logo_geo
დათო ოქიტაშვილი: გთხოვთ რეაგირებას!
- +

11 მაისი. 2017. 19:36



კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს, თბილისის მერს დავით ნარმანიასა და დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორს გიორგი კერესელიძეს მიმართავს.


„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს,  ბატონ დავით ნარმანიას

ასლი: დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორს, ბატონ გიორგი კერესელიძეს

 

ბატონებო,

ქართული ხელოვნების და კულტურის ამაგდარ მოღვაწეთა დამსახურებების დაფასება, ფართო საზოგადოების წინაშე გამოტანა ყოველთვის გახლდათ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი. სწორედ ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, 2000 წლის 12 მაისს ქალაქ თბილისის მთავრობის № 08.13.86 დადგენილებით დაიწყო თბილისში, დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართველ ხელოვანების ვარსკვლავთა ფილების გახსნა. პირველი ასეთი ვარსკვლავი ქართული ეროვნული ცეკვის დედოფლის, ქალბატონი ნინო რამიშვილისა გაიხსნა. ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება ეყრდნობოდა კულტურის საქალაქო სამსახურის წინადადებას და მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციას. იმ დროს მრჩეველთა საბჭოს წევრები გახლდნენ საქართველოს დამსახურებული პედაგოგები, მეცნიერები, არქიტექტორები, მწერლები, პოეტები, კომპოზიტორები, მოქანდაკეები, რეჟისორები, თბილისის საპატიო მოქალაქეები, სულ 40 ადამიანი. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ იმ პიროვნებების ვარსკვლავის ფილა უნდა გახსნილიყო, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის დიდი ნაწილი მიუძღვნეს საკუთარი პროფესიის განვითარებას, წარმოჩენას, გადასცეს მომავალ თაობებს საკუთარი გამოცდილება და ამავდროულად საქართველოს ფართო საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურეს.

2000 წლიდან საზოგადოების ფართო ნაწილის, დამსახურებული პიროვნებების, შემოქმედებითი კავშირების რეკომენდაციების საფუძველზე იხსნება თითოეული ამაგდარი პიროვნების ვარსკვლავი და იხსნება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიასთან ერთობლივი კოორდინაციით. 2000 წლოდან 2005 წლამდე, ამ ღონისძიებას ახორციელებდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური. 2005 წლიდან 2013 წლამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო 2013 წლიდან დღემდე - ა(ა)იპ „საქართველოს კულტურის პალატა", რომელიც ასევე წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას. სახელმწიფო ორგანიზაციების მონაწილეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ პროცესში, რამეთუ მთავარი აქ არის ის სულიერი ფასეულობები, რომლებიც შექმნეს თითოეულმა პიროვნებამ ერისა და ქვეყნის წინაშე, რამეთუ მხოლოდ სულიერი ფასეულობებია, რომლებზეც იზრდებიან მომავალი თაობები სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ბატონებო,

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 14 მაისს, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავური ფილის უნებართვოდ, პირატულად, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეუთანხმებლად აპირებს შპს-ს ფორმით დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანია. მოგეხსენებათ, შპს გახლავთ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და მისი მიზანი არ შეიძლება იყოს სულიერი ფასეულობები. შესაბამისად, საეჭვო ხდება ისიც, თუ ვისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა აქვთ ჩაფიქრებული. რამეთუ, თუ ჩაფიქრებულია ნამდვილად ღირსეული და დამსახურებული პიროვნების ვარსკვლავის გახსნა, მაშინ ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანიზაციების თანხმობა და მათთან კოორდინაცია პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

მიმაჩნია, რომ ზემოაღნიშნულის დაშვება არ შეიძლება, რამეთუ დღეს თუ ერთი მოგებაზე ორიენტირებული შპს გააკეთებს ამას, ხვალ მეორე შპს მოითხოვს და ა. შ. მოხდება პროექტის კომერციალიზაცია და ის იდეა, რაც ქალაქ თბილისის მერიასთან არსებულმა მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ჩადეს, რომ მთავარი იყო მომავალი თაობებისთვის ამაგდარ პიროვნებათა სულიერი ფასეულობების გადაცემა, სრულად გაქრება. ასევე ჩაიკარგება იმ პიროვნებების ვარსკვლავები, რომლებიც 2000 წლიდან გაიხსნა.

გთხოვთ თქვენს რეაგირებას", - წერს ოქიტაშვილი.



 

big_banner
არქივი