარზე იმ დროს შესულა, როდესაც ახალგაზრდა ილია მოხსენებას კითხულობდა. ბატონი ნიკო უმალ მიმხვდარა, რომ მის წინ უნიჭიერესი და მომავალი დიდი მათემატიკოსი იდგა. სწორედ იქედან დაწყებულა ამ ორი ლეგენდარული მეცნიერის ურთიერთობა, რომელიც, მოგვიანებით, ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, განუყრელ მეგობრობაში გადაზრდილა.

 

1972 წელს ბატონ ნიკოლოზ მუსხელიშვილი, საქ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პოსტზე, სწორედ მისმა ყოფილმა მოწაფემ და თანამოაზრემ აკადემიკოსმა ილია ვეკუმ შეცვალა.

 

მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე ბატონი ილია ვეკუა მეცნიერების ერთგული იყო და უანგაროდ ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ხალხს.

 

70 წლის აკადემიკოსი ვეკუა გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

დიდი მეცნიერის უნიკალური პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში", - წერს თეა ფირცხალავა.



 

big_banner
არქივი