logo_geo
ოთარ აბესაძე გიორგი ვაშაძეს: ეს ფაქტები არ იცოდით ხომ?
- +

11 მაისი. 2017. 20:19

თბილისის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ოთარ აბესაძე „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის მისამართით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბატონო გიორგი,

 

ძალიან აქტიურად აშუქებთ და ეხებით დედაქალაქში არსებულ უფასო სასადილოებს. გულწრფელად მიხარია და მომწონს ის ფაქტი, რომ როგორც იქნა თქვენი შთამბეჭდავი პოლიტიკური წარსულის, ძალიან მაღალი თანამდებობების და უცხო ქვეყანაში ჩატარებული წარმოუდგენელი რეფორმების შემდეგ დაინტერესდით დედაქალაქის ბედით და განსაკუთრებით სასადილოებით.

 

მე მჯერა, რომ ეს არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება და აქამდე თქვენი ესეთი პასიურობა დედაქალაქთან მიმართებაში ბევრი საქმით და უცხო ქვეყნის შენებით იყო გამოწვეული.

 

ახლა რაშია საქმე გაგარკვევთ არსობრივად.

 

გიორგი, იცით თუ არა რომ:

 

1. დედაქალაქში არსებობს 63 სასადილო, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს აბსოლუტურად უფასოდ.

2. 2014 წლიდან დღემდე გარემონტდა, აღდგა, მოწესრიგდა და დღემდე მიმდინარეობს ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა სასადილოში.

3. 2015 წლიდან, უფასო სასადილოებში საგრძნობლად გაუმჯობესდა სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, რაზეც მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება.

4. მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, კერძოდ დაინერგა ელექტრონული აღრიცხვის სისტემა და ბენეფიციარები ინდივიდუალური ბარათების საშუალებით გადიან რეგისტრაციას.

5. იმის გათვალისწინებით, რომ მენიუ არასრულფასოვანი იყო, ჩვენი მიმართვის საფუძველზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს, კერძოდ ექსპერტ გიული დვალის მიერ შემუშავდა ახალი მენიუ, რომელშიც გათვალისწინებულა საკვები პროდუქტის როგორც ქიმიური შემადგენლობა ისე კალორაჟი. მენიუში გათვალისწინებულია როგორც დიაბეტით დაავადებულ პირთა, ასევე, 7 წლის ასაკის ზემოთ ბავშვთა მოთხოვნები.

6. აღსანიშნავია, რომ მენიუ შედგენილია სეზონური პრინციპის გათვალისწინებით.

7. სადილის მომზადებისას აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, თბილისის ახალმა ხელისუფლებამ, სამზარეულოებში დანერგა ვიდეოკონტროლის მექანიზმი და საკვებში საჭირო ინგრედიენტების დანაკლისის თავიდან ასაცილებლად, მიმდინარეობს სადილის მზადების პროცესის ვიდეოკონტროლი.

8. თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო, წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ ყველა უფასო სასადილოში ამოწმებს სანიტარულ ნორმებსა და საკვების ხარისხს.

9. უფასო სასადილოებში ვითარების საგრძნობი გაუმჯობესების თაობაზე საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშში.

 

გიორგი, იცოდით თუ არა, რომ:

 

1. სწორედ იმ თანხებს, რომლებიც ამ გაჭირვებული ადამიანების დასაპურებლად იყო საჭირო, თქვენი თანაპარტიელი და თანახელისუფალი გიგი უგულავა თქვენივე პარტიის აგიტატორების ხელფასებში იხდიდა.

2. სწორედ ამ სასადილოების რეაბილიტაციის და საშინელი ანტისანიტარიის აღმოსაფხვრელი თანხები სტრიპტიზ კლუბებში ირიცხებოდა თქვენი თანაპარტიელების და თანახელისუფალთა ძალისხმევით.

3. სწორედ ამ ადამიანების კალორიულ ულუფას მოაკლდა ის თანხა, რომელიც მერიაში გაფორმებულ თქვენს მხარდამჭერებს ერიცხებოდათ ხელფასის სახით. ზოგი ალპინისტად იყო გაფორმებული და ა.შ.

4. სწორედ ამ ადამიანების ჯანმრთელობას მოაკლდა ის თანხები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი თქვენი თანაპარტიელები შეიფარა მერიამ, გაუგონარი საბჭოები შეუქმნა და ათასობით ლარს უხდიდნენ ხელფასს.

 

გიორგი, ეს ფაქტები არ იცოდით ხომ? იქნებ ფოტოებს მაინც შეხედოთ რა სასადილოები დაგვიტოვეთ, გადახედოთ რაციონს, შემდეგ ნახოთ ახლანდელი რაციონი და შენობები.

 

მესმის, მაშინ არ გეცალათ თქვენც ამ იდეოლოგიის ავტორი იყავით და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, არ შეამჩნევდით.

 

და ბოლოს, დღეისათვის, თბილისის 63 უფასო სასადილოში ერთჯერადი ცხელი სადილით, რომლის კალორაჟი შეადგენს 1100 კკალორიას, 39 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს, ხოლო მომლოდინეა 7 000-მდე პირი. პოლიტიკური ქულების დასაწერად გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები ბინძური საკვების თაობაზე, სწორედ მათ აყენებს შეურაცხყოფას", - წერს ოთარ აბესაძე.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი